Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 47 დად 1 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),

ნ. გვენეტაძე,

მ. ისაევი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასჯელის მოხდისა და წინასწარი პატიმრობის ადგილებში კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული მ. ა-ძე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მ. ლ-ძეს, საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით) და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით ერთობლივად შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 13 მარტის დადგენილებით მსჯავრდებული მ. ა-ძე პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან.

კასატორი საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის იმ მოტივით, რომ მოსამართლემ სრულყოფილად არ შეისწავლა მსჯავრდებულ მ. ა-ძის პირადი საქმე. პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, არ გაარკვია, რამდენად კანონიერი იყო მსჯავრდებულ მ. ა-ძეზე დადებითი დახასიათების გაცემა და იდგა თუ არა იგი გამოსწორების გზაზე. სინამდვილეში მსჯავრდებული მ. ა-ძე სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდებოდა უარყოფითად და რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის 6-ჯერ იყო დასჯილი.

პროკურორი გ. მ-ძე ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში სხვა მოსამართლისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალების შემოწმებით ირკვევა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ა-ძის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილის ადმინისტრაციის დახასიათებას, რომლის მიხედვითაც მ. ა-ძე არის ე.წ. “კანონიერი ქურდი”, საპყრობილეში ყოფნის განმავლობაში სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, პატიმრებში სარგებლობს ავტორიტეტით, საპყრობილის თანამშრომლებთან ურთიერთობაში თავაზიანია, იცავს პირად ჰიგიენას, დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.

მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული მ. ა-ძე ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილეში გადაიყვანეს 2000 წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც რუსთავის ¹ 1 დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილ იქნა გვირაბი და ოპერატიული მონაცემების თანახმად, პატიმრები მიწისქვეშა გვირაბის გათხრის გზით გეგმავდნენ დაწესებულებიდან მასობრივ გაქცევას.

მ. ა-ძის პირადი საქმის მასალებით გაურკვეველია, რამდენად კანონიერად იყო მოთავსებული მსჯავრდებული მ. ა-ძე ¹ 5 საპყრობილეში 2000 წლის 29 დეკემბრიდან 2001 წლის 13 მარტამდე, მაშინ, როდესაც ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ მსჯავრდებულების, რომლებიც გადაყვანილი არიან თავისუფლების აღკვეთის ერთი ადგილიდან მეორეში, საპყრობილეში დროებით მოთავსება დასაშვებია არა უმეტეს 10 დღისა.

როგორც ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილის დახასიათებასა და წარდგინებაში, ასევე მოსამართლის დადგენილებაში არასწორადაა მითითებული, თითქოს მსჯავრდებული მ. ა-ძე არ იყო ნასამართლევი, მაშინ, როდესაც პირად საქმეში არსებული მასალებითაც და სასამართლო სხდომის ოქმითაც ირკვევა, რომ იგი უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენამდე, გასამართლებულია გურჯაანის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 29 დეკემბერს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და V პუნქტებით და სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ისიც, რომ ზემოთ მითითებული დახასიათება და წარდგინება მოიცავს მხოლოდ მსჯავრდებულ მ. ა-ძის ქცევას ქ. თბილისის ¹ 5 საპყრობილეში ყოფნის პერიოდში და მათში არაფერია ნათქვამი მსჯავრდებულის ქცევის შესახებ სასჯელის მოხდის მთლიანი პერიოდის მანძილზე, რა პერიოდშიც იგი არაერთგზის იქნა დასჯილი რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის.

მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული 2000 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დახასიათებით მ. ა-ძე ხასიათდება უარყოფითად. აღნიშნული დახასიათების თანახმად, იგი ხშირად არღვევს კოლონიის შინაგანაწესს და რეჟიმის მოთხოვნებს, ამხანაგობს იმ კატეგორიის მსჯავრდებულებთან, რომლებიც ხასიათდებიან უარყოფითად და თავისი მოქმედებითაც ცდილობს უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარშემომყოფ მსჯავრდებულებზე, ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში უხეშია, არის ე.წ. “კანონიერი ქურდი”.

გარდა ამისა, პირად საქმეში ჩაკერებულია ¹ 9 კოლონიის ოპერრწმუნებულის, პოლიციის ლეიტენანტ ტ-შვილის მიერ შედგენილი საორიენტაციო ცნობა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებული მ. ა-ძე არის ქურდული ტრადიციების ფანატიკური თაყვანისმცემელი, აზარტული თამაშებისა და სპირტიანი სასმელების მოყვარული, უხეში, დაუნდობელი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ, ადვილად ახდენს უარყოფით გავლენას პატიმრებზე, ჩაფიქრებული აქვს, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევის დროს ჩაიდინოს გაქცევა, სიმთვრალის დროს კარგავს ორიენტაციას, სისტემატურად არღვევს რეჟიმს და კანონიერ მოთხოვნებს.

ამასთან, მსჯავრდებულის პირად საქმეში არ არსებობს მონაცემები, მ. ა-ძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოტანილი საყვედურების მოხსნის თაობაზე.

ამდენად, მოსამართლემ ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მ. ა-ძის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რის გამოც მოსამართლის 2001 წლის 13 მარტის დადგენილება მ. ა-ძის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისას აღნიშნული საკითხი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსების საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 562-ე, 563-ე, 568-ე და 570-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ მ. ა-ძის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.