გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13-აპ 27 თებერვალი,2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ _ ა. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ზ-შვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა სამი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით ა. ზ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2000 წლის 20 იანვარს ყვარელის რაიონის სოფ. კოჭატანში მინდვრიდან ქურდობის გზით გაიტაცა ჟ. ბ-შვილის კუთვნილი 300 ლარად ღირებული ერთი ცხენი, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მანვე 2000 წლის 10 თებერვალს გურჯაანის რაიონის სოფ. ახაშენის მინდვრებიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად გაიტაცა შ. პ-შვილის კუთვნილი 950 ლარად ღირებული ოთხი სული ცხენი _ მათგან ორი ზრდასრული და ორი კვიცი. მანვე, 2000 წლის 27 მარტს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის მინდვრებში მოიპარა გ. მ-შვილის კუთვნილი, 400 ლარად ღირებული ერთი ცხენი.
მოპარული პირუტყვის დაბრუნებით შ. პ-შვილს აუნაზღაურდა 800 ლარის ზარალი (არ დაბრუნებია ერთი კვიცი), ხოლო გ. მ-შვილს მთლიანი ზარალი. ჟ. ბ-შვილი არ დასწრებია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვას და არ წარუდგენია სამოქალაქო სარჩელი.
საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების მოტივად მიუთითებს მასზედ, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, სამი მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი პაპა და ბებია.
პალატამ მოუსმინა პროკურორს, რომელიც შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შერაცხულ ბრალდებაში ა. ზ-შვილის ბრალეულობა საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია და არავითარ ეჭვს არ იწვევს.
პასუხისმგებლობის ის საშეღავათო გარემოებები, რაც საკასაციო საჩივარშია მითითებული, მთლიანად გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის დროს.
ჩადენილ დანაშაულთა ხასიათიდან გამომდინარე პალატა მიდის იმ რწმენამდე, რომ ცხენების ქურდობა ა. ზ-შვილს ხელობად ჰქონდა გახდილი. ამდენად, მის მიმართ პირობითი სასჯელის ან სხვა არასაპატიმრო სახის სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ა. ზ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად;
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილ იქნეს მისი უსაფუძვლობის გამო.
განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.