Facebook Twitter

#ბს-417(გ-22) 25 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ შპპ „...ო“

მოპასუხე _ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 21 მარტს შპპ „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ გაწეულ სამედიცინო ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით შპპ „...ოს“ ადმინისტრაციული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე, ამავე კოდექსის 26-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ შპპ „...ოს“ სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ...ის გამზ. #144, შესაბამისად, შპპ „...ოს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით შპპ „...ოს“ სარჩელი, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ და 26.2 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლზე და განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნებაყოფლობითი ჩართვით სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედიან პროგრამის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რის გამოც პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავის ხასიათს ატარებს და დავაზე განსჯადი სასამართლოც ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ვინაიდან მოსარჩელე მხარე ითხოვს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაწეული სამედიცინო ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (რომლის ტრანსფორმაციაც შესაძლებელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლიდან გამომდინარე), ხოლო წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ შპპ „...ოს“ (მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. #...) წარმომადგენლობა საქართველოში პაციენტების სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახორციელებდა ქ. ქუთაისში, დავის სასამართლო განსჯადობა ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილის - ქ. ქუთაისის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

მოსარჩელე ითხოვს გაწეულ სამედიცინო ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის გათვალისწინებით ურთიერთობა წარმოშობილია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე სუბიექტებს შორის.

ზემოაღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. აღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მიხედვით, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: ა) 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი); ბ) 2020 წლის 1 სექტემბრიდან: ბ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) №1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან განმახორციელებელი. ხოლო 4.1 მუხლის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტითა და №1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

სწორედ აღნიშნულ სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება განსაზღვრავს დავის განსჯადი სასამართლოსთვის დაქვემდებარების საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ზემოაღნიშნული პროგრამის მოსარგებლეებზე მიწოდებას ახორციელებს სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი სამართალსუბიექტების მეშვეობით (მიმწოდებლები). საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია მათ მიერ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებაზე. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 4.2 მუხლის თანახმად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილების №14 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (პროგრამული კოდი 27 03 03 04)) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა), „ბ“ (პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა) და „დ“ (თირკმლის ტრანსპლატაცია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით ადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპპ „...ო“ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მიმწოდებელს, რომელმაც ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი და განაცხადა თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლების განსაზღვრა ხდება არა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ცალმხრივად, არამედ უშუალოდ მიმწოდებელთა ნების გამოვლენით. მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობითი დასტურის გაცხადებით ავტომატურად უერთდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რის საფუძველზეც, მხარეთა შორის წარმოიშობა შეთანხმება. ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს მიმწოდებელთა ნების გამოვლენის მნიშვნელობაზე მოცემული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხსენებული ურთიერთობის წარმოშობა ხდება არა ცალმხრივად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიხედულებით, არამედ მხოლოდ ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. შეთანხმება ორმხრივად გამოვლენილი ნების შედეგია, შესაბამისად, მიმწოდებლის (სამედიცინო დაწესებულების) მიერ სურვილის გამოხატვა და მასში მონაწილეობის თაობაზე წერილობითი დასტურის გაცხადება წარმოადგენს მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს (იხ. სუს 17.05.2018წ. განჩინება საქმეზე #ბს-284-284(გ-18)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპპ „...ოს“, როგორც მიმწოდებლის მიერ გაცხადებული დასტურით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და შპპ „...ოს“ შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, რომლის განუყოფელ ნაწილსაც თავად ზემოხსენებული პროგრამა, მისი დანართები, მის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური წარმოადგენს.

საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავის ხასიათს ატარებს და დავაზე განსჯადი სასამართლოც ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-15 მუხლით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესსა და ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი განსჯადობის სპეციალურ წესს შორის კონკურენციის დროს, უპირატესობა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესებს უნდა მიენიჭოს. ამასთან, სსკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე ითხოვს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაწეული სამედიცინო ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (რომლის ტრანსფორმაციაც შესაძლებელია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლიდან გამომდინარე), ფაქტობრივად კი, იგი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, ხოლო წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ შპპ „...ოს“ (მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. #...) წარმომადგენლობა საქართველოში პაციენტების სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახორციელებდა ქ. ქუთაისში, დავის სასამართლო განსჯადობა ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილის - ქ. ქუთაისის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპპ „...ოს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე