საქმე №ბს-305(კ-22) 25 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 28 სექტემბერს ს. შ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 აგვისტოს SSG 7 2000106696 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ს. შ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა, ხოლო ამავე ორგანომ 2020 წლის 31 აგვისტოს SSG 1 20 00106889 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან ს. შ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების გაეცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 აგვისტოს SSG 7 20 00106696 წერილს და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში 2020 წლის 31 აგვისტოს მიიღო №1000718149 გადაწყვეტილება ს. შ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე. ამასთან, ირკვევა, რომ ს. შ-ი ცხოვრობს საქართველოში. საქართველოში რეგისტრირებულ შპს „...სა“ და ს. შ-ის შორის 2020 წლის 1 ივლისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ს. შ-ი დაინიშნა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს. 2020 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „...საში“ დასაქმებული იყო ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 აგვისტოს წერილის თანახმად კი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, შპს „...ის“ ბრუნვა 01.07.2019-17.08.2020 წლების პერიოდში შეადგენს 4162476,15 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 784475.69 ლარს.
საიდუმლო მასალის გაცნობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება, მოსარჩელისათვის სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილების ს. შ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნაბართვის გაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, ეფუძნება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილს, ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21–ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის" 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
დოკუმენტები რომლებიც საფუძვლად დაედო სააგენტოს 2020 წლის პირველი სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილების მომზადებას, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 31 აგვისტოს N SSG 7 20 00106696 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ირანის მოქალაქე ს. შ-ის უნდა შეწყვეტოდა ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ს. შ-ის სახელზე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა ,,უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ ზემოაღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვა შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. სააგენტომ ს. შ-ის უფლება შეზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ს. შ-ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს წარმოდგენილი სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ამავე თარიღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს №1000718149 გადაწყვეტილება ს. შ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნაბართვის გაცემის შესახებ;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
დადგენილია, რომ სიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №1000718149/5 გადაწყვეტილებს მიღების საფუძველი გახდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს. შ-ი ცხოვრობს საქართველოში. საქართველოში რეგისტრირებულ შპს „...სა“ და ს. შ-ის შორის 2020 წლის 1 ივლისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ს. შ-ი დაინიშნა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 1500 ლარს. 2020 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „...საში“ დასაქმებული იყო ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 აგვისტოს წერილის თანახმად კი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, შპს „...ის“ ბრუნვა 01.07.2019-17.08.2020 წლების პერიოდში შეადგენს 4162476,15 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 784475.69 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის, ისევე როგორც გაცემული ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან მიწოდებულ ცნობებს და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ მიწოდებული ინფორმაცია გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის ან/და უკვე მინიჭებული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18.03.2022წ. №25143 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.03.2022წ. №25143 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე