Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-510(2კ-22) 13 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდართვევის საქმეზე მითებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემული შპს „...ის“ აჭარის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 16 ივლისის №003160 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ 2018 წლის 23 ივლისის №SGG2018-146 დადგენილებისა და „მოქალაქე ნ. თ-ესა და შპს „...ს“ შორის არსებული დავის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის №75-10 გადაწყვეტილების კანონიერება.

მოსარჩელე ნ. თ-ეის მიმართ 2018 წლის 16 ივლისის №003160 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას. ამავე კოდექსის 2281 მუხლის შესაბამისად, 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტებს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. ამდენად, შპს „...ის“ მიერ ნ. თ-ეს სამართალდარღვევისათვის სახდელი შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ №SGG2018-146 დადგენილებით. შესაბამისად, აღნიშნული აქტის კანონიერებაზე მსჯელობა, ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. თ-ეის მიმართ, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მრიცხველის საფასურად განხორციელდა თანხის დარიცხვა. გასათვალისწინებელია, რომ ნ. თ-ეის მიმართ დარიცხვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“. დარიცხვის აქტი არ არის გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ან მის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნულის კანონიერება მოწმდება სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მიმართ დარიცხვის მართლზომიერება, რამეთუ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული თანხა უკვე გადახდილია ნ. თ-ეის მიერ. მოცემულ საქმეში დავის საგანია მხოლოდ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის კანონიერება (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი - 16:33:15-16:33:46).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტების შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესახებ, იმთავითვე არ ქმნის გასაჩივრების საფუძველს, რამეთუ გასაჩივრების წესი დადგენილია ნორმატიულად და საფუძველსაა მოკლებული იმპერატიული დანაწესის ჩანაცვლება სასამართლოს განმარტებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (ს/კ: 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 5 აპრილს №448 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე