საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-773(2კ-21) 17 მაისი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
2. ბ. მ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 27 აგვისტოს ბ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №1757100 ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბ. მ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის ქვეით პატრულთა სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (გამოსაცდელი ვადის მუშაობის პერიოდში თვეში 1200 ლარის, ხოლო შტატში ჩარიცხვის შემდგომ თვეში 1400 ლარის ოდენობით) თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №1757100 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ბ. მ-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის ქვეით პატრულთა სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება; ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. მ-ის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბ. მ-ის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №1757100 ბრძანება და ამავე სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ბ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის ქვეით პატრულთა სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გამოსაცდელი სამთვიანი ვადიდან დარჩენილი პერიოდით; სამინისტროს ასევე დაევალა ბ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან გამოსაცდელი ვადით დარჩენილი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით და ბ. მ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ბ. მ-ემ.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის. სამინისტროს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, მის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რა დროსაც საჯარო მოსამსახურის ნების გამოვლენას თავისი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას - გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, გათავისუფლდეს სამსახურიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენის აუცილებელი ელემენტია სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. კანონმდებლობა ნების გამოხატვის დროს ნების თეორიას ეყრდნობა. შინაგანი ნების გამოხატულებით, გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისთვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც ნების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას გულისხმობს. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი სურვილი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მოსარჩელის ნების გამოვლენის შედეგად მიღებული აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას ასევე არ ეთანხმება კასატორი ბ. მ-ე, კერძოდ, იგი არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ იძულებითი განაცდურის პერიოდი მოიცავს სადავო ბრძანების გამოცემიდან დღემდე განვლილ პერიოდს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც უცნობი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში გამოსცემდა თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მისი გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდით - 1 თვით აღდგენა დაავალა მოპასუხეს. ბ. მ-ის მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ იგი წარჩინებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სამინისტრო, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, გეგმავდა მის თანამდებობაზე დატოვებას. გამომდინარე აქედან, კასატორი ბ. მ-ე მიიჩნევს, რომ იგი თანამდებობაზე უნდა აღდგეს არა გამოსაცდელი სამთვიანი ვადიდან დარჩენილი პერიოდით, არამედ უვადოდ.
კასატორი ბ. მ-ე ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითებს, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არა 600 ლარი, არამედ 4400 ლარი, ვინაიდან საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატის კუთვნილი გასამრჯელოს ერთჯერადად განსაზღვრა უკანონო და უსამართლოა, რადგან ამ ლოგიკით, სასამართლოს დანარჩენ ინსტანციებში ადვოკატი, ფაქტობრივად, მხარეს ემსახურება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს პირადი განცხადების საფუძველზე ბ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერება, მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. კანონი ასევე განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. მ-ე 2018 წლის 18 მაისიდან სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის ქვეით პატრულთა სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის მიმართ ვრცელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე „წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს. იგივე შინაარსის მატარებელია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს ბ. მ-ემ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის მოთხოვნით. პატაკი საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 2018 წლის 17 ივლისს. 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა შს მინისტრს და ითხოვა მისი თანხმობა ბ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებით, ბ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს ბ. მ-ემ შს მინისტრს მიმართა განცხადებით, სადაც მან აღნიშნა, რომ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე პატაკი დაწერა შესაბამისი თანამდებობის პირების მითითების შესაბამისად, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ხსენებული განცხადებით ბ. მ-ემ ითხოვა საქმის გარემოებების შესწავლა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ბ. მ-ის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალები. სამსახურებრივი შემოწმების მასალებში დაცულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის - ზ. ჭ-ას 2018 წლის 24 აგვისტოს ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნული პიროვნება განმარტავს, რომ იგი ხელმძღვანელობს პირადი შემადგენლობის დანიშვნას, გადაადგილებას, პატაკების მომზადებას საკადრო კუთხით და ურთიერთობას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან. ზ. ჭ-ას განმარტებით, შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მიმდინარეობდა სპეციალური შემოწმება, რის შედეგადაც გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტიდან, ბ. მ-ის მიმართ ცნობის სახით შეტანილ იქნა უარყოფითი ინფორმაცია, რომელზეც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დაადო უარყოფითი რეზოლუცია, რომ ბ. მ-ეს აღარ გაეგრძელებინა მუშაობა დაკავებულ თანამდებობაზე. ზ. ჭ-ას განმარტებით, მან აცნობა მოსარჩელეს, რომ უნდა დაეწერა პატაკი დათხოვნის შესახებ, რაც ამ უკანასკნელმა მიიღო გაგებით და დაემორჩილა მითითებას. ბ. მ-ის პატაკი დათხოვნის შესახებ გადაგზავნილ იქნა შსს კადრების დეპარტამენტში და მოხდა მისი დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პოზიციისა და გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს ასევე თავად ბ. მ-ის ახსნა-განმარტებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ ზ. ჭ-ასთან საუბრის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეწერა პატაკი დათხოვნის შესახებ, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა. ბ. მ-ის განმარტებით, მის მიმართ შსს სისტემიდან დათხოვნისას რაიმე სახის იძულებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ხელმძღვანელი პირების ნებას, დაეწერა პატაკი დათხოვნის შესახებ, დაემორჩილა მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ხელმძღვანელობის მხრიდან დათხოვნის შესახებ პატაკის დაწერის მოთხოვნის წაყენება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მან ვერ შეძლო, გაეაზრებინა მისი ქმედების (პატაკის დაწერა) ადეკვატურობა.
საყურადღებოა, რომ ბ. მ-ეს აღნიშნული თანამდებობა დაკავებული ჰქონდა რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და მხოლოდ 2018 წელს მოახერხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის დასაწყებად საჭირო ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვა (ფიზიკური დონის შემოწმება, ნორმატივები, სამედიცინო შემოწმება, გაიარა მომზადება შსს პოლიციის აკადემიაში). ასევე, დადგენილია, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პერიოდში მოსარჩელე მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, მის მიერ ადგილი არ ჰქონია მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ბ. მ-ეს მუშაობის პერიოდში არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა და დათხოვნის შესახებ პატაკის დაწერის დღესაც - 2018 წლის 17 ივლისსაც, სამსახურებრივ მოვალეობას ჩვეულ რეჟიმში ასრულებდა.
განსახილველ საქმეზე, საკასაციო პალატამ 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებაში განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დაცვის საჭიროების არარსებობა არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების განხილვისას უწყების მიერ განმცხადებლის ნამდვილი ნების დადგენის საჭიროება არ დგება ავტომატურად ყველა შემთხვევაში. ამგვარი საჭიროება დგება უკეთუ გონიერ დამკვირვებელს წარმოეშვება ეჭვი განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ (2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ზ. ჭ-ას ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია ბ. მ-ის ნების ფორმირებაზე ადმინისტრაციის მხრიდან ზემოქმედების ფაქტის არსებობა. ასევე დადგენილად მიიჩნია ბ. მ-ის მიერ განთავისუფლების შესახებ პატაკის არანებაყოფლობით დაწერის ფაქტი და განმარტა, რომ ბ. მ-ე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაემორჩილა ხელმძღვანელი პირების ნებას, დაეწერა პატაკი დათხოვნის შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის სადავო ბრძანების გამოსაცემად აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი სააპელაციო სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის პერიოდს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამდენად, პირის თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ბ. მ-ე დაკავებულ თანამდებობაზე დანიშნული იყო სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადაც იწურებოდა დათხოვნის შესახებ პატაკის დაწერიდან ერთი თვის შემდეგ - 2018 წლის 18 აგვისტოს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მიხედვით კი, გამოსაცდელი ვადით პირის დანიშვნა უპირობოდ არ ნიშნავს უწყებაში მის უვადოდ დასაქმებას, არამედ პირის უვადოდ დანიშვნის საკითხი წყდება გამოსაცდელი ვადის დასრულებისას. განსახილველ შემთხვევაში განთავისუფლების თაობაზე ბრძანება გამოიცა ბ. მ-ის გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, მის მიმართ გამოსაცდელი ვადა არ იყო დასრულებული, მისი საქმიანობის შედეგები არ იყო შეფასებული და იგი არ იყო უვადოდ დანიშნული მოხელე. „გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ხდება მოხელის შეფასება ხელმძღვანელის მიერ, მოწმდება მისი პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობების და მისი კომპეტენციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-898(კ-19)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შტატში ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტა სცილდება განსახილველი საქმის დავის საგანს. ამგვარად, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბ. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, გამოსაცდელი სამთვიანი ვადიდან დარჩენილი პერიოდით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, ბ. მ-ის გამოსაცდელი სამთვიანი ვადიდან დარჩენილი პერიოდით სამსახურში აღდგენის პირობებში, იძულებითი განაცდურის ოდენობაც განისაზღვრება მხოლოდ გამოსაცდელი ვადით მუშაობის პერიოდის განსაზღვრული ხელფასის განაკვეთით. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის - ბ. მ-ის საკასაციო პრეტენზია საშტატო განაკვეთის მისთვის დანიშვნის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ბ. მ-ის საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე გაწეულ პროცესის ხარჯებს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ოდენობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმის სირთულის, სპეციფიკის, განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ. მ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით 600 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე