Facebook Twitter

საქმე №ბს-173(კ-22) 25 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 26 მარტს ა. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 9 მარტის №1000737629 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 9 მარტის №1000737629 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში - ა. შ-ისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების - შპს „...ის“ 2021 წლის 8 იანვრის ცნობის თანახმად ირანის მოქალაქე ა. შ- (პ.ნ. ...) არის ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და ...ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ...ის პრეზიდენტების 133/20 ბრძანების საფუძველზე (ს.ფ.41-42). აქვე მითითებულია, რომ ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღი კი 2023 წლის 20 თებერვალია. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელე კვლავ სტუდენტი იყო, რასაც უტყუარად ადასტურებდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2021 წლის 11 იანვარს გაცემულ ნასამართლობის ცნობის თანახმად ა. შ- ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი. ცნობა ძალაშია 6 თვის განმავლობაში, ე.ი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასწავლო ბინადრობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ცნობა ძალაში იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 9 მარტის დოკუმენტით დგინდება, რომ მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება (ს.ფ. 38-39).

პალატამ აღნიშნა, რომ ა. შ-ისთვის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის 11 თებერვლის SSG 7 1 00017342 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. აღნიშნული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების ეროვნულ სააგენტოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება იმგვარად უნდა გამოეყენებინა, რომ გაეცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა ა. შ-ის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს კანონი ,,უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ ზემოაღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესრულებულ იქნა მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულება და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან - არსებობდა თუ არა განმცხადებლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის მოკვლევაზე უფლებამოსილ, ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს სწორედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი წარმოადგენს, რომელიც, თანახმად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა, საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. თავის მხრივ, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს, ამდენად, სასამართლოს მითითება, რომ სააგენტომ მხოლოდ გაიზიარა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა და სხვაგვარად არ დაუსაბუთებია კანონის მე-18 მუხლით გაწერილი გარემოებები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც სახეზეა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა - კონკრეტული პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის თაობაზე, გამომდინარე იმ სამართლებრივი რეგულაციიდან, რაც დღეს მოქმედებს, სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილება რედუცირებს ნულისკენ, რამეთუ, განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. შ- (დაბადებული - 20.09.1986წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე; ბ) შპს „...ის“ 2021 წლის 8 იანვრის №04/20 წერილის თანახმად, ა. შ- არის ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მიმდინარე სტუდენტი და ...ში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ...ის პრეზიდენტების №133/20 ბრძანების საფუძველზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი, დასრულების სავარაუდო თარიღია 20.02.2023წ.; გ) ა. შ- არის ანგარიშის მფლობელი სს ,,...ს ბანკში“ და 2021 წლის 12 იანვრის მდგომარეობით ანგარიშზე ერიცხება ხელმისაწვდომი ნაშთი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 14 იანვრის ინფორმაციით ა. შ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება; ე) ა. შ-მა 2021 წლის 13 იანვარს №1000737629 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 14 იანვარს №1000737629/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა - ა. შ-ისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 11 თებერვლის SSG 7 1 00017342 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს - ა. შ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია; ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 9 მარტის №1000737629 გადაწყვეტილებით ა. შ-ს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ინტერესთა დაბალანსებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს მითითებული კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში რიგ შემთხვევებში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2021 წლის 11 თებერვლის SSG 7 1 00017342 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 28 მარტის №ბს-173(კ-22) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასწავლო ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2022წ. №02374 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე