გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11აპ 13 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ კ. დ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც კ. დ-იანი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “დ” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, კ. დ-იანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას გაუსვლელობის ხელწერილით და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით კ. დ-იანს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან 1999 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20 საათზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ქონების დიდი რაოდენობით დაუფლების მიზნით, ბინაში შეღწევით, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქე გ. ფ-ძის ოჯახს და მის მეუღლეს – ა. ბ-ევას, სცემეს მათ და სიცოცხლისათვის საშიში მუქარის ქვეშ მათგან გაიტაცეს 2700 ლარი, 1055 ამერიკული დოლარი და 1440 ლარის ღირებულების ნივთები.
საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და აქედან გამომდინარე განაჩენიც უკანონოა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ. დ-იანმა ითხოვა მისი საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს პროკურორმა, დაზარალებულებმა და დაზარალებულთა ადვოკატმა მ. ნ--ძემ.
პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ რწმენამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ შეხედულებას, რომ გამოძიება ჩატარებულია უხეში დარღვევებით და მსჯავრდებულის ბრალდება ხელოვნურად შეთხზულია გამომძიებელთა მიერ. როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია ბრალდების მტკიცებულებანი, მათ მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინეს სამართლიანი განაჩენი.
გამოძიებამ შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმალურად შეამოწმა კ. დ-იანის ალიბი გ.ფ-ძის მიმართ სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მისი სომხეთში ყოფნის თაობაზე, რაც ფაქტიურად არ დადასტურდა.
დაზარალებულებმა – გ. ფ-ძემ და ა. ბ-ევამ გამოძიების და საქმის სასამართლო განხილვის დროს დარწმუნებით და მყარად აჩვენეს, რომ მათ მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის ერთი მონაწილე ნამდვილად კ. დ-იანი იყო. გ. ფ-ძე მსჯავრდებულს ადრევე იცნობდა და დანაშაულის ჩადენის მომენტშივე შეიცნო, რაც მეორე დილით განუცხადა პოლიციის მუშაკებს. ა. ბ-ევამ კი დანაშაულის ჩადენიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ბაზარში დაინახა რა კ. დ-იანი, მაშინვე შეიცნო ის და შეატყობინა პოლიციას. გ. ფ-ძის მიერ თავიდან დასახელებული და ა. ბ-ევას მიერ შეცნობილი პიროვნება აღმოჩნდა ერთი და იგივე პირი – ამჟამად მსჯავრდებული კ. დ-იანი.
დაზარალებულებმა – გ. ფ-ძემ და ა. ბ-ევამ საკასაციო პალატის სხდომაზედაც მსჯავრდებულის თანდასწრებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე კატეგორიულად მიუთითეს, რომ მათ წინააღმდეგ ყაჩაღობა ერთ სხვა დაუდგენელ პირთან ერთად კ. დ-იანმა ჩაიდინა.
საკასაციო საჩივარში სრულიად უსაფუძვლოდ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ თითქოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია შეცდომა და კ. დ-იანი მოხსენიებულია როგორც წინათ ნასამართლობის მქონე პიროვნება, რის გამოც მას არასწორად შეერაცხა სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტი. აღნიშნული პუნქტი მაკვალიფიცირებელია არა წინა ნასამართლობის, არამედ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის. იმის გათვალისწინებით, რომ გ. ფ-ძესა და ა. ბ-ევაზე მიყენებულია 6000 ლარზე მეტი ზიანი, ბრალდების ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი სავსებით სწორად აქვს წარდგენილი მსჯავრდებულს.
პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენით კ. დ-იანს სამართლიანად განესაზღვრა სასჯელის ზომა, იგი შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საშიშროებას და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენი კ. დ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო;
განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.