Facebook Twitter
ბს-1014(კ-20) 13 მაისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ყ-მა 27.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 28.10.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2020წ. გადაწყვეტილებით გ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინებით გ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გ. ყ-ი ... ინსტიტუტში 01.10.2005წ. ჩაირიცხა პირველ კურსზე გასაუბრების საფუძველზე, 03.10.2006წ. სწავლა განაგრძო ... უნივერსიტეტში (...) მე-2 კურსზე, სწავლის მე-3 კურსზე გაგრძელების მიზნით გ. ყ-მა 09.03.2009წ. განცხადებით მიმართა ...ის ინსტიტუტის რექტორს, აღნიშნულის საფუძველზე გ. ყ-სა და ...ის ინსტიტუტს შორის დაიდო ხელშეკრულება, ხელშეკრულების პრეამბულის თანახმად, „ჩარიცხული აბიტურიენტები სწავლების სრული კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ შესაბამის დიპლომს, რომელიც მუშაობის უფლებას აძლევს ნებისმიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაწესებულებებში და ორგანიზაციებში.“ 2010 წლის 14 აპრილიდან შპს ...ის ინსტიტუტს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ...ის უნივერსიტეტი. გ. ყ-ს 08.06.2010წ. მიენიჭა ბიზნესისა და მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საფინანსო-საბანკო საქმის მენეჯერის სპეციალობით. 21.10.2019წ. გ. ყ-მა მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ...ის უნივერსიტეტის მიერ მასზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 28.10.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა კანონით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 16.12.2019წ. წერილის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზაში გ. ყ-ის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვენება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთანავე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, რაც პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ 10.01.2005წ. საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, ამასთანავე ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ სიის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოსაზრება, რომ არ არსებობდა შპს ... უნივერსიტეტის მიერ გ. ყ-ის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველი, ვინაიდან გ. ყ-ი შპს ...ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების, კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ...ის ინსტიტუტსა და გ. ყ-ს შორის 2009 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მას მუშაობის უფლება ექნებოდა მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, შესაბამისად პალატამ არ გაიზიარა გ. ყ-ის მოსაზრება, რომ მას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონოდ შეეზღუდა საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 16.12.2019წ. წერილზე, რომლის თანახმად სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები და გ. ყ-ი არ მოიძებნა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადჰყოფდა მოსარჩელის მიერ სწავლის უფლების მოპოვებას კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით. იმ პირობებში, როდესაც შპს ...ის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, მან სტუდენტის სტატუსის მოიპოვა კანონმდებლობის გვერდის ავლით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და მას არ წარმოეშვა კანონიერი ნდობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მასთან მიმართებით დაირღვა კანონიერი ნდობის პრინციპი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-მა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონო. კასატორი აღნიშნავს, რომ მან მოიპოვა სწავლის უფლება და ისწავლა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე და აკადემიური უმაღლესი განათლების სრული პროგრამა გაიარა, აღნიშნულის საფუძველზე გაიცა დიპლომი, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისად დიპლომის გაცემისა და მიღების შემდგომ, დიპლომის მიმღებს წარმოეშვა უფლება მისი აკადემიური განათლების შესაბამისად დასაქმებულიყო ნებისმიერ სექტორში, კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაწესებულებაში მუშაობის დაწყების შესაძლებლობის შესახებ არის დისკრიმინაციული.
კასატორი აღნიშნავს, რომ წარსულში სასწავლებლის მიერ არ ხდებოდა სათანადოდ დოკუმენტების საქმის წარმოება და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლი, რის საფუძველზეც არ იძებნება ბაზაში სამართლებრივი აქტები, რომლებითაც განსაზღვრული იყო გ. ყ-ს კანონიერი საფუძვლით ჩარიცხვა, რაც არ შეიძლება გამხდარიყო ფიზიკური პირისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი.
გ. ყ-ი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 26.11.2019წ. ცნობაზე, რომლის თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ი მენეჯერი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გ. ყ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობს 2013 წლის 13 ნოემბრიდან, ხოლო დაკავებულ თანამდებობაზეა 2018 წლის 01 მარტიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო დიპლომის საფუძველზე მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, დიპლომის მიმართ აქვს კანონიერი ნდობა და დღემდე მუშაობს თავისი სპეციალობით, მიღებული აქვს განათლება და განათლებით მიღებული უნარების საფუძველზე გახდა წარმატებული. გ. ყ-ი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და დასაქმების უფლებები იმ საფუძვლით, რომ ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული ის სამართლებრივი აქტები (ან მათი ასლები), რომლებითაც განსაზღვრული იყო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოებმა დაარღვიეს კანონიერი ნდობის პრინციპი, ვინაიდან კანონი უნდა განიმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის შესაბამისად, ამდენად, არ არსებობს სზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შეეზღუდა თავის დამკვირდების, წარმატებისა და თვითრეალიზაციის უფლება. მისი როგორც სტუდენტის მიზანი იყო განათლებისა და ცოდნის მიღება. დიპლომის აღება იყო მისი სწავლისა და შრომის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მომავალს წარმატებულს გახდიდა. კასატორი აღნიშნავს, რომ სპეციალობით მუშაობს დღემდე და არის საქმის პროფესიონალი, აღნიშნულს ადასტურებენ მიღებული ჯილდოები, მადლობის სიგელები და დაწინაურებები.
კასატორი უთითებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თავისებურებებზე, მიზნებსა და მახასიათებლებზე, ამასთანავე აკრედიტაციის პროცესში წარმოჩენილ დარღვევებზე, რომლის თანახმად საქმისწარმოება და სტუდენტთა აღრიცხვიანობა მიმდინარეობდა ხარვეზით, კასატორი მათ შორის უთითებს შპს ...ის უნივერსიტეტის მიერ ლიცენზიისა და აკრედიტაციის მოპოვებაზე და აღნიშნავს, რომ სახელომწიფომ ცნო და აღიარა აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დიპლომები,
კასატორი მიიჩნევს, რომ მას არ შეზღუდვია სწავლის უფლება, მისთვის არ მოუხსნიათ სტუდენტის სტატუსი, არცერთ ინსტიტუტს არ უთქვამს უარი მიღებაზე, არ გაურიცხავთ უნივერსიტეტიდან არანაირი საფუძვლით, სახელმწიფომ უზრუნველყო მისთვის სათანადო განათლების მიღება და სასწავლებლის აკრედიტაციის ფარგლებში დაამთავრა უნივერსიტეტი, შესაბამისად მასზე გაიცა კანონით დადგენილი წესით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გამოყენების საფუძველზე მან მოიპოვა კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების უფლება. დიპლომის მიმართ კასატორს გააჩნია კანონიერი ნდობა, ამ დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებას, დასაქმებულია რა თავისი პროფესიით, და ამასთანავე მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებები, მას არ განუხორციელებია უკანონო ქმედება და არ დაურღვევია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეფება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ 20.05.2021წ. №ბს-996(კ-20), 22.03.2022წ. №ბს-1208 (კ-21)) და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ძირითადში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ თითოეული ადამიანის განათლების უფლების აღიარება. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების მიღების უფლების აღიარება არ გამორიცხავს პირის მიერ შეძენილი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტების მიღებას. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ხარისხიანი განათლების მიღებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის განსაზღვრა. ამ უკანასკნელს უზრუნველყოფს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ამასთანავე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე კანონმდებლობის დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულ და გარანტირებულ განათლების მიღების უფლებას, მეტადრე აღნიშნული ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას.
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოსაყენებელ ნორმებს და მათ სამართლებრივ დასაბუთებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ შეფასებულია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ გულისხმობს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ §71), ამასთანავე, უკეთუ მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს („რუიზ ტორია ესპანეთის წინააღმედგ“ §30). მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 28.10.2019წ. გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სააპელაციო პალატის მიერ სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ 10.01.2005წ. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს, სიები ეგზავნებათ შესაბამის ფაკულტეტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ სიის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ყ-ი არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მოპოვებული სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა იზიარებს ზემოხსენებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდსა და დღეს მოქმედი რედაქციის 89.4 მუხლის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან აბიტურიენტები სტუდენტის სტატუსისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ვალდებულნი არიან ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, თავის მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან მხოლოდ საგამოცდო ცენტრის მიერ შედგენილი სიის მიხედვით მიიღონ აბიტურიენტები. ამდენად, საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად 2005-2006 სასწავლო წლიდან აბიტურიენტთა მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სახელმწიფო 2005-2006 სასწავლო წლიდან ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიან ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებასა და კვალიფიკაციას. საქმეში დაცული მტკიცებულების თანახმად, გ. ყ-ი ... ინსტიტუტში ჩაირიცხა 01.10.2005წ. გასაუბრების საფუძველზე, ამასთანავე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 16.12.2019წ. კორესპოდენციის თანახმად, გ. ყ-ი არ იძებნება ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ პირთა შორის, ამდენად, გ. ყ-ს სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა გვერდის ავლით. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 16.12.2019წ. N MES 2 19 01721192 წერილით დასტურდება, რომ ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები და გ. ყ-ი არ მოიძებნა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთად ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციასთან, სტუდენტთა საქმის წარმოებაში ხარვეზებთან დაკავშირებით. სადავო პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ 55-ე მუხლის თანახმად, გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლეოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიღებული ქულის მითითებით. გამოცდების გავლის სერტიფიკატში მიეთითებოდა, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა სასწავლო გრანტი და აბიტურიენტის ადგილი ფაკულტეტზე (ფაკულტეტებზე) გაგზავნილ სიაში (სიებში). აბიტურიენტი დოკუმენტს წარუდგენდა იმ ფაკულტეტს ან ფაკულტეტებს, რომელზეც მან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. კასატორს არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებია, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების აუცილებლობას. საკასაციო საჩივრის დიდი ნაწილი ეთმობა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წლიურ ანგარიშს, ბიზნესის და საგარეო ურთიერთობების აკრედიტაციის და ლიცენზირების საკითხებს. გ. ყ-ი უთითებს ავტორიზაცია/აკრედიტაციის თავისებურებებზე, მიზნებსა და მახასიათებლებზე და აღნიშნავს, რომ შპს ...ის უნივერსიტეტი იყო ჯერ ლიცენზირებული, ხოლო შემდგომ აკრედიტებული, თუმცა აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. კასატორის მოსაზრება, რომ მან დაამთავრა ლიცენზირებული აკრედიტაციაგავლილი უნივერსიტეტი, არ ადასტურებს გ. ყ-ის სახელზე კანონით დადგენილი წესით დიპლომის გაცემას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი წესით დიპლომის გაცემა არ გულისხმობს მხოლოდ ლიცენზირებული, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, კუმულატიურად უნდა არსებობდეს ლიცენზირებული/აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი და კურსდამთავრებულის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული სტუდენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ გ. ყ-ის მიერ სტუდენტის სტატუსი მოპოვებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, შესაბამისად არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. სადავო აქტი გამოცემული არის ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 3.4 მუხლის თანახმად, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამისობის დადგენის შემთხვევაში ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ შეადგენს მითითებული წესით დადგენილი მოწესრიგების კანონიერების შეფასება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე (2005წ. მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს, სიები ეგზავნებოდა შესაბამის ფაკულტეტებს. თავის მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებული იყო აბიტურიენტები მიეღო მხოლოდ განსაზღვრული სიის მიხედვით. ანალოგიურ დებულებას შეიცავდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 28.03.2005წ. N127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულების (ძალადაკარგულია განათლებისა და მეცნირების მინისტრის 18.02.2011წ. N19/ნ ბრძანებით) მე-3 მუხლი, ამდენად, არ დასტურდება სადავო აქტის გამოცემა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფასების საგანია დიპლომის გაცემის მიმართ პირის კანონიერი ნდობის არსებობა. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მმართველობითი ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან. კანონიერი ნდობის პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც ერთი მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებას გამორიცხავს გ. ყ-ის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება ან ფუნქცია არ აქვს, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე განსახილველ სადავო სამართაურთიერთობასთან. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი ნორმის არცოდნაზე მითითება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები (მაგ.: კანონის გამოუქვეყნებლობა, ნორმის ტექსტის არსებითი ბუნდოვანება და სხვ.), რასაც შეეძლო ხელი შეეშალა კანონის გაცნობაში, არ დასტურდება, რომ გ. ყ-მა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა კანონის დანაწესი სტუდენტის სტატუსისა და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში პირველ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების აუცილებლობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული გარემოება გამორიცხავს დიპლომის მიმართ გ. ყ-ის კანონიერი ნდობის არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2020წ. განჩინება;
3. ს. კ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.08.2020წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი