გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6აპ 22 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულ ლ. ნ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის განაჩენი ო. ც-შვილის მიმართ.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენით ო. ც-შვილს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაოები 6 თვის ვადით, ადგილზე მოხდით, ხელფასიდან 20%-ის დაკავებით. ვინაიდან ო. ც-შვილს აღნიშნული სასჯელი მოხდილი ჰქონდა, განაჩენი არ იქნა მიქცეული აღსასრულებლად. სამოქალაქო სარჩელი, ო. ც-შვილისათვის დაზარალებულ ლ. ნ-იანის სასარგებლოდ მორალური ზიანის 1500 ლარის დაკისრების თაობაზე, დარჩა ღიად, სამოქალაქო მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.
დაზარალებული ლ. ნ-იანი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ლმობიერების მოტივით და სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებას.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საბრალდებო დასკვნით ო. ც-შვილს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რაც გამოიხატა შემდეგში: 1996 წლის 22 სექტემბერს, 1500 საათზე, ო. ც-შვილი მივიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ... ქ. თბილისში. შესასვლელთან მას შეხვდა თავისი ყოფილი მეუღლე ლ. ნ-იანი, რომელმაც ო. ც-შვილს, ბავშვის ტანსაცმლის ასაღებად, ბინაში შეშვება სთხოვა. აღნიშნულის გამო, მათ ერთმანეთში კონფლიქტი მოუვიდათ, რა დროსაც ო. ც-შვილმა ლ. ნ-იანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხმამაღლა აგინა უცენზურო სიტყვებით. ხმაურზე სადარბაზოში მეზობლები შეიკრიბნენ, რომელთა თანდასწრებითაც ო. ც-შვილი კვლავ განაგრძობდა ლ. ნ-იანის მისამართით ლანძღვა-გინებას. სადარბაზოში შეკრებილმა მეზობლებმა ო. ც-შვილს ბინაში შეაშვებინეს ლ. ნ-იანი ბავშვის ტანსაცმლის ასაღებად. ო. ც-შვილის აღნიშნული მოქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 25 წუთი, რის შემდეგაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ისინი წარადგინეს შს სამმართველოში.
აღნიშნული დანაშაულისათვის თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 26 ივნისის განაჩენით ო. ც-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით გამასწორებელი სამუშაოები ადგილზე მოხდით, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით. განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმს, ზედამხედველობის წესით, პროტესტით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ო. ც-შვილის მიმართ გლდანის რაიონის სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა განიხილა საზედამხედველო პროტესტი და 1997 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით გააუქმა გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 26 ივნისის განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს იმ მითითებით, რომ საქმის განხილვისას სასამართლოს უზრუნველეყო საბრალდებო დასკვნის სიაში მითითებულ პირთა დაკითხვა და სრულყოფილი სასამართლო გამოძიებით საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 4 ნოემბერს ხელმეორედ განიხილა ო. ც-შვილის ბრალდების საქმე და იგი თავისი დადგენილებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა გლდანის რაიონის პროკურატურას. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ც-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრის დადგენილება ო. ც-შვილის სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის განაჩენით ო. ც-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ 1996 წლის 22 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ. ნ-იანს, რის გამოც შეგროვდნენ მეზობლები, რომელთა თანდასწრებითაც მსჯავრდებულმა ო. ც-შვილმა კვლავ განაგრძრო დაზარალებულ ლ. ნ-იანის ლანძღვა და რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი.
სასამართლომ ო. ც-შვილის ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონის) 228-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადააკვალიფიცირა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე იმაზე მითითებით, რომ აღნიშნულ მუხლს აქვს უფრო მეტი ალტერნატიული სასჯელის სახე, ხოლო ის, რომ ამ მუხლის დისპოზიციაში ხულიგნობის მაკვალიფიცირებელია ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აღნიშნული საბრალდებო დასკვნაში მითითებულია ფიზიკური ძალადობის სახით, და, ამდენად, სასამართლო არ გასცდა ბრალდების ფარგლებს.
აღნიშნული განაჩენით ო. ც-შვილს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა გამასწორებელი სამუშაოები 6 თვის ვადით, ადგილზე მოხდით, ხელფასიდან 20%-ის დაკავებით. ვინაიდან ო. ც-შვილს აღნიშნული სასჯელი მოხდილი აქვს, განაჩენი არ იქნა მიქცეული აღსასრულებლად. რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, ო. ც-შვილისთვის დაზარალებულ ლ. ნ-იანის სასარგებლოდ მორალური ზიანის 1500 ლარის დაკისრების თაობაზე, დარჩა ღიად, სამოქალაქო მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
დაზარალებული ლ. ნ-იანი საკასაციო საჩივარში განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მის არაკანონიერებაზე. მიაჩნია, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში მეტად ლმობიერია, ხოლო სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვება სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობის გამო სიცრუეა. ამასთან, დაზარალებული საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, მას თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეტანილი ჰქონდა განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე,M რის შესახებ პასუხიც მისთვის უცნობი იყო.
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას, მსჯავრდებულს, დაზარალებულსა და მის ადვოკატს, რომელიც ეთანხმება დაზარალებულის მოთხოვნას, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, თვლის, რომ განაჩენი ო. ც-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განაჩენში სწორად არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ გარემოებებს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო კამათში გამოსულმა სახელმწიფო ბრალმდებელმა საბრალდებო სიტყვაში მხარი დაუჭირა ო. ც-შვილის მიმართ თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 26 ივნისის განაჩენს და, თავის მხრივ, მოითხოვა ო. ც-შვილის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს ძველი სსკ-ის 228-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან ამჟამად მოქმედი სსკ-ის შესაბამის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის ზომად 6 თვის ვადით გამასწორებელი სამუშაოების შეფარდება, კამათში გამოსულმა დაზარალებულ ლ. ნ-იანის ადვოკატმა გ. მათიაშვილმა სასამართლოს მოახსენა, რომ განაჩენზე პრეტენზია არა აქვთ, გლდანის რაიონის სასამართლომ 1997 წლის 26 ივნისს გამოიტანა განაჩენი და მიუსაჯა სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა განაჩენის საუარესოდ შებრუნების უფლება.
რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვებას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნულზე სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებდა, რადგანაც დაზარალებულ ლ. ნ-იანის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი სამოქალაქო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე ვერ იმსჯელა. ლ. ნ-იანს განემარტა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოსათვის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმართვის უფლება.
ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 6 დეკემბერს საქმე განიხილა დაზარალებულ ლ. ნ-იანის დაუსწრებლად, ვერ გახდება განაჩენის გაუქმების საფუძველი, რადგანაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ლ. ნ-იანისთვის ცნობილი იყო საქმის განხილვის თარიღი. საქმეში მოთავსებულია შეტყობინება მისთვის თბილისის საოლქო სასამართლოში გამოცხადების თაობაზე დეპეშის ჩაბარების შესახებ. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მისი მიზეზით სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. 2000 წლის 9 ოქტომბერს მან თვითნებურად მიატოვა სხდომის დარბაზი. 2000 წლის 30 ოქტომბერს საქმის განხილვა გადაიდო დაზარალებულ ლ. ნ-იანის შუამდგომლობით სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოტივით. 2000 წლის 16 ნოემბერს იგი გამოცხადდა თბილისის საოლქო სასამართლოში, მაგრამ სასამართლო სხდომაზე შესვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რაც შეეხება სასამართლო შემადგენლობის აცილების საკითხს, აღნიშნულზე დაზარალებულ ლ. ნ-იანის შუამდგომლობა სააპელაციო პალატამ განიხილა 2000 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულ ლ. ნ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ო. ც-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.