გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13 დად 8 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
მ. ისაევი
განიხილა ბ. ხ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. თ-იას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ფოთის შპს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დასკვნის მოთხოვნა, აგრეთვე, ადვოკატის შუამდგომლობა ბ. ხ-ძისათვის ადრე განსაზღვრული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლისა და საერთო წესით წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ბ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით, 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ფსიქიურად დაავადდა, რის გამოც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ივნისის დადგენილებით ბ. ხ-ძე ვადაზე ადრე გათავისუფლდა სასჯელის აღსრულების ადგილიდან და მოთავსებულ იქნა ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობისათვის.
2001 წლის 16 იანვარს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო ქ. ფოთის შპს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნა, რომლითაც დასახელებული შპს-ის კომისია ითხოვდა ავადმყოფ ბ. ხ-ძის იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქუტირის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო).
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 იანვრის დადგენილებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ადვოკატი შ. თ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ხ-ძის მიმართ განსაზღვრული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლას და საქმის წარმოების საერთო წესით განახლებას, რადგანაც საქმეში არსებობს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ფსიქიატრიული შემოწმების დასვნა.
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პრკურორ ე. ღარიბაშვილის დასკვნა, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვება, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა აღძრა ქ. ფოთის შპს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ. ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ბ. ხ-ძეს აღენიშნება პიროვნების პათოლოგიური განვითარება, პარანოიდული ფსიქოპათია. ამჟამინდელი კომისიის დროს საშიშ ქმედებას საზოგადოებისათვის არ ავლენს, რასაც ამტკიცებს სიმპტომატიკის უქონლობა (ჰალუცინატორულ ბოდვითი იდეების არქონა). მთელი დაკვირვების პერიოდში ოპოზიციურობის, კონფლიქტურობის, აგრესიულობის, კონკრეტულ პირთა მიმართ მტრული განწყობის, გაქცევისაკენ ტენდენციების არქონა. ჩატარებული მკურნალობის მიმართ პოზიტიური განწყობა. სტაციონარის რეჟიმის სრული დამორჩილება. მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას არ საჭიროებს. ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ქუტირის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო)”.
ამდენად, ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნით დადგენილია, რომ ბ. ხ-ძე აღარ საჭიროებს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ქ. ფოთის შპს მმფს-ის დასკვნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, ბ. ხ-ძის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის დანიშვნის საკითხი გადაწყდება სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 232-ე, 560-ე, 568-ე, 678-ე, 679-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 იანვრის დადგენილებაში ბ. ხ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება:
დაკმაყოფილდეს ქ. ფოთის შპს მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დასკვნის მოთხოვნა. ბ. ხ-ძეს იძულებითი მკურნალობა გაუგრძელდეს გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბ. ხ-ძე მოთავსებულ იქნეს ქუტირის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში.