ბს-824(2კ-20) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. კ-ას და სს „...ს“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. კ-ამ 05.07.2017წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს ...ს რეგიონული ოფისის და სს „...ს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 20.06.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში სს „...ს“ შესაბამისი ცვლილების და ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს ოფისის დავალდებულება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.12.2018წ. გადაწყვეტილებით ე. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. კ-ას მიერ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა (მოსარჩელემ) დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 05.06.2017წ. №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 20.06.2017წ. №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ (653 კვ.მ.-ის ნაწილში) ბათილად ცნობა, ასევე ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ე. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს ოფისის დავალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილებით ე. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.12.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (განმცხადებელი სს „...“, განცხადების ნომერი: ..., 07.08.2015წ.) 01.11.2016წ. №... განცხადებაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტთან ზედდების ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ს რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სს „...ს“ 07.08.2015წ. №... განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 05.06.2017წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.2017წ. №... გადაწყვეტილება, ე. კ-ას სარჩელი ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე. კ-ა ითხოვდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მტკიცებით, სს „...“ მათი ოჯახისგან თანხმობას ითხოვდა მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად, მოიჭრა რამდენიმე ძირი მრავალწლიანი ნარგავი იმ იმედით, რომ კომპანია შეისყიდდა მოსარჩელისაგან ტერიტორიის ნაწილს მიწისქვეშა კომუნიკაციების (ელექტრო გადამცემი ხაზების) მოსაწყობად. ფოთში ტექინვენტარიზაციის ბიურო ხანძრის შედეგად განადგურებულია, შესაბამისად, პირს არ გააჩნია თავის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ტექინვენტარიზაციის სრულყოფილი მასალა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 18.03.2016წ. №AA ... ფოთის საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 19...-1980წ.წ. წიგნში ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია უ. კ-ას სახელზე, რომლის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი შეადგენს 1 700 კვ.მ.-ს (ს.ფ. 15-16, ტ.1), ამასთან, ...ის უბანში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.04.2017წ. №3 ბრძანებითა და დათვალიერების №1 ოქმით დადგინდა მოქალაქე ე. კ-ას (მოსარჩელის დედის) მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება №...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 1.1 მუხლით, 1.2 მუხლით, 3.1 მუხლის „დ“, „თ“, „ი“, „ნ“ ქვეპუნქტებით, 4.1, 5.1 და 7.1 მუხლებით გათვალისწინებული დანაწესები რამდენად წარმოშობდა მოსარჩელის უფლებას მიემართა სარეგისტრაციო სამსახურისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სს „...მ“ სს „...ისგან“ შეიძინა ქ. ფოთში მდებარე რამდენიმე ერთეული უძრავი ქონება, რომელთა მახასიათებლები მითითებულია ხელშეკრულების დანართ საჯარო რეესტრის ამონაწერებში, მათ შორის იყო ქ. ფოთში ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი. 07.08.2015წ. სს „...ს“ წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს (...ის №...) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტებული (ელექტრონული) მონაცემებით რეგისტრაცია), რაც საჯარო რეესტრის 25.08.2015წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. განმცხადებელი ითხოვდა 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უფლების დაზუსტებას. ამდენად, დგინდება, რომ სს „...ს“ მიერ შეძენილია ქ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 4 049 კვ.მ. (დაუზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მდებარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული არ არის, ხოლო საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შედეგად მომზადებულ 25.08.2015წ. ამონაწერში სს „...ს“ უფლების ობიექტად მითითებულია ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 049 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №1 შენობა-ნაგებობასთან ერთად, უფლების დამდგენ დოკუმენტად კვლავ მიეთითა 29.06.2007წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შენობა-ნაგებობას არ მოიცავდა და არც ...ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს ეხებოდა, ამ ხელშეკრულების საგანს ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის, ეროვნული ბიუროს 17.09.2018წ. №006462618 დასკვნის მიხედვით, 17.09.2018წ. მდგომარეობით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სს „...ს“ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული შენობის მდებარეობას. საქმის მასალებით არ დგინდება, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა თუ არა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი სს „...ის“ ან სს „...ს“ უფლების დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის დროს. რეგისტრაციის ხელმისაწვდომობის შესახებ 21.10.2019წ. №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ უძრავი ნივთის ... საკადასტრო კოდით აზომვითი ნახაზი დაცული არ არის. ამრიგად, საჯარო რესტრის სამსახურს სს „...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებამდე უნდა დაედგინა სს „...ს“ საკუთრების ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა, რათა საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას არ შელახულიყო სხვა პირთა კანონიერი უფლებები. ქ. ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ორ სხვადასხვა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში - სამრეწველო და საცხოვრებელ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სს „...ს“ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს სამრეწველო ზონაში, მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ქონება, რომელიც ზედდებაში მოვიდა სს „...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი, ასევე, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს მიწის ნაკვეთის კორექტირება და თავისუფალი სივრცის გამოძებნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქვს უფლება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ას სარეგისტრაციო განცხადების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაცული არ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და სზაკ-ის მოთხოვნები. ე. კ-ას განცხადების ფარგლებში მოპასუხე მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დამატებით შეესწავლა სს „...ს“ სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტის იდენტურობა დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტთან, დაედგინა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნების დაცულობა და ასეთი რეგისტრაციით სხვა პირის (რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირის ე. კ-ას) კანონიერი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. კ-ას და სს „...ს“ მიერ.
