Facebook Twitter

ბს-499 (კ-19) 03 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2019წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ემ 28.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 06.11.2017წ. №140/განკ განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 25.07.2017წ. ͏№156/კ ბრძანებით დაინიშნა სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ედ. 31.07.2017წ. ფონდის იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელიც პასუხისმგებელია ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების წარმოებაზე, მისი ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ატვირთა „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში“. ეს სისტემა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი ელექტრონული სერვისი (პორტალი), რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულ პერსონალთა ერთიან მონაცემთა ბაზას. „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაზე“ წვდომა აქვს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.02.2012წ. №57 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნულის მიუხედავად სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსაგან არ მიუღია დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარსადგენად. 10.11.2017წ. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან მიიღო დაჯარიმების შესახებ 06.11.2017წ. განკარგულება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის. მოსარჩელის განმარტებით დეკლარაციის წარუდგენლობა განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროდან არ მიუღია დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც საფოსტო გზავნილის სახით ჩაბარდა 15.11.2017წ., ბიუროს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაკავშირებისა და მისთვის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოგზავნის მოთხოვნის შემდეგ. მოსარჩელის მოსაზრებით დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და განკარგულება გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ემ თანამდებობაზე განწესებიდან (2017 წლის 25 ივლისიდან) ორი თვის ვადაში არ შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაციისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მისი, როგორც არამართლზომიერი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას. ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, აღნიშნული ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაზე, მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის და დეკლარაციის შევსებისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები, მიწოდება თავის მხრივ დამოკიდებულია საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობით მიმართვაზე. არც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს და არც თანამდებობის პირს არ მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში სსიპ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროსათვის. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის თანახმად დეკლარაციის შესავსებად დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს, საჯარო სამსახურის ბიურო გასცემს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოსაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიუღებლობის გამო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძველს არის მოკლებული. დადგენილია, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში და წესით არ წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 06.11.2017წ. №140/განკ განკარგულება ნ. გ-ის დაჯარიმების შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, სახეზე არ არის ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 06.11.2017წ. №140 განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევასა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-ემ თანამდებობაზე განწესებიდან (2017 წლის 25 ივლისიდან) ორი თვის ვადაში არ შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, შესაბამისად, სახეზე არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის. განსახილველ შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დროულად წარუდგენლობაში ნ. გ-ეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის პირობებს განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი. მითითებული ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელისათვის დადგენილ ვადაში არ მიუწოდებია დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები და არ განუმარტავს მისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბიუროს ჯერ უნდა ეცნობოს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ასეთ პირზე დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაგვიანებით ეცნობა მისი სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების თაობაზე. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი არა თანამდებობაზე დანიშნულ პირს, არამედ მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს ავალდებულებს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამდენად, სადეკლარაციო თანამდებობაზე პირის დანიშვნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი არიან ვალდებული და არა თვითონ თანამდებობაზე დანიშნული პირი, ასეთი დანიშვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდონ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. რაც შეეხება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტს, იგი ითვალისწინებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიუროს მიერ დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტების გაცემის და პირისათვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის განმარტების ვალდებულებას, მაგრამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბიუროსათვის მიმართვის ვალდებულებას ადგენს არა ეს ნორმა (მე-9 პუნქტი), არამედ იმავე მუხლის მე-10 პუნქტი და ასეთი ვალდებულება აქვს არა თავად თანამდებობაზე დანიშნულ პირს, არამედ მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან იმავე დაწესებულების სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, ნ. გ-ის სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მაგრამ ამაში მოსარჩელეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, შესაბამისად, მას არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ბიუროში დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. გ-ისათვის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტების მიწოდების შემდეგ, მოსარჩელემ დადგენილ ვადაში შეავსო დეკლარაცია და წარადგინა ბიუროში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ დეკლარირება, როგორც წესი, ორ საფეხურიანი პროცესით ხორციელდება: დაწყებითი სტადია - თანამდებობაზე გამწესების/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკადრო ხასიათის ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდება და მეორე ძირითადი სტადია - თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსება და ბიუროში წარდგენა. დეკლარაციის შესავსებად დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს საჯარო სამსახურის ბიურო გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამდენად, თანამდებობის პირი ვალდებულია გამოიჩინოს გულისხმიერება და წინდახედულება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესრულების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ე თანამდებობის პირისათვის აუცილებელი გულისხმიერებითა და სათანადო პასუხისმგებლობით არ მოეპყრო მისდამი დაკისრებულ უპირობო ვალდებულებას - სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესებიდან 2 თვის ვადაში დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედებაში (უმოქმედობაში) ბრალი არ არსებობდა. აღნიშნული ნორმებით კანონმდებლის ნებას წარმოადგენს უზრუნველყოფილ იქნეს ბიუროს დროული ინფორმირება თანამდებობაზე გამწესებულ და გათავისუფლებულ პირთა შესახებ და იგი არ შეიძლება გახდეს თანამდებობის პირის ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბრალის გამომრიცხავი გარემოება. თანამდებობის პირმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია და მიმართოს ყველა სახის ღონისძიებას ამ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში აღსასრულებლად, მათ შორის მიაწოდოს ბიუროს მის თანამდებობაზე გამწესების შესახებ ინფორმაცია. მოქმედი კანონმდებლობა პირს განუსაზღვრავს უპირობო ვალდებულებას თანამდებობაზე გამწესებიდან 2 თვეში დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებით, ხოლო ამავე თანამდებობაზე გამწესების შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს დეკლარაციის წარდგენის შესახებ ვალდებულების აღსრულების ხელშემწყობ ღონისძიებას. თანამდებობის პირის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არის დამოკიდებული შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ვალდებულების შეუსრულებლობაზე. მოსარჩელემ ჩაიდინა გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობა, კერძოდ, იგი არ ითვალისწინებდა თავისი უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას. ბრალეული ქმდება გულისხმობს გაუფრთხილებლობასაც, როდესაც პირი არღვევს აუციელებელი ყურადღებიანობის თუ გულისხმიერების მოთხოვნას და მისი წინდაუხედაობის გამო დგება კონკრეტული შედეგი. ზიანის მიმყენებლის ქმედება შეიძლება გამოიხატოს არა მარტო აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმოქმედობაშიც. მოცემულ შემთხვევაში არსებობს მოსარჩელის უმოქმედებოსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, კერძოდ, სახეზეა უმოქმედობის „მიზეზობრიობის“ სამივე სავალდებულო კომპონენტი: მოქმედების ვალდებულება, მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგის თავიდან აცილება. მოსარჩელე ვალდებული იყო 2017 წლის 25 ივლისიდან 2 თვის ვადაში, 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, შეევსო და წარედგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაც მის მიერ არ შესრულდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2019წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ის სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამაში მოსარჩელეს რაიმე ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს აზრით მას ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ბიუროში დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირთა საქმიანობისა და შემოსავლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ 17.10.1997წ. კანონის შესაბამისი ნორმები თანამდებობის პირს გარკვეულ ვალდებულებებს უწესებენ, მათ შორის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულებას, კერძოდ პირს, რომელიც გამწესდება ამ კანონით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, ეკისრება ვალდებულება შეასრულოს კანონით დადგენილი მოთხოვნა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა არის კორუფციის პრევენციისა და შესაძლო კორუფციული შემთხვევების გამოვლენის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი, რაც თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ემსახურება თანამდებობის პირების ქონებაზე ინფორმაციის გამჟღავნების გზით გამჭვირვალობისა და საჯარო დაწესებულებების მიმართ მოქალაქეთა ნდობის გაზრდის, თანამდებობის პირის მიერ ქონების შეძენის კანონიერების კონტროლის მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამდებობის პირის მიერ თანამდებობაზე გამწესებისას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, რომლის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მიღება თანამდებობაზე დანიშვნის დროისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს მის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას შეძენილი ქონების გამიჯვნა მის საკუთრებაში თანამდებობის დაკავებამდე არსებული ქონებისაგან.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უზრუნველყოფს თანამდებობის პირის შემოსავლების ლეგიტიმაციას და იმავდროულად აკმაყოფილებს თანამდებობის პირის მიერ შეძენილი ქონების წარმოშობისა და ღირებულების მიმართ საზოგადოების ინტერესს. თანამდებობის პირთათვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დადგენა, აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამომავლოდ დაკავშირებულია დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 18.2 მუხ. „ბ“, „დ“ ქვ.პ., 19.1 მუხ.). თანამდებობის პირებთან დაკავშირებით პირადი ხასიათის შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის ტრანსპარენტულობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, კანონმდებლობა ითვალისწინებს არათუ თანამდებობის პირთა, არამედ მათი ოჯახების წევრთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხ.). მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები, სზაკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ღიაა, რაშიც მოიაზრება ინფორმაცია ამ პირთა და მათი ოჯახების წევრთა შემოსავლების შესახებ. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები, კერძო პირთან შედარებით, ხელმისაწვდომია. აღნიშნული ნორმის დანაწესი, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების წინაპირობად არ მიუთითებს თვით ამ პირის თანხმობის არსებობის აუცილებლობას, რაც გამომდინარეობს, სხვა პირებისაგან განსხვავებით, ზოგადად, გამჭვირვალობის პრინციპიდან, მათთან დაკავშირებული მონაცემების ღიაობიდან და ხელმისაწვდომობიდან.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 14.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პირი ვალდებულია თანამდებობაზე გამწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამდენად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების წარმოშობისათვის სავალდებულოა დეკლარაციის წარსადგენად შესაბამისი გარემოების დადგომა - თანამდებობაზე გამწესება. დეკლარაციის წარდგენის პერიოდი განსხვავებულია თანამდებობის პირისა და კანონით პირდაპირ განსაზღვრულ კონკრეტულ თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატებისათვის (მე-14 მუხ.). პირის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში ქონებრივი დეკლარაციის წარსადგენად დადგენილია გამწესებიდან ორთვიანი ვადა. მხედველობაშია მისაღები, რომ სზაკ-ის 27-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების“ თავის მიზნებისათვის თანამდებობის პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, ანუ ის პირი, რომელსაც ეკისრება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოსარჩელე განეკუთვნებოდა ხსენებული ნორმით გათვალისწინებულ პირთა რიგს. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, „თანამდებობის პირის“ განმარტება სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე პირებს აერთიანებს, რომელთა შორის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი ...ე (კანონის მე-2 მუხლის „ლ2“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 29.03.2019წ. №178 დადგენილების მე-18 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 25.07.2017წ. სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის №156/კ ბრძანებით ნ. გ-ე დაინიშნა სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობაზე, ფონდის ...ი ...ის უფლებამოსილების ვადით. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 20.1 მუხლის მიხედვით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ამდენად, კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მასზე ვრცელდება სამართალდარღვევისათვის დადგენილი ზოგადი დანაწესები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხ.). დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. გ-ეს სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობაზე გამწესებიდან ორი თვის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროში არ წარუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბიურო თავისი ამოცანების შესასრულებლად იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №181 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების“ მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ყ“ ქვ.პ.), თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ ზომებს იღებს ბიუროს უფროსი (ხსენებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვ.პ.). სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 06.11.2017წ. №140/განკ განკარგულებით ნ. გ-ე კანონით განსაზღვრულ ვადაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის, დაჯარიმდა 1000 ლარით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხ.). ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სტრუქტურის ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: ქმედება, მართლწინააღმდეგობა და ბრალი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გარემოებების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესწავლას, რომლის საბოლოო ეტაპია გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ან საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განსახილველ საქმეზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანს შეადგენს ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის ბრალის ელემენტის არსებობის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დროულად წარუდგენლობაში ნ. გ-ის ბრალის არარსებობის შესახებ არ არის დასაბუთებული. ბრალის გამომრიცხავ გარემოებად იმ ფაქტზე მითითება, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელისათვის დადგენილ ვადაში არ მიუწოდებია დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაყვანი რეკვიზიტები და არ განუმარტავს მისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, არ ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალეულობის წინაპირობა არის ქმედების შემადგენლობის შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო ქცევა. არსებობს მართლწინააღმდეგობა ბრალის გარეშე, მაგრამ არ არსებობს ბრალი მართლწინააღმდეგობის გარეშე. თუკი არ არის მართლწინააღმდეგობა, ქმედებას არ აქვს სამართლისათვის შესაბამისი მნიშვნელობა. ბრალის ელემენტი გულისხმობს უკანონო ქმედებასა და მის შედეგებზე დამრღვევის დამოკიდებულებას და წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება იყოს განზრახი და გაუფრთხილებელი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნების გათვალისწინებით უმოქმედობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სამართალდარღვევად, თუ პირს ეკისრება მოქმედების სპეციალური მოვალეობა და თუ მისი შეუსრულებლობა პასუხობს სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობის ნიშნებს. მოცემულ შემთხვევაში კანონით იმპერატიულად არის დადგენილი მოქმედების - დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ვალდებულება და მისი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების საჯარო სამსახურის ბიუროში გაგზავნის ვალდებულება კანონისმიერი დათქმიდან გამომდინარე ნ. გ-ეს დაკისრებული არ ჰქონდა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით მის ბრალეულობას გამორიცხავს. ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მის ჩადენაში პირის ბრალეულობა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვემდებარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ა.შ., აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხ.). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეფასების საგანს შეადგენს არა პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების საჯარო სამსახურის ბიუროში გაგზავნისათვის ნ. გ-ის ბრალეულობის საკითხის შეფასება, არამედ თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ნ. გ-ის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ბრალის ნიშნების არსებობის/არარსებობის დადგენა, კერძოდ, შეფასებას საჭიროებს 7 დღის ვადაში დანიშვნის შესახებ ბრძანების საჯარო სამსახურის ბიუროში წარუდგენლობის შემთხვევაში ნ. გ-ის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა, ასევე წერილობითი მიმართვის გარეშე ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელი რეკვიზიტების მიწოდების თაობაზე საჯარო სამსახურის ბიუროს კანონით დადგენილი იმპერატიული ვალდებულება.

სადავო პერიოდში მოქმედი „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 12.02.2014წ. №139 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 29.03.2019წ. №178 დადგენილებით) მე-4 მუხლი საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენას მოითხოვდა, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი, 27.10.2015წ. №4358 კანონით ცვლილების შეტანამდე, ითვალისწინებდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებას, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა, გაეფრთხილებინა პირი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ და განემარტა დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 27.10.2015წ. №4358 კანონით ხსენებული ნორმა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, ნორმით განისაზღვრა იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემავალ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ეს პირებია: საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი; თანამდებობის პირი ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი. ხსენებულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, დეკლარირების ერთიან სისტემაში რეკვიზიტების მოთხოვნის უფლებით ბიუროსთვის მიმართვის საშუალება მიეცა როგორც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს, ასევე თანამდებობის პირს ან უკვე გათავისუფლებულ თანამდებობის პირს. განმარტებით ბარათში აღინიშნა, რომ ასეთი ნორმის არარსებობა ხშირად იწვევდა თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსების ვადის გადაცილებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ დაწესებულების უფლებამოსილი პირის მხრიდან გადაცემული ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელი რეკვიზიტები. ამდენად, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებდა ბიუროს ვალდებულებას დეკლარაციის წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 20 დღისა გაეფრთხილებინა პირი ამის შესახებ და განემარტა დეკლარაციის დროულად წარუდგენლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ დაჯარიმების შესახებ სადავო განკარგულების მიღებამდე არ აცნობა ნ. გ-ეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად საჭირო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი), არ ადასტურებს სადავო აქტის უკანონობას, ვინაიდან უკეთუ საჯარო დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა არ მიმართა წერილობით დეკლარაციის ერთიან საიდენტიფიკაციო მონაცემების მიღებისათვის, წერილობითი მიმართვის ვალდებულება ჰქონდა სადეკლარაციო თანამდებობაზე დანიშნულ პირს. თანამდებობის პირის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესრულება არ არის დამოკიდებული შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ვალდებულების შეუსრულებლობაზე. თანამდებობის პირს დაკისრებული აქვს კანონით განსაზღვრულ ორთვიან ვადაში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს, აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე. კანონში შეტანილი ცვლილებებით ამაღლდა თანამდებობის პირის მონაწილეობის ხარისხი დეკლარირების პროცესში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს ან/და თანამდებობის პირს - მოსარჩელეს, თანამდებობაზე გამწესებიდან დეკლარაციის წარსადგენად კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელი რეკვიზიტების მიწოდების მოთხოვნით საჯარო სამსახურის ბიუროსათვის არ მიუმართავთ. ბიუროს მიერ ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელი რეკვიზიტების მიწოდებას კანონი ითვალისწინებს წერილობითი მიმართვის საფუძველზე და ასეთი მიმართვის არარსებობა არ წარმოშობს ბიუროს ვალდებულებას თანამდებობის პირს მიაწოდოს რეკვიზიტები. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, კანონში შეტანილი ცვლილებებით აღნიშნული ვალდებულების შესრულება აღარ არის დამოკიდებული საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაზე წერილობითი მიმართვის გარეშე მიაწოდოს თანამდებობის პირს ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის და დეკლარაციის შევსებისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები, განუმარტოს თანამდებობის პირს დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. სკ-ის 3.2 მუხლის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე, მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება ან ფუნქცია არ აქვს, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე განსახილველ სადავო სამართალურთიერთობასთან. სათანადო წესით გამოქვეყნებული მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქისათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი ნორმის არცოდნაზე მითითება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან. თანამდებობის პირი ვალდებულია და არა უფლებამოსილი გამოიჩინოს კომპეტენტურობა და გულისხმიერად მოექცეს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, როდესაც ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას და მეორე, როდესაც ჩამდენი არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12 მუხ.). ვინაიდან სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სუბიექტის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლის შედეგია სამართალდარღვევის ფაქტი, სამართალდარღვევის კვალიფიკაციისათვის სუბიექტის მოქმედების ან უმოქმედობის წინმსწრები და თანმდევია პირის განზრახვა/გაუფრთხილებლობა, რომლის დადგენაც უპირველესია სამართალდამრღვევად ცნობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებისათვის. ამდენად, გაუფრთხილებლობა ბრალის ერთ-ერთი ფორმაა. თუ არ არსებობს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა, არ არსებობს არც სამართალდარღვევისათვის მაკვალიფიცირებელი გარემოება და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, კერძოდ, უმოქმედობას. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი ერთი მხრივ ადგენს თანამდებობის პირის ვალდებულებას დეკლარაცია შეავსოს და წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, რომელზეც დამოუკიდებელი წვდომის შესაძლებლობა პირს არ გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ არ განსაზღვრავს ბიუროს ვალდებულებას თანამდებობის პირს მიაწოდოს ელექტრონულ პროგრამაში შესასვლელად საჭირო რეკვიზიტები წერილობითი მიმართვის გარეშე. ამჟამად მოქმედი რეგულაცია არ ითვალისწინებს წერილობით განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში პირის გაფრთხილებას დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისა და წარუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ბიუროს ვალდებულება პირის გაფრთხილების შესახებ ემსახურება სამართალდარღვევის გაუფრთხილებლობით ჩადენისაგან თავის არიდების პრევენციულ ღონისძიებას და არა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, პირის არგაფრთხილება შესაძლოა წარმოადგენდეს ბრალის ხარისხის განმსაზღვრელ ფაქტორს, გადაცდომის გაუფრთხილებლობით თუ განზრახ ჩადენას (აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში პირდაპირ განზრახ, არასწორი მონაცემების შეტანა, აგრეთვე დეკლარაციის განზრახ განმეორებით წარუდგენლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას). ამჟამად მოქმედი რეგულაციისაგან განსხვავებით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სანქციის გამოყენების შესაძლებლობას კანონის ძველი რედაქცია ადგენდა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პირის მიმართ დაცული იყო ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული - გაფრთხილების ვალდებულება შესაძლო დაჯარიმების თაობაზე. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ვალდებულება ასევე დადგენილი იყო სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 12.02.2014წ. №139 დადგენილების მე-2 მუხლით, რომელიც ადგენდა, რომ შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს თანამდებობაზე გამწესების თაობაზე ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ვალდებულება და გამწესებიდან ორი თვის ვადაში თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობა ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 14.10 მუხ.), დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო თანამდებობის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 14.9 მუხ., 20.1 მუხ.).

სააპელაციო სასამართლომ დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ნ. გ-ის ბრალის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კანონით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. გ-ეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა არა მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის, არამედ დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობის გამო. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 30.10.2017წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, 25.10.2017წ. ბიურომ მიიღო სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის 25.07.2017წ. №156/კ ბრძანება ნ. გ-ის სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თანამდებობის პირების დეკლარაციების ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბიუროში არ იყო გადაგზავნილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ეს მისი გამწესებიდან არათუ ორი თვის ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდეგ დაჯარიმების შესახებ განკარგულების მიღებამდე არ უცდია დეკლარაციის წარდგენა და წერილობითი მოთხოვნით ბიუროსათვის არ მიუმართავს, მათ შორის არ მიუმართავს არც 25.10.2017წ., როდესაც ბიუროსათვის ცნობილი გახდა მისი თანამდებობაზე გამწესების შესახებ. მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმ ნაწილში, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ნ. გ-ე არ იყო ვალდებული ბიუროსათვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ბრალის ელემენტის არსებობას, რაც მის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობაში გამოიხატა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს თანამდებობის პირის გამწესების შესახებ ბიუროსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დისციპლინური გადაცდომის არსებობის დადგენა და შეფასება. აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე გამწესების შესახებ ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაშიც, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბიუროს ვალდებულებას წერილობითი მიმართვის გარეშე გასცეს ელექტრონულ პროგრამაში შესვლისათვის საჭირო რეკვიზიტები, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბიუროსათვის ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობაში ნ. გ-ეს ბრალი არ მიუძღვის, განსახილველი დავის საგნის მიმართ არ არის რელევანტური. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ნ. გ-ის მიერ ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების არსებობის შეფასება, რაც კანონმდებლობით ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ვალდებულებაა, არამედ მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის კანონიერების შეფასება.

„სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.02.2012წ. №57 დადგენილების 1.1 მუხლით დამტკიცდა „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტი“, ამავე დადგენილების მე-7 მუხლის მიხედვით ამ დადგენილების შესრულების კოორდინაციის და მონიტორინგის განხორციელება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა. „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის“ I თავის პირველი მუხლის შესაბამისად, პროგრამა უზრუნველყოფს უწყების ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებასა და მუდმივ მონიტორინგს, ხოლო ამავე თავის მე-8 მუხლით პროგრამის მოდულები (ნაწილები) და მთლიანი პროგრამა უნდა იძლეოდეს „საქართველოს სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტით“ და „საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული ყველა მონაცემის (იგულისხმება პირველადი მონაცემები) წვდომის შესაძლებლობას საჯარო სამსახურის ბიუროსათვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება მითითებულ სისტემაში აიტვირთა, სადაც წვდომა გააჩნდა მოპასუხე ბიუროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ პროგრამაში მოცემული თანამდებობები უნდა შეესაბამებოდეს „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21.07.2001წ. №286 ბრძანებულებით განსაზღვრულ მთავარ, წამყვან, უფროს და უმცროს საჯარო თანამდებობებს. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტის 01.07.2001წ. №286 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ (ძალადაკარგულია 2014 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2015წ. №36 ბრძანებულებით), ასევე საქართველოს მთავრობის 29.09.2014წ. №576 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში“ გათვალისწინებული არ არის სსიპ ...ო ფონდის ...ი ...ის ...ის თანამდებობა, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემას აქვს აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი დატვირთვა და დანიშნულება, სისტემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ინსტიტუტების ეფექტურად რეალიზების მიზნებისთვისაა შექმნილი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოყენება/ასახვა მოხელის ვაკანტური თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნისას (34-ე მუხ.), მოხელის გადაყვანისას (47-ე-48-ე მუხ.), მოხელის შეფასებისას (53-ე მუხ.), მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებისას (54-ე მუხ.), დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლისას და პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნისას (101-ე მუხ.) და სხვ.. ამდენად, ამ სისტემას შემხებლობა არ აქვს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის დეკლარირების პროცესთან. ამასთან, ნ. გ-ის ამ თანამდებობაზე გამწესების დროისათვის კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების შესახებ ინფორმაციის ბიუროსათვის წერილობითი ფორმით მიწოდებას. სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე გამწესების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უფლებამოსილ პირს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის კანონით დადგენილ ვადაში წერილობითი ფორმით არ მიუწოდებია. დეკლარირების პროცესის დაწყებისათვის მოქმედი კანონი იმპერატიულად, უპირობოდ ადგენს ინფორმაციის ბიუროში წერილობითი ფორმით მიწოდების მოთხოვნას, აღნიშნული ვერ იქნება გაიგივებული აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებისათვის შექმნილი ადამიანური რესურსების ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის ატვირთვასთან. საფუძველს არის მოკლებული ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ინფორმაციის ატვირთვის გაიგივება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხდასთან. ამდენად, ბრძანების ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ატვირთვა და ბიუროს მიერ მასზე წვდომის შესაძლებლობა არ გულისხმობს დადგენილ ვადაში კანონით გათვალისწინებული ვალდებულების (დეკლარაციის წარდგენა) შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ამასთან, შემამსუბუქებელი გარემოებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, მას განვრცობითი ხასიათი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის მითითებული კანონმდებლობაში. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან ამავე კოდექსით განსაზღვრული ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. ამასთანავე, კანონის 20.1 მუხლი პირის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაჯარიმების შესახებ არ განეკუთვნება დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს, კანონიერი საფუძვლის არსებობა იწვევს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაზე მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში შესვლისათვის და დეკლარაციის შევსებისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესრულება თავის მხრივ უკავშირდება საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობით მიმართვებს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ კანონით დადგენილ ვადაში არც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილ პირს და არც თანამდებობის პირს არ მიუმართავს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის სისტემაში შესვლისათვის საჭირო რეკვიზიტების მისაღებად. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად, ბიური გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ამდენად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ მითითებული ნორმების დაცვის და შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე და არა სადეკლარაციო თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის შედეგად, ბიურო ხდება ვალდებული მიაწოდოს დეკლარანტს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები. მოცემულ შემთხვევაში ბიუროსათვის არც სსიპ ...ო ფონდის უფლებამოსილი პირს და არც თანამდებობის პირს (მოსარჩელე ნ. გ-ეს) კანონით დადგენილი წესით და კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტების მისაღებად. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბიუროს ვალდებულებას საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვის გარეშე პირისათვის ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტების გაგზავნას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. დამატებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ასკ-ის 30-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2019წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ. გ-ეს (პირადი №...) სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

5. ნ. მ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 28.11.2017წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარიდან - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი