Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კოლ 15 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს-ძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ძის საჩივრები, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც: ბ. ს-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს მოქმედი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით, სსკ-ის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით (1982 წლის რედაქციით) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 214-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბ. ს-ძეს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენის მიხედვით ბ. ს-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: იგი მუშაობდა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს აუდიტის განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, კარგად იყო გარკვეული ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადახდაზე ზედმეტად დარიცხული თანხების უკან დაბრუნების მექანიზმში, განიზრახა ქ. თბილისის ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გატაცება შპს ,,სოფიოს” ანგარიშზე გაყალბებული საბანკო - საბუღალტრო დოკუმენტებით, საბიუჯეტო თანხების უკანონო ჩამოწერის, გადარიცხვისა და გამოტანის გზით. ამისთვის იგი დაუკავშირდა მ. ლ-შვილის მეშვეობით გაცნობილ შპს ,,სოფიოს” დირექტორს ი. პ-შვილს და მოელაპარაკა, რომ ამ უკანასკნელის ფირმის ანგარიშზე, ს/ს ,,საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილებაში, ჩარიცხავდა ფულს, რომელიც ი. პ-შვილს უნდა გამოეყენებინა კომერციული საქმიანობისათვის, ხოლო მოგებიდან მისთვის წილი უნდა მიეცა. ხელშეკრულებას ფულის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაუფორმებდა.

ბ. ს-ძემ, თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ყალბად გააკეთა შპს,,სოფიოს” სახელზე დამატებითი ღირებულების გადასახადზე ზედმეტად დარიცხული თანხების უკან დაბრუნებაზე 1999 წლის 9, 15, 25 თებერვლით დათარიღებული საინკასო დავალებები, აგრეთვე, 1999 წლის 27 იანვრით და 18 თებერვლით დათარიღებული ¹ 47, 89 და 91 დასკვნები, აღჭურვა ისინი საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კომპეტენტური პირების ყალბი ხელმოწერებით, ბეჭდებით, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს გაყალბებული შტამპებით და აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, წინასწარი განზრახვით, გამოიყენა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჩამოსაწერად. ამ თანხების გატაცების მიზნით ეს დოკუმენტები წარადგინა ს/ს ,,საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალში. ბ. ს-ძის ზემოაღნიშნული ქმედებით ქ. თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილიდან უკანონოდ ჩამოიწერა და ს/ს ,,საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილებაში შპს ,,სოფიოს” ანგარიშზე სამ ეტაპად გადაირიცხა 30 674 ლარი, რის შესახებაც ბ. ს-ძემ შეატყობინა ი. პ-შვილს. ი. პ-შვილმა 1999 წლის 11, 17 და 26 თებერვალს ს/ს ,,საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილებიდან ხელზე გამოიტანა 30 472 ლარი, რომელიც თებერვლის ბოლოს, მ. ლ-შვილის თანდასწრებით, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე, მთლიანად გადასცა ბ. ს-ძეს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა მოსთხოვა თანხის უკან დაბრუნება გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს თანხა ბ. ს-ძემ გაიტაცა და მიითვისა.

წარმოდგენილი საჩივრით მსჯავრდებულ ბ. ს-ძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. რ-ძე მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას. საჩივარში ადვოკატი მიუთითებს შემდეგ დარღვევებზე:

საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულად და ტენდენციურად, მსჯავრდებული გასამართლებული იქნა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისათვის, თუმცა, არც გამოძიებას და არც სასამართლოს არ დაუდგენიათ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ხერხი; წინასწარმა გამოძიებამ არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, შეეძლო თუ არა ბ. ს-ძეს კომპიუტერული ტექნიკის, მათ შორის - სკანერის გამოყენება და ამ გზით დოკუმენტების გაყალბება;

სასამართლომ განაჩენი დააფუძნა საეჭვო მტკიცებულებებს, როგორიცაა საქმით დაინტერესებული და მსჯავრდებულის წინააღმდეგ განწყობილი მოწმეთა ჩვენებები.

სასამართლომ, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ, სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული კარგად გაცნობიერებული იყო ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადზე ზედმეტად დარიცხული თანხების უკან დაბრუნების მექანიზმში. მსჯავრდებული, ადვოკატის განმარტებით, სწორედ მისი ამ ცოდნის გამო ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებით გამოძიებაში.

წარმოდგენილი საჩივრით მსჯავრდებული ბ. ს-ძე ეთანხმება მისი ადვოკატის პოზიციას და მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას.

გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის ა. რ-ძის განმარტება, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივარს, პროკურორის დასკვნა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის ძალაში დატოვება მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამო, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია სრულად და ობიექტურად. განაჩენი დაეყრდნო სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლეულ და შეფასებულ მტკიცებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებიდან, მათ შორის მოწმეების, ი. პ-შვილის, მ. ლ-შვილის, გ. ს-შვილის მიერ როგორც წინასწარ გამოძიებაში ასევე სასამართლოში მიცემული ჩვენებებიდან დეტალურად დგინდება ბ. ს-ძის მიერ დანაშაულის ჩადენის - გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ეროვნული ბანკიდან ქონების დიდი ოდენობით თანხების გამოტანისა და მითვისების ფაქტი, ქმედების ჩადენის ხერხი, დრო, ადგილი და ასევე ის მოქმედებები, რომლებიც ბ. ს-ძემ განახორციელა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მითითებას იმის შესახებ, რომ განაჩენმა უკრიტიკოდ გაიზიარა მსჯავრდებულის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ მოწმეთა ცრუ ჩვენებები. საქმის მასალებით არ დგინდება აღნიშნული მოწმეების მხრიდან რაიმე პირადი ინტერესის არსებობა მსჯავრდებულისადმი. ხოლო რაც შეეხება მითითებას, ი. პ-შვილის საქმეში თანამონაწილეობისა და, აქედან გამომდინარე, მისი დაინტერესების შესახებ, საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან საქმის წინასწარი გამოძიებისას გამოტანილ იქნა დადგენილება ამ უკანასკნელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, რომელიც არ გასაჩივრებულა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმეებმა თავიანთი ჩვენებები დაადასტურეს მსჯავრდებულთან დაპირისპირებისას, სადაც ამ უკანასკნელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, გაებათილებინა მათი განცხადებანი.

მოწმეების - თ. ბ-შვილის, გ. ჩ-შვილის, ტ. ჯ-შვილის და სხვათა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტში გადახდილ დამატებითი ღირებულების გადასახადზე ზედმეტად დარიცხეული თანხების უკან დაბრუნების შესახებ სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტები ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში, ხოლო იქიდან - ს/ს ,,საქართველოს ბანკში” ხშირად მიჰქონდა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელს ბ. ს-ძეს. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის მითითება იმის შესახებ, რომ ბ. ს-ძის ,,კარგად გარკვეულობა” აღნიშნული თანხების დაბრუნების მექანიზმში არა მის საწინააღმდეგოდ, არამედ მის სასარგებლოდ მეტყველებს, არასწორია, ვინაიდან პალატა თვლის, რომ საინკასო დავალებებისა და დასკვნების გაყალბება მოითხოვდა აღნიშნული დოკუმენტების შედგენისა და მათი ერთი უწყებიდან მეორეში მოძრაობის ზედმიწევნით ცოდნას, რაც მსჯავრდებულს გააჩნდა მისი კონკრეტული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

საკასაციო პალატა არასწორად მიიჩნევს ადვოკატ ა. რ-ძის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან არ დადგინდა დაკუმენტების გაყალბების ხერხი, მსჯავრდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა უნდა ჩაითვალოს დაუდასტურებლად. საქმეში არსებულ მასალათა ერთობლიობით დგინდება, რომ ბ. ს-ძემ, რომელმაც კარგად იცოდა ეროვნული ბანკიდან, უკანონოდ, თანხების გამოსატანად აუცილებელი ყველა რეკვიზიტის შედგენის წესი, ეროვნული ბანკის ფილიალიდან ფულადი თანხები გამოიტანა და მიითვისა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების საშუალებით. სსკ-ის 213-ე მუხლის I ნაწილი ყალბი დოკუმენტის დამზადების ხერხს შემადგენლობის აუცილებელ ნიშნად არ ითვალისწინებს, რის გამოც პალატა თვლის, რომ მისი დაუდგენლობა ხელს არ უშლის აღნიშნული მუხლით პირის მსჯავრდებას.

საკასაციო პალატამ ასევე იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის შესახებ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების სრული გათვალისწინებით (მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, დადებითი დახასიათება, მისი ოჯახური პირობები და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა) მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმამდე.

აღნიშნულის გამო, მსჯავრდებულს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით მისჯილი სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი წლით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ ბ. ს-ძეს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით მისჯილი სასჯელი – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ს-ძეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.