კასატორმა - ე. კ-ამ აღნიშნა, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წერილის თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... (მესაკუთრე სს „...“) მდებარეობს ორ სხვადასხვა კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში - სამრეწველო და საცხოვრებელ ზონებში. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სს „...ს“ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს სამრეწველო ზონაში და მოსარჩელის უძრავი ნივთი განთავსებულია საცხოვრებელ ზონაში, შესაბამისად, ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სს „...ს“ საკუთრების არსებობის შემთხვევაში, სადავო ფართზეც სამრეწველო ზონა გავრცელდებოდა. ე. კ-ას საკუთრების უფლება დაადასტურა ფოთის მუნიციპალიტეტმაც. მოსარჩელემ წარადგინა მიწის რენტის გადასახადი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არის 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადასახადის გადამხდელი, ასევე წარმოდგენილია აღმასკომის გადაწყვეტილება და ნახაზი, სადაც ე. კ-ას ნაკვეთის მეზობლად სს „...“ არ არის მითითებული. სს „...ს“ საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული იყო ქ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში. 25.08.2015წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მოპასუხის საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია ...ს ქუჩაზე. ...ს ქუჩა და ...ის ქუჩა სხვადასხვა ტერიტორიებია და სს „...ს“ დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულმა საკუთრებამ უკანონოდ მოიცვა 653 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში შედიოდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კასატორმა - სს „...მ“ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. იგივე დათქმას შეიცავდა 1...8 წელს მიღებული „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია 20.09.2007წ.). მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არასოდეს იქნებოდა ენერგეტიკული დანიშნულების და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მიწის ნაკვეთი. სს „...“-ს კუთვნილი ქვესადგური ნამდვილად მდებარეობს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, ...ს ქუჩაზე და ხსენებულ ტერიტორიაზე განთავსდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში. კომპანიის ქონება თავიდანვე იყო გამოყოფილი ღობით (ჯერ მავთულბადის, შემდგომ კაპიტალური). სადავო ტერიტორია ხსენებული პერიოდიდან წარმოადგენს ქვესადგურის განუყოფელ ნაწილს და ასეთი სახით იქნა იგი შეძენილი სს „...“-ს მიერ სს „...ისაგან“ 29.06.2007წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით. სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ქვესადგური და მაღალი ძაბვის ხაზი. სს „...“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ მესაკუთრეს, რომელსაც გადახდილი აქვს ამ უძრავი ქონების საფასური, მიღებული აქვს ქონება საკუთრებაში და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია წინ უსწრებს ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების წარდგენას. სს „...ს“ საკუთრების უფლებას უპირისპირდება მხოლოდ მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტი 600 კვ.მ ფართობზე. დაუსაბუთებელია პრეტენზია 1850 კვ.მ ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე რეგისტრაციის თაობაზე, ასევე დაუდგენელია 1980 წელს ე. კ-ას მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები და ფართობი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება არ დასტურდება. მით უფრო, რომ გასაჩივრებული არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი - 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულება. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.04.2015წ. განჩინებასა (საქმე №ბს-585-572(4კ-14)) და 28.02.2013წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12)) და აღნიშნა, რომ მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. სადავო სამართალურთიერთობის ასეთი გადაწყვეტით, სს „...ს“ სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება. კასატორმა აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №1 ოქმსა და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.04.2017წ. №3 ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული, ე. კ-ას (მოსარჩელის დედის) მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი რომელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურია მოსარჩელის დაკვეთით მომზადებული საკადასტრო/აგეგმვითი ნახაზი. ამრიგად, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ უფლების დამდგენი დოკუმენტით ან დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა გულისხმობს უშუალოდ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის იდენტურობის (მისამართის და ა.შ) დადგენას და არა მიწის ფართობის ან საკადასტრო მონაცემების სიზუსტეს. აღნიშნული დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა ყოველგვარი შეფასებისა და შესწავლის გარეშე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ექსპერტიზის დასკვნის რა ნაწილი გაიზიარა სასამართლომ. ე. კ-ას კუთვნილი (№... გეგმაზე ასახული) და მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სიგრძე ...ს ქუჩის მხარეს არის 17.20მ., მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე კი დატანილია 23.28მ., რამაც გამოიწვია ზედდება სს „...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის სიგრძე თვითნებურად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაზარდა. ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ უშუალოდ სს „...ს“ აქვს რეგისტრირებული ე. კ-ას თითქოსდა ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. ზედდების ამსახველ ნახაზზე ჩანს მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი საყრდენები და დანადგარები. ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის დაწვით არაკეთილსინდისიერად სარგებლობს არა სს „...“, არამედ მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტების გაზიარება არამართებულია, ამასთან, ეს ახსნა-განმარტება წინააღმდეგობაშია ექსპერტიზის დასკვნასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ას და სს „...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.02.1963წ. გადაწყვეტილებით სკოლის ქ. №...-ში მცხოვრებ უ. კ-ას ნება დაერთო დაეშალა თავისი საცხოვრებლად უვარგისი სახლი და თანდართული გეგმის მიხედვით 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მის ნაცვლად გაეშენებინა ახალი საცხოვრებელი სახლი. 18.03.2016წ. საარქივო ცნობის მიხედვით, ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1978-1980 წლების წიგნში ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხულია უ. კ-ას სახელზე და მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 1700 კვ.მ.-ს. 31.10.2016წ. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ე. ...ი არის უ. კ-ას პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო სრულად. 01.11.2016წ. განცხადებით ე. ...მა (მოსარჩელის დედა) მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1850 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 03.11.2016წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენია კორექტრირებული აზომვითი ნახაზი სს „...ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის დროისათვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის და მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ცნებები განიმარტებოდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელე ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1850 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ დოკუმენტებზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 600კვ.მ. და 1700 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ შეფასებას საჭიროებდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელე მხარის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. მოსარჩელის მითითება ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 13.02.1963წ. გადაწყვეტილებაზე თანდართულ გეგმაზე, სადაც უ. კ-ას მიწის ნაკვეთის სამხერთით მოსაზღვრედ მითითებულია ნ. მ-ის მიწის ნაკვეთი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა, ვინაიდან აღნიშნული გეგმა გაცემულია 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოსარჩელის ინტერესს 1850 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია შეადგენს, ამასთანავე, გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის მოსარჩელის მითითება ...ის უბანში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 26.04.2017წ. №3 ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანებით დადგინდა ე. კ-ას მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის სარეგისტრაციო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 1850 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
დაუსაბუთებელია კასატორის სს „...ს“ მითითება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ პუნქტზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა საკუთრების უფლების აღიარებას გამორიცხავს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო მოსარჩელე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ამ საფუძვლით არ ითხოვს, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს უფლებადამდგენ დოკუმენტს, ასევე დაუსაბუთებელია „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონზე მითითება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონი ძალადაკარგული იქნა 11.07.2007წ. №5274 კანონით, მოსარჩელემ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა არა ამ კანონის, არამედ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის საფუძველზე.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, 29.06.2007წ. ფოთში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 4049 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა სს „...ს“ საკუთრების უფლება. სადავო მარეგისტრირებელი ორგანოს 25.08.2015წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, სს „...ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე მდებარე 4049 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით, ასევე მასზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობაზე. დაუსაბუთებელია სს „...ს“ მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული არ არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აღირიცხა კომპანიის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 29.06.2007წ. სს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება, არამედ უკვე შეძენილ უძრავ ნივთზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია სს „...ს“ განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი 08.04.2015წ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. მარეგისტრირებელ ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომ არ დაუდგენია სს „...ს“ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლების ობიექტისა და სს „...ს“ მიერ წარდგენილ კოორდინატთა სისტემაში შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, არ შეუფასებია სს „...ს“ უფლების დამდგენი დოკუმენტით (ნასყიდობის ხელშეკულებით) მიღებული და იმ უძრავი ნივთის იდენტურობა, რომელზეც 07.08.2015წ. განცხადებით მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.09.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სს „...ს“ შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შენობის მდგომარეობას, ამასთან, სს „...მ“ საკუთრების უფლება შეიძინა ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავ ნივთზე, ხოლო მისი საკუთრების უფლება დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ...ს ქუჩაზე. ამდენად, საჯარო რესტრის სამსახურს სს „...ს“ სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებამდე უნდა დაედგინა სს „...ს“ საკუთრების ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა, ასევე გარკვევას საჭიროებდა ქ. ფოთში, ...სა და ...ის ქუჩების იგივეობის დადგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 6.2 მუხლის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სს „...ს“ სარეგისტრაციო განცხადების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაცული არ იქნა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. კ-ას და სს „...ს“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ას და სს „...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2019წ. გადაწყვეტილება;
3. ლ. ა-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.07.2020წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.07.2020წ. №79024001 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი