გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 20აპ 20 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),
გ. ბორჩხაძე,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ი. კ-ძის მიმართ, უცვლელად იქნა დატოვებული.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ი. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ი. კ-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2000 წლის 25 აგვისტოს გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გასაღების მიზნით, შეიძინა 14 პაკეტი დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, აქედან 5 პაკეტი “ჰეროინი”, წონით 0,92 გრამი, 9 პაკეტი კი _ აცეტირებული “ოპიუმი” საიდანაც სამი პაკეტი აცეტირებული “ოპიუმი”, მოიხმარა პირადად, 4 პაკეტი “ოპიუმი” 24 ნოემბერს 200 ამერიკულ დოლარად მიყიდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, მის ნაცნობ ვინმე “ჯონის”. დარჩენილი ნარკოტიკები, კერძოდ, 2 პაკეტი აცეტირებული “ოპიუმი”, წონით 0,429 გრამი და 2 პაკეტი, 0,379 გრამი, “ჰეროინი” შენახული ჰქონდა ნაქირავებ ბინაში, ხოლო 2 პაკეტი “ჰეროინი”, წონით 0,447 გრამი, კი თავის მუდმივ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული. მასვე დაკავებისას აღმოაჩნდა 0,094 გრამი “ჰეროინი”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. კ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამორიცხულ იქნეს მითითება ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების თაობაზე, ამასთან, შეეფარდოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: მას არ გაუსაღებია ნარკოტიკული ნივთიერება. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მოცემულ ჩვენებას, რაც სხვა დამამტკიცებელი საბუთებით არ ყოფილა გამაგრებული.
სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ გაითვალისწინა მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა (ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი დაავადებულია ეპილეფსიის მძიმე ფორმით).
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორ ე. ღ-შვილის მოსაზრება, რომელმაც განაჩენი მიიჩნია კანონიერად, იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ და თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. კ-ძის მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ი. კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც მისი აღიარებით, ასევე, საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებული მასალებით.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს ი. კ-ძეს არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება. მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დადგენილია როგორც თვით ი. კ-ძის მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, როგორიცაა: ამოღებული ფული _ 200 ამერიკული დოლარი, რომელიც აიღო ნარკოტიკების გასაღების შედეგად, მის მიერ სხვადასხვა ადგილზე ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფაქტით და სხვა მასალები.
პალატა თვლის, რომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ სრულყოფილად მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ი. კ-ძე არის ქალი, კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მათგან ერთი დაავადებულია ეპილეფსიის მძიმე ფორმით და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას; იგი პირველადაა სამართალში და მისი წარსული არაფრით არაა შებღალული. პალატა, ასევე, მხედველობაში იღებს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, რომელიც მთლიანობაში ერთ გრამზე ნაკლებია და ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილად თვლის ი. კ-ძეს შეფარდებული სასჯელი გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 თვის ვადით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განაჩენში ი. კ-ძის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მას გაუნახევრდეს შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვთა 1 (ერთი) წლით და 6 თვის ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.