გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹9აპ 6 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ლ. გ-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქციით) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობითი მსჯავრით და მას გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
მსჯავრდებული ლ. გ-შვილი საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. გ-შვილს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში და რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ხანგრძლივი მოშლა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1999 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 24 საათზე, ლ. გ-შვილმა, იმყოფებოდა რა თბილისში, ... ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, იქვე მყოფი ა. ო-შვილი წააქცია სადარბაზოში, ბინის წინ მდებარე უჯრედში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მარცხენა ბარძაყის ყელის სუბკაპიტალური მოტეხილობა, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილება იქნა შეტანილი და ლ. გ-შვილს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებული დანაშაულებრივი ქმედებისავთის სასჯელის ზომად განსაზღვრული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეიცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით, შეუმცირდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთამდე _ პირობითი მსჯავრი იმავე ვადით.
მსჯავრდებული ლ. გ-შვილი საკასაციო საჩივარში განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ მას დაზარალებულისათვის ფიზიკური ტრავმა არ მიუყენებია და არც ხელით შეხებია, მისთვის უცნობია, თუ როგორ წაიქცა ა. ო-შვილი.
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას, მსჯავრდებულსა და დაზარალებულს, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, მიიჩნევს, რომ განაჩენი ლ. გ-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ლ. გ-შვილი, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა ყოფილი მეუღლის მამიდის, დაზარალებულ ა. ო-შვილის სახელზე რიცხულ ერთოთახიან ბინაში, გამწვავებულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელთან. 1999 წლის 31 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი, რომელიც წარმოიშვა მსჯავრდებულის მიერ ნივთების ბინაში შეტანისას ა. ო-შვილის წინააღმდეგობით და რასაც შედეგად მოჰყვა ა. ო-შვილის სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, გამოწვეული იყო ლ. გ-შვილის არამართლზომიერი მოქმედებით (თმებში ხელის ჩავლებით, მოქაჩვით და გულ-მკერდის არეში ხელის კვრით, წაქცევით და გრძნობის დაკარგვით) და არა მოულოდნელი შემთხვევით (ბავშვის ტირილზე ა. ო-შვილის რეაგირებისას წაქცევით).
მსჯავრდებულის მიერ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს განვითარებული ვერსია იმის შესახებ, რომ დაზარალებულისათვის მას არავითარი დაზიანება არ მიუყენებია და საერთოდ ა. ო-შვილის დაცემის მომენტი მას არ დაუნახავს, არც გამოძიების და არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს გაზიარებული არ ყოფილა, ვინაიდან მოწმეთა _ მ. ო-შვილის, ნ. და გ. ს-ძეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კამათის დროს ლ. გ-შვილი ფიზიკურად შეეხო ა. ო-შვილს, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მანქანით და მარცხენა ბარძაყის ყელის სუბკაპიტალური მოტეხილობის დიაგნოზით მკურნალობდა 16 სექტემბრამდე.
საჩივარში კასატორი ზოგადად მიუთითებს საქმის განხილვისას როგორც საგამოძიებო, ისე სამართლებრივი პროცედურების დარღვევებზე, თუმცა, აღნიშნულს ვერ აკონკრეტებს და თვით საქმის მასალებითაც ვერ დგინდება არსებითი დარღვევები.
სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა ლ. გ-შვილის დანაშაულებრივი ქმედება სსკ-ის 111-ე მუხლის I ნაწილით და, მსჯავრდებულის ქმედების ხასიათისა და პიროვნების გათვალისწინებით, შეუფარდა სასჯელი _ 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, შეუცვალა პირობითი მსჯავრით, გამოსაცდელი ვადით ერთი წლით.
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ლ. გ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.