Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 23-აპ 3 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ზ. ტ- ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 იანვრის განაჩენზე, რომლითაც გ. წ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1999 წლის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 18 თვე და თერთმეტი დღე, რაც შინაპატიმრობაში გაატარა. დაზარალებულის სამოქალაქო სარჩელი დატოვებული იქნა ღიად.

პროკურორისა და დაზარალებულის მიერ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ გ. წ-შვილის ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. წ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ 1998 წლის 11 აპრილს დაახლოებით 21 საათზე დაბა წყნეთში, ... ქუჩაზე, ურთიერთკამათისა და განაწყენების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მუცლის არეში დარტყმით მის მეზობელს და ყოფილ თანამოსაქმეს ვ. გ-შვილს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ეს უკანასკნელი 14 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ იარაღი, ანუ მჭრელი-მჩხვლეტავი საგანი, რომლითაც ვ. გ-შვილი დაზიანდა, თვით მასვე ეკუთვნოდა. იგი ცდილობდა ეს იარაღი გ. წ-შვილისთვის დაერტყა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელი დაუჭირა და შეეცადა იარაღის წართმევას, რაც ფეხზე დგომის პირობებში ვერ შეძლო. ამის გამო ფეხის გამოკვრის ილეთით სცადა მისი წაქცევა, რის შედეგად ორთავენი დაეცნენ. ამ მომენტში თავისივე დანას მუცლით დაეცა ვ. გ-შვილი და მიიღო მძიმე დაზიანება, რაც გ. წ-შვილს იმ მომენტში არცკი შეუნიშნავს. ამდენად, გ. წ-შვილი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით და მას მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, რაც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის კანონიერი საფუძველია.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ტ--ძემ ითხოვა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს დაზარალებულმა, ადვოკატმა თ. გოგსაძემ და პროკურორმა გ. მიქაძემ.

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის ფაქტიური გარემოებები გამოიკვლიეს სრულყოფილად, შეკრებილი მტკიცებულებანი შეაფასეს ობიექტურად და მათ მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ დანაშაულის იარაღი აწ გარდაცვლილ ვ. გ-შვილს ეკუთვნოდა და თვითონვე დაესხა თავს ამჟამად მსჯავრდებულ გ. წ-შვილს, საქმის მასალების ობიექტური შეფასებით არ დასტურდება. საქმის არსებითად განმხილველმა სასამართლო ორგანოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ გარდაცვლილი ვ. გ-შვილის ორთავე ხელის მტევანზე არსებული ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა ამ უკანასკნელის თავდაცვითი მდგომარეობის მანიშნებელია და არა მოძალადისა.

საქმეზე დაკითხული მოწმეების _ მ. ო-ძის, მ. ლ-ძის, ლ. და გ. გ-შვილების განმარტებით საავადმყოფოში წაყვანამდე უშუალოდ დაჭრილმა ვ. გ-შვილმა უთხრა მათ, რომ სასიკვდილოდ გ. წ-შვილმა გაიმეტა იგი.

ამრიგად, საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ გ. წ-შვილი თავს იცავდა ვ. გ-შვილის უკანონო თავდასხმისაგან, საქმის მასალებით არ დასტურდება.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 571-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 იანვრის განაჩენი გ. წ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილი იქნეს მისი უსაფუძვლობის გამო.

განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.