Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-874(კს-21) 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 416-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. წ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, ე. წ-ის წარმომადგენლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ე. წ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრცაიულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, ე