ბს-485(უს-22) 18 მაისი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ 29.11.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს „...ის“ და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. გ. გ-ემ მოითხოვა: ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე N23ა (ფართი: 60,05 კვ.მ.) და N24ა (ფართი:43,7 კვ.მ.) სხვენების მესაკუთრედ ცნობა, ასევე N23ა და N24ა სხვენების ყადაღისაგან და სხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვებისაგან (საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისგან) გათავისუფლება. 22.07.2021წ. გ. გ-ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა: საგადასახდო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2012წ. შეტყობინების ნაწილობრივ ბათილად ცნობა გ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე N23ა და N24ა ბინების ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.03.2017წ. N081-335 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე N23ა და N24ა ბინებს. გ. გ-ემ მოითხოვა აგრეთვე აღნიშნული ქონების - N23ა და N24ა სხვენების ყადაღისა და სხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისგან (საგადასახადო გირვნობა-იპოთეკისაგან) გათავისუფლება.
დაზუსტებული სარჩელის თანახმად, 20.07.2009წ. შპს „...ს“ და გ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გ. გ-ეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ქ. ბათუმში, ...ის ქ.53-ში შპს „...ის“ მიერ მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მე-7 სართულზე N23 და N24 საცხოვრებელი ბინები. გ. გ-ის მიერ სრულად იქნა დაფარული შეძენილი ქონების ღირებულება. 01.03.2012წ. მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს. აღნიშნული ხელშეკრულებები წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში და გ. გ-ე აღირიცხა მესაკუთრედ N23 და N24 ბინებზე. 21.06.2012 წ. შედგა შპს „...ის“ პარტნიორთა კრება, რომლის ოქმის თანახმად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ.53-ში კომპანიის კუთვნილ საცხოვრებლ სახლში არსებული სხვენები (სივრცე სახურავსა და სახურავს ქვეშ არსებულ ფილას შორის) გადაცემულიყო კერძო საკუთრებაში, N23ა და N24ა სხვენი საკუთრებაში გადაეცა გ. გ-ეს. აღნიშნული ოქმი წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში, თუმცა რეგისტრაცია ვერ განხორციელდა იმ მოტივით, რომ სხვენი არ იყო დარეგისტრირებული არავის სახელზე, რეესტრმა მოითხოვა სხვენების ჯერ შპს „...ის“ სახელზე რეგისტრაცია. მხარეებს შორის 22.11.2012წ. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შევიდა ცვლილებები თავდაპირველ ხელშეკრულებაში და დაზუსტდა, რომ ნასყიდობის საგანი მოიცავდა იმავე მისამართზე არსებულ N23ა და N24ა სხვენის ფართებს. შეთანხმება წარდგენილი იქნა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში, თუმცა საჯარო რეესტრის სამსახურმა რამდენჯერმე შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება სხვადასხვა ხარვეზების გამო. ერთ-ერთი ხარვეზი იყო ის, რომ სხვენის ფართი არ იყო დარეგისტრირებული არავის სახელზე. საჯარო რეესტრის მოთხოვნით სხვენის ფართი დარეგისტრირდა შპს-ს საკუთრებად. როგორც აღმოჩნდა 18.07.2012წ. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება შპს „...ის“ ქონების მიმართ საგადასახდო გირავნობა-იპოთეკის გამოყენების შესახებ, რომელიც ავტომატურად გავრცელდა მოსარჩელის მიერ შეძენილ ქონებაზე. შემოსავლების სამსახურის 31.03.2017წ. №081-335 ბრძანებით სხვენის ფართს დაედო ყადაღა და მოხდა ქონების აღწერა, მასალები გადაიგზავნა შეფასებისათვის აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს-ს დირექტორად დარეგისტრირდა 2016 წელს სხვენთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2021წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.07.2012წ. შეტყობინება საგადასახდო გირავნობა-იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე უძრავ ქონებაზე - N23ა და N24ა ბინებზე, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.03.2017წ. N081-335 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე უძრავ ქონებას - N23ა და N24ა ბინას, დადგინდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე უძრავ ქონების - N23ა და N24ა სხვენების ყადაღისაგან და სხვა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისგან (საგადასახდო გირავნობა-იპოთეკისაგან) გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
04.02.2022წ. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა გ. გ-ემ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე NA17107755 სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და მიეთითა ქონების საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლების შესახებ, თუმცა ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით სააღსრულებო წარმოება. 02.02.2022წ. ჩაჰბარდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინება, რომლის თანახმად შპს „...ის“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულების პროცედურები და სააუქციონოდ მზადდება სწორედ ის ქონება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღისა და საგადასახადო იპოთეკისგან უნდა გათავისუფლდეს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე და მოხდება მისი რეალიზაცია, განსახილველი დავა დაკარგავს ყოველგვარ აზრს, სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება გახდება შეუძლებელი. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ უნდა იყოს ფორმალური, უნდა არსებობდეს აღსრულების ეფექტური მექანიზმი. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით საკუთრება ვრცელდება არა მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც რეგისტრირებულია, არამედ იმ უფლებაზეც, რომელიც მხარეს მოპოვებული აქვს გარიგებით ან სხვაგვარად. განსახილველ შემთხვევაში გ. გ-ეს შეძენილი აქვს სხვენის ფართი, შესაბამისად, მისი უფლება ფართზე უნდა იქნეს დაცული. განმცხადებელმა ყურადღება გაამახვილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დანიშნულებაზე და აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება აუცილებელია საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებით გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.12.2021წ. N3/1371-17-21 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა NA17107755 სააღსრულებო წარმოება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან დავის სხვაგვარად გადაწყვეტამდე. პალატამ მიუთითა სსკ-ის 191-ე, 198-ე, 271-ე მუხლებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს გ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2012 წელს შპს „...ს“ და გ. გოგობერიძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნივთის მესაკუთრედ გ. გ-ე 23.05.2012წ. დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამასთანავე, 21.06.2012 წ. შპს „...ის“ პარტნიორის კრების ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმში, ...ის ქ.N53-ში, ბინა N23ა და ბინა N24ა (სხვენი) გადაცემული იყო გ. გ-ისათვის, ამდენად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის დროს გ. გ-ეს სადავო ქონებაზე ნასყიდობის თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი. აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მას მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ის სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, რომლის გამოყოფაც/გამიჯვნა შპს „...ის“ ქონებიდან შესაძლებელი იყო. პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება წარმოშობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.12.2021წ. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საფუძვლებს. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმაზე, რომ განცხადებაზე თანდართულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 02.02.2022წ. NA7107755-009/002 მიმართვა, რომლის თანახმად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.08.2017 წ. N3/458-2017 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შპს-ს მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. გ-ის მიერ სადავო ქონების ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდა, გ. გ-ის მიერ გადახდილია N23 და N24 ბინების და არა N23ა და N24ა ბინების საფასური. მხარეთა შორის 22.11.2012წ. გაფორმებულ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. 53-ში მდებარე N23 და N24 ბინების საფასურის სანაცვლოდ ხდებოდა აგრეთვე N23ა და N24ა ბინების საკუთრებაში გადაცემაც. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ამ შეთანხმების შინაარსით უტყუარად დგინდება, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა მიზნად ისახავდა სადავო ქონების განრიდებას შპს-ს აქტივიდან ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფისთვის თავის არიდების მიზნით. 21.06.2012წ. შედგა მხოლოდ შპს „...ის“ პარტნიორთა კრების ოქმი ქონების გ. გ-ისთვის გადაცემის შესახებ, 18.07.2012წ. წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ კი დაიდო მხოლოდ ამის შემდეგ - 22.11.2012წ., ამდენად, ქონების გადაცემა მოხდა შპს „...ის“ ქონებაზე იპოთეკის წარმოშობის შემდეგ და არა მანამდე. 31.03.2017წ. შპს „...ის“ მიმართ გაცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N081-335 ბრძანება, 24.04.2017წ. შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის მიხედვით ყადაღა დაედო გადამხდელის საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე 227 კვ.მ. ფართის სხვენს. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს გ. გ-ე, როგორც შპს-ს დირექტორი, რაც ადასტურებს, რომ ინფორმირების მიუხედავად, გ. გ-ემ ვადაში არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში. საჩივრის ავტორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს ბრძანება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამო ბრძანების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა დაუსაბუთებელია. უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება მხოლოდ საჯარო რეესტრიდან, როგორც ყადაღის, ასევე იპოთეკის წარმოშობისას უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო შპს-ს საკუთრებაში. გ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებით ილახება სსიპ შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის უფლებები, რომელსაც აქვს კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ. საჩივრის ავტორი თვლის, რომ დაყადაღებული უძრავი ქონების რეალიზაციის შეჩერება მიზანშეუწონელია, ვინაიდან ის დაკავშირებულია გადასახადების გადახდასთან და აღსრულების გადადება მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2022წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, უკეთუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად (სსკ-ის 271-ე მუხ.), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული თავი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხებს არეგულირებს, ამდენად, აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება სარჩელის უზრუნველყოფისთვის დადგენილი წესით. სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს უძრავი ნივთების საგადასახადო იპოთეკისა და ყადაღის ფარგლებიდან გამორიცხვა იმ დასაბუთებით, რომ ეს უძრავი ნივთები - N23ა და N24ა სხვენები საგადასახადო დავალიანების მქონე შპს-ს საკუთრებას არ შეადგენს და მათი განკარგვა განხორციელდა შპს-ს ქონების მიმართ საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე. ამდენად, გ. გ-ის ინტერესს შეადგენს N23ა და N24ა სხვენებზე საკუთრების შენარჩუნება. სააპელაციო პალატაში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მასალით, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 26.01.2022წ. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით დგინდება, რომ მოვალე შპს „...ის“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით რეალიზებულ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონება. განცხადებაზე თანდართულია აგრეთვე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 02.02.2022წ. მიმართვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი, რომლითაც მოთხოვნილია ინფორმაცია შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. N53-ში მდებარე 227 კვ.მ. სხვენზე (ს.კ. ...). მოსარჩელე უთითებს, რომ ქონება, რომელსაც თავის საკუთრებად მიიჩნევს, ექცევა სწორედ აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 227 კვ.მ. სხვენის ფარგლებში, რის გამო მიმდინარე იძულებითი აღსრულების გაგრძელება აზრს დაუკარგავს განსახილველ დავას და ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მოსასრჩელის ინტერესის დაკმაყოფილებას. სადავო ქონების სხვა ადგილმდებარეობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურს არ მიუთითებია. საჩივრის შინაარსიდან იკვეთება, რომ იგი სადავოდ არ ხდის N23ა და N24ა ბინების შპს „...ის“ საკუთრებაში რიცხული 227 კვ.მ. სხვენის ფარგლებში მოქცევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ქონებაზე უფლება გ. გ-ეს საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე არ წარმოშობია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას არ ხდება დავის არსებითად გადაწყვეტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, რადგან მოვალე შპს-ს ქონებაზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების გაგრძელების, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, უკეთუ განსახილველი სარჩელი დაკმაყოფილდება, გართულდება ან სრულად გამოირიცხება მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. იძულებით აუქციონზე უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საჭიროების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაბუთებლად განხორციელდა, დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, ასევე არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნის უფლების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდული არ არის საქმის განხილვის ეტაპით, მეტიც, გადაუდებელ შემთხვევაში, შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას კანონი ითვალისწინებს სარჩელის აღძვრამდეც (სსკ-ის 192.2 მუხლი), უზრუნველყოფის ზომის მიღების საკითხი მოცემულ შემთხვევაში დაისვა სააპელაციო ინსტანციაში. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველყოფას. რისკი არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის ნიშნებს, იგი ჯერ არ არის რეალიზებული, თუმცა შესაძლოა მომავალში განხროციელდეს. განსახილველ შემთხვევაში რისკი რეალურია, რადგან დასტურდება შპს „...ის“ მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ფაქტობრივად არ შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უსწორობის დასაბუთებას. საჩივარში მითითებული გარემოებები შესაძლოა რელევანტური იყოს დავის არსებითად გადაწყვეტისას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მსჯელობს არა არსებითი დავის გარემოებებზე, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებაზე. მართალია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სარჩელის საფუძვლიანობის ვარაუდს, თუმცა აღნიშნული ვარაუდი მხოლოდ დაშვებაა, სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე (სსკ-ის 191.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის სარჩელის საფუძვლიანობის საკმარის ვარაუდს ქმნის. განსახილველი საკითხის ფარგლების გათვალისწინებით ამ ეტაპზე არ მოწმდება სარჩელის რეალური საფუძვლიანობა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ სასამართლოს ვარაუდი არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების ვალდებულებას. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის საფასური სრულად არ არის გადახდილი, ქონების გადაცემა მიზნად ისახავდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებისგან ქონების განრიდებას, სარჩელი ხანდაზმულია და სხვ., წარმოადგენს არსებითი დავის შესაგებელს და არ ასაბუთებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არამართლზომიერებას.
საჩივრის ავტორის მითითება, რომ შპს „...ის“ მიმართ აღსრულება დაიწყო ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი ბრძანების საფუძველზე, აგრეთვე არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი, რომელიც აღსრულების შეჩერების წინაპირობებს ჩამოთვლის, არ ადგენს რაიმე გამონაკლისს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მიმდინარე აღსრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იძულებითი აღსრულების დაწყებას ხშირ შემთხვევაში საფუძვლად უდევს სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი აქტი (გადაწყვეტილება, დადგენილება, ბრძანება), შესაბამისად, უკეთუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მოწესრიგების სფეროდან გამოვრიცხავთ იმ სააღსრულებო წარმოებებს, რომელთა საფუძველი სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებაა (ფართო გაგებით), არსებითად შემცირდება ნორმით დადგენილი მოწესრიგების ფარგლები სათანადო გამართლების გარეშე. არ იკვეთება მსგავსი არსებითი შეზღუდვებით ნორმის განმარტების დასაბუთება. სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ აღსრულების შეჩერებით ილახება მისი, როგორც კრედიტორის ინტერესები, არ გამორიცხავს აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას, რადგან გათვალისწინებას საჭიროებს აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში გ. გ-ის უფლებების შესაძლო შელახვის ინტენსივობა. დაპირისპირებული ინტერესების არსებობისას მათ შორის სამართლიანი ბალანსი უნდა დადგინდეს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უკეთუ გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება, იგი ვეღარ შეძლებს სარჩელის აღძვრის საფუძვლად არსებული ინტერესის დაკმაყოფილებას, კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზებას, რაც აზრს დაუკარგავს განსახილველი დავის წარმოებას, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უკეთუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება, მოპასუხეს არ ერთმევა დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა (სსკ-ის 199.3 მუხ.), თუმცა ასეთი ზიანის არსებობა სარწმუნოდ უნდა დადასტურდეს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ გ. გ-ის ინტერესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, აღემატება სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტერესს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით მიმდინარე წარმოების გაგრძელების შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება შეჩერდა მხოლოდ ნაწილობრივ, სადავო ქონების - N23ა და N24ა სხვენების ნაწილში. სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენება არ კრძალავს მოვალის დანარჩენ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინებით გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.12.2021წ. N3/1371-17-21 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა NA17107755 სააღსრულებო წარმოება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან დავის სხვაგვარად გადაწყვეტამდე. თავის მხრივ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.12.2021წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ-ის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ N23ა და N24ა სხვენებზე არსებულ უფლებას. ამდენად, სარჩელის ფარგლების გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სააპელაციო პალატის 04.02.2022წ. განჩინებით სააღსრულებო წარმოება შეჩერდა მხოლოდ ქონების სადავო ნაწილთან მიმართებით, რის გამო მოვალის დანარჩენ ქონებაზე სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება არ არის შეზღუდული.
საჩივრის ავტორის მითითება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით 227 კვ.მ. სხვენი მთლიანად შპს-ს საკუთრებაშია, რის გამო ყადაღის გავრცელება კანონიერი იყო, ასევე არ ასაბუთებს საჩივარს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჩივრის ფარგლებში სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რის გამო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შეფასების ფარგლებში ვერ იმსჯელებს ყადაღის გამოყენების კანონიერებაზე, რადგან ყადაღის ფარგლები, ქონების ნაწილზე მისი გავრცელების მართლზომიერება არსებითი დავის საგანს შეადგენს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერების შეფასებისას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები ან გააკეთოს ისეთი სამართლებრივი შეფასებები, რაც არსებითი დავის ბედს წინასწარ გადაწყვეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და
დაადგინა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი