Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1272(კ-20) 24 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 15 მაისის სს „...ომ“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 15 აპრილის №04/20549 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 01 მაისის №04/23135 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 15 აპრილის №04/20549 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 01 მაისის №04/23135 გადაწყვეტილებები, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლე), რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართი არეგულირებდა პროგრამის ადმინისტრირების პირობებს. აღნიშნული დანართის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა განმახორციელებელთან (სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან) არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი იყო, თუ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა შემსრულებელს განმახორციელებელთან. დოკუმენტაციის წარდგენა ხდებოდა როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი სახით. შესაბამისად, გარკვეული სახის დოკუმენტაცია უნდა წარდგენილიყო მატერიალური სახით და მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენა არ იყო საკმარისი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის - სს „...ოს" მიერ ნაბეჭდი დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა არა იმავე თვეში, არამედ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რითიც დარღვეული იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები. კასატორის მითითებით, კანცელარიის სპეციალისტი, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, არ ამუშავებს წარდგენილ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამიტომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, დამოწმებული კანცელარიის ბეჭდით, სადაც მითითებულია მხოლოდ ფურცლების რაოდენობა, ვერ დაადასტურებს რომელ კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით არის სამედიცინო დოკუმენტაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ არ ამუშავებს დოკუმენტაციას მიღების დროს. აღნიშნულს აკეთებს უშუალოდ ინსპექტირების კუთხით მომუშავე თანამშრომელი, რომელიც აფორმებს შესაბამის შემთხვევათა რეესტრს, თუ რომელი სამედიცინო შემთხვევათა დოკუმენტაცია ჩაიბარა. აღნიშნული რეესტრები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რამდენიმე შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაცია დაგვიანებით ჩაბარდა სააგენტოს, სხვა შემთხვევების სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოსცა სადავო ადმინისტრაციული აქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 15 აპრილის №04/20549 სადავო გადაწყვეტილებით, სს „...ოს“ დაევალა შესაბამის შემთხვევებზე ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება 483,60 ლარის ოდენობით. აღნიშნულის საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მატერიალური სახით ვადის გადაცილებით წარადგინა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით, ხოლო მესამე პუნქტის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,...ომ" 2016 წლის 19 აპრილსა და 16 ივნისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და ასანაზღაურებლად წარადგინა 2016 წლის მარტსა და მაისში შესრულებული სამუშაოების საფინანსო დოკუმენტაცია მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების ფარგლებში. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა შესაბამისად 2016 წლის 16 ივნისსა და 08 ნოემბერს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მაისის დოკუმენტაციის მონიტორინგი განხორციელდა 2016 წლის დეკემბერში, რა დროსაც დადგინდა, რომ დოკუმენტაციის ნაწილი მატერიალური სახით წარდგენილი იყო ვადაგადაცილებით. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც დგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი ორმხრივი ხელმოწერით, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად, არ ხდება მისი ჩაბარება და მიმწოდებელს ეძლევა ვადა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის რაიმე მიზეზით დახარვეზება. შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოდგენილი საკსაციო საჩივრის ფარგლებში ვერ დაადასტურა გასაჩივრებული განჩინების არამართებულობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. №08174 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. №08174 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა