საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-782(კ-20) 3 მაისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ქ-ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ქ-ემ 2015 წლის 13 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 10 ივნისის №1-1/230 ბრძანების ბათილად ცნობა და ამავე სამინისტროსათვის ე. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 10 ივნისის №1-1/230 ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ე. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სადავო ბრძანება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ე. ქ-ის მიერ არ იქნა შევსებული სამინისტროს მიერ მისი განცხადებისათვის დადგენილი ხარვეზი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალიდან ცალსახად დგინდება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე ინფორმაცია, კერძოდ, ე. ქ-ეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №6/37987 წერილი და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილი ჩაბარდა 2014 წლის 13 ოქტომბერსა და 24 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში წარდგენილ იქნა 2015 წლის 10 მარტს. კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 10 ივნისის №1-1/230 ბრძანების კანონიერება, ასევე, №5042/21 ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელის საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება, ხოლო 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ქ-ემ 2015 წლის 10 მარტს №5042/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №3/37987 წერილისა და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №04/2772 წერილით ე. ქ-ეს წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი. მხარეს განემარტა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისთვის ჩაბარების თარიღი და შესაბამისად, ვერ დგინდებოდა მათი კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების ფაქტი. ამავე წერილით საჩივრის ავტორს დაევალა მითითებული აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. 2015 წლის 24 აპრილს ე. ქ-ემ სამინისტროს წარუდგინა წერილი (ადმინისტრაციული საჩივარი), რომელსაც სადავო აქტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ერთვოდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 10 ივნისის №1-1/230 ბრძანებით ე. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განცხადების განუხილველად დატოვებისას, ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგარეჯოს რაიონულ გამგეობასა და ე. ქ-ეს შორის 2003 წლის 20 იანვარს გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ე. ქ-ეს სარგებლობაში გადაეცა საგარეჯოს რაიონში მდებარე 500 ჰა მიწის ნაკვეთი (საძოვარი). დადგენილია, რომ ე. ქ-ემ იჯარით გადაცემული ქონების პრივატიზების მოთხოვნით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რაზედაც ე. ქ-ეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 31 აგვისტოს №432 წერილით ნება დაერთო და განემარტა საპრივატიზებო თანხის ოდენობისა და გადახდის თარიღის შესახებ. დადგენილია, რომ ე. ქ-ემ გადაიხადა სააგენტოს მიერ მითითებული თანხა, თუმცა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის პრივატიზება არ განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ე. ქ-ის მხრიდან სააგენტოსადმი სადავო ქონების პრივატიზების მოთხოვნით არაერთხელ მიმართვის ფაქტი. ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს გაცემული აქვს არაერთი პასუხი (მათ შორის, 2014 წლის 10 ოქტომბრის №3/37987 წერილისა და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილის სახით), საძოვრის კერძო საკუთრებაში გადასვლის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 10 ივნისის №1-1/230 ბრძანებით ე. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდებოდა სადავო აქტების ჩაბარების თარიღი, ასევე, გაურკვეველი იყო საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო თუ არა აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
საყურადღებოა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე. ქ-ეს, მისი მოთხოვნის საპასუხოდ, განუმარტა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი, თუმცა სააგენტოს მიერ წარმოდგენილ მასალებში არ არის დაცული მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სააგენტოს წერილების მოსარჩელისათვის ჩაბარების თარიღის დადგენა. უფრო კონკრეტულად, საქმეში არსებული და სააგენტოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მოსარჩელისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №3/37987 წერილისა და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილის ჩაბარება, საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათებით კი შეუძლებელია დადგინდეს სააგენტოს მიერ ე. ქ-ისათვის გაგზავნილი აქტების (წერილების) რეკვიზიტები (აქტის თარიღი, ნომერი და ა.შ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან არ დგინდება ე. ქ-ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კონკრეტულად 2014 წლის 10 ოქტომბრის №3/37987 წერილისა და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილის ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი ზემოხსენებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით მიმართვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე. ქ-ისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 10 ოქტომბრის №3/37987 წერილისა და 2014 წლის 18 დეკემბრის №6/49489 წერილის ჩაბარების თარიღს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ე. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ ე. ქ-ემ გაუშვა კანონით დადგენილი აქტის გასაჩივრების ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე