Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-705(კ-20) 29 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - ა. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2016 წლის 20 სექტემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ა. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს №52/11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, მხარეთა შორის დავის განხილვისას, არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადგენილად არ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №2ვ კორპუსის წინ გამავალი საკანალიზაციო ქსელი და მასზე განთავსებული სათვალთვალო ჭები (რომლის მოწესრიგებასაც ითხოვს ა. ქ-ი), მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

კასატორი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით განმარტავს, რომ კორპუსის წითელ ხაზებში არსებული სატრანზიტო გაყვანილობები და სანტექნიკური მოწყობილობა-დანადგარები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას. მესაკუთრე კი, ამავე კანონის თანახმად, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები. აღნიშნულის შესაბამისად, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაწმენდი ობიექტი მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებში, ქსელზე მოვლა-პატრონობა სწორედ წითელი ხაზის შიგნით მოქცეული იმ ტერიტორიის მფლობელებს ეკისრება, რომლებიც წარმოადგენენ ტერიტორიის შიგნით არსებული სატრანზიტო გაყვანილობისა და სანტექნიკური მოწყობილობა-დანადგარების თანამესაკუთრეებს და არა წყლის მიმწოდებელ კომპანიას - შპს „...ს“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...სა“ და ა. ქ-ს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული 2016 წლის 4 აგვისტოს №52/11 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 8 ივლისს ა. ქ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას თბილისში, ...ის ქ. კორპუსი 2ვ-ს წითელ ხაზებში მოქცეული წყალარინების ჭების გაწმენდის მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები, ხოლო ამავე „წესების“ „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე, სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა.

ხსენებული „წესების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმომარაგებისას, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარული პირობების დაცვა.

ამავე „წესების“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ა. ქ-ის განცხადების საფუძველზე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „...ს“ მოსთხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. კორპუსი 2ვ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ქსელის ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, ჩაეტარებინა შესაბამისი სამუშაოები და შემდგომში აღნიშნული ქსელის მოვლა-პატრონობა უზრუნველეყო, რაზედაც შპს „...მა“ განაცხადა უარი იმ საფუძვლით, რომ გასაწმენდი ობიექტი მოქცეული იყო კორპუსის წითელ ხაზებში და შესაბამისად, მისი მოვლა კომპანიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განიხილა ა. ქ-ის განცხადება და სადავო 2016 წლის 4 აგვისტოს №52/11 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. შპს „...ს“ წყალარინების ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. კორპუს „2ვ“-თან არსებული წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 24-ე მუხლით გათვალისწინებულია წყალანირების სისტემების სარგებლობის წესები, კონკრეტულად კი, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ „წესის“ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად და ნათლად ადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას, წყალარინების ქსელის სათანადო მდგომარეობა უზრუნველყოს მომხმარებლის კუთვნილ ნაგებობამდე, რის გამოც საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ არ ევალებოდა ნაგებობის წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო ქსელის და მასზე განთავსებული სათვალთვალო ჭების მოვლა-პატრონობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკითხის მომწესრიგებელი ნორმა, სავალდებულოობის ელემენტის შემოღებით, სწორედ წყლის მიმწოდებელ კომპანიას აკისრებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე). ამასთან, იგივე ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოწესრიგებას და ადგენს მომხმარებლის ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოებისა და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობის მომხმარებლის მიერ განხორციელებას.

ამდენად, იმ პირობებში როდესაც სადავო მისამართზე გამავალი საკანალიზაციო ქსელი და მასზე განთავსებული სათვალთვალო ჭები ექცევა მიმწოდებლის მიერ მოვლა-პატრონობის არეალში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ წყლის მიმწოდებელი კომპანია, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეა ვალდებული უზრუნველყოს სადავო ტერიტორიასთან არსებული წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობა. ამგვარად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 4 აგვისტოს №52/11 გადაწყვეტილება მიღებულია სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 17.09.2020წ. №41 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება.

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.09.2020წ. №41 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე