საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-233(კ-22) 27 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა. ხ. ა-ი-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა. ხ. ა-ი-მა 2021 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მუდმივი ცხოვრების
ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა. ხ. ა-ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილება, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 30 აგვისტოს, მ. ა. ხ. ა-ი-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
2019 წლის 5 ივლისის ქორწინების მოწმობის მიხედვით, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ მ. ა. ხ. ა-ი-მა იქორწინა საქართველოს მოქალაქე ა. შ-აზე (ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 5 ივლისი).
... წლის ... ...ის დაბადების მოწმობის თანახმად, ... წლის ... ...ს დაბადებული ს. ა-ი-ის მშობლები არიან: მამა - მ. ა. ხ. ა-ი-ი და დედა - ა. შ-ა.
2019 წლის 2 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ N1000683301/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 24 სექტემბრის NSSG 719 00175160 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N1000683301 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მ. ა. ხ. ა-ი-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/7407-19) მ. ა. ხ. ა-ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N1000683301 გადაწყვეტილება მ. ა. ხ. ა-ი-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის N3ბ/723-20 განჩინებით არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის N138(კ-21) გაჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2021 წლის 9 ივნისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ N01/109891 წერილით განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის N SSG 1 21 00077269 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მ. ა. ხ. ა-ი-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი, მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარ განსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებშია შესაძლებელი გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ დისკრეციას, პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას, დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის, ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის. ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ გულისხმობს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. თავის მხრივ, სასამართლო ვალდებულია, გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება - ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით. იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სააპელაციო პალატა გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სასამართლომ ჩათვალა, რომ მართალია, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ა. ხ. ა-ი-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2019 წლის 27 სექტემბრის №1000683301 გადაწყვეტილება მ. ა. ხ. ა-ი-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლომ ასევე საყურადღებოდ მიიჩნია, რომ მ. ა. ხ. ა-ი-მა იქორწინა საქართველოს მოქალაქე ა. შ-აზე (ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - 2019 წლის 5 ივლისი). მათ ჰყავთ 2020 წლის 24 სექტემბერს დაბადებული შვილი - ს. ა-ი-ი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას კი, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილება, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ამავდროულად, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ა. ხ. ა-ი-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის მოსაზრებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, მატერიალური სამართლის ნორმები არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა "უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონი, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რაც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. მიღებული 2021 წლის 15 ივნისის SSG 1 21 0077269 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სააგენტომ იხელმძღვანელა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის SSG 1 21 0077269 წერილი.
კასატორის განმარტებით, "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელწიფო უსაფრთხოებას. განცხადების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია, მოიპოვოს კონკრეტული პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დგინდება, კანონის რა მოთხოვნა დაარღვია სააგენტომ, რაც შესაძლოა გამხდარიყო 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილები ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევას, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე "წესის" მე-10 მუხლში მოცემულია მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა. აღნიშნული "წესის" მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, უპირობოდ არ გულისხმობს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამასთან, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება საქართველოში მის სახელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემას, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, მ. ა. ხ. ა-ი-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N1000683301 გადაწყვეტილებით მ. ა. ხ. ა-ი-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 24 სექტემბრის NSSG 719 00175160 წერილი, რომლითაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული N3/7407-19 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა. ხ. ა-ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის N1000683301 გადაწყვეტილება მ. ა. ხ. ა-ი-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილება გამოცემულია სწორედ ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. კერძოდ, დადგენილია, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 9 ივნისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია - არსებობდა თუ არა მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის N SSG 1 21 00077269 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ხ. ა-ი-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N1000683301 გადაწყვეტილებით, მ. ა. ხ. ა-ი-ს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მ. ა. ხ. ა-ი-ის მიმართ არსებობს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "ა", "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაა. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამასთანავე, კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება. უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უცხოელის მხრიდან ქვეყნისა და საზოგადოებისთვის შესაძლო საფრთხის არსებობისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების დასადგენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას. თავის მხრივ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის, აუცილებელია იმ ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის N SSG 1 21 00077269 დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა ანალოგიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება, მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, მ. ა. ხ. ა-ი-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთანავე, მ. ა. ხ. ა-ი-ს უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 450 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ა. ხ. ა-ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ. ა. ხ. ა-ი-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მ. ა. ხ. ა-ი-ს დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე