საქმე #ბს-1158(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 27 აგვისტოს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 ივლისის #... წერილის (სააგენტოში რეგისტრაციის თარიღი: 2020 წლის 27 ივლისი) თანახმად, 2018 წლის 11 აპრილს მოქალაქე გ. ლ-ემ (პ/ნ ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში #... განცხადებით მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ...ში, სოფელ ...ში მდებარე 783 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აპრილის #...-06 გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდით ...) დარეგისტრირდა გ. ლ-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაწილეობისა და ინფორმირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, მდებარეობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არასათანადოდ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ამასთან, ზემოთმითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს სააგენტოს კანონიერ ინტერესებს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აპრილის #...-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხლი). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხლი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხლი). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განაცხადების საფუძველზე, რომელსაც უფლებადამდგენ დოკუმენტებად მარეგისტრირებელი ო...ოსათვის წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის 1995 წლის 10 მაისის მიღება-ჩაბარების #509 აქტი და საქართველოს ეროვნული არქივის 17.04.2018წ. #13/55438 საარქივო ცნობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა გ. ლ-ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #509 აქტი, რომელიც გამოცემული იყო 2012 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები, ამასთან, ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღები იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გ. ლ-ის 2018 წლის 11 აპრილის #... განცხადების განხილვის დროს ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულ იქნა, რამდენადაც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული.
კასატორის მოსაზრებით, სადავო რეგისტრაცია წინააღმდეგობაშია ტყის კოდექსთან, კერძოდ, მითითებული კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებიდან სადავო ფართობის ამორიცხვის შესახებ. ტყის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, კონკრეტულად, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სრულიად სხვა პროცედურით (არა მხოლოდ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით ე.წ. დაზუსტებული საკადასტრო ნახაზების წარდგენის გზით), რომელშიც გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსი (რომელიც დაკორექტირების, ანუ ამორიცხვის პროცედურების საბოლოო ეტაპზე არეგისტრირებს ამ ცვლილებას), ასევე მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სამთავრობო დაწესებულებები და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
კასატორის მითითებით, ტყის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები დადგენილია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებით. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებით განსაზღვრულ კოორდინატებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს ცვლის, უკავშირდება თავად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობას, რაც, კასატორის აღნიშვნით, ასევე არ განხორციელებულა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის კანონშეუსაბამო.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ #509 მიღება-ჩაბარების აქტი წარმოშობდა სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კერძოდ, მითითებული დოკუმენტითა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზით უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო გამოეყენებინა მისთვის კანონით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა და საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ იდენტურობის დადგენის შესახებ ბრძანების მომზადების შემდგომ (მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აპრილის #...-06 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 აპრილის #...-06 გადაწყვეტილება მიღებულია გ. ლ-ის 11.04.2018წ. #... განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას ...ის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 783 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...). გ. ლ-ემ განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტო აზომვითი ნახაზი, საკომლო წიგნიდან ამონაწერი და სარეგისტრაციო მოწმობა. ამავე განცხადებაში გ. ლ-ემ მიუთითა, რომ თუ მის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდებოდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, ამ შემთხვევაში, იგი თანახმა იყო, მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთი (ს.კ. ...) - 789 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის წინა #...) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ. ლ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია მიწის ნაკვეთის #509 მიღება-ჩაბარების აქტი, 17.04.2018წ. #13/55438 საარქივო ცნობა.
ამასთან, 1995 წლის 10 მაისის მიწის ნაკვეთის #509 მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ თ. ლ-ეს სარგებლობაში გამოეყო მიწები - 0.28 ჰა, 4 ნაკვეთად:
1. ნაკვეთი, ...ი - 580 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება - გზა, სამხრეთით - დ. ხ-ე, აღმოსავლეთით - დ. ლ-ე, დასავლეთით - კ. ბ-ი;
2. ნაკვეთი, ვენახი ეზოსთან - 165 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება - გზა, სამხრეთით - დ. ბ-ი, აღმოსავლეთით - კ. ბ-ი, დასავლეთით - გზა;
3. ნაკვეთი, ლ-ეების უბანი - 314 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება - გზა, სამხრეთით - საძოვარი, აღმოსავლეთით - გ. მ-ე, დასავლეთით - დ. ლ-ე;
4. ნაკვეთი, ...ი - 1725 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება - ზ. ჩ-ე, სამხრეთით - გ. მ-ე, აღმოსავლეთით - ზ. ლ-ე, დასავლეთით - ი. მ-ე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით (151.1 მუხლი). სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით (151.2 მუხლი). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე (151.3 მუხლი). საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე (151.4 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განაცხადების საფუძველზე, რომელსაც უფლებადამდგენ დოკუმენტებად მარეგისტრირებელი ო...ოსათვის წარდგენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის 1995 წლის 10 მაისის #509 მიღება-ჩაბარების აქტი და საქართველოს ეროვნული არქივის 17.04.2018წ. #13/55438 საარქივო ცნობა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა გ. ლ-ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და განაცხადა თანხმობა კორექტირების შესახებ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, არის მიწის ნაკვეთის #509 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცულ იქნა კანონის მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიმღებია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) საკასაციო საჩივარზე 24.08.2021წ. #13078 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.08.2021წ. #13078 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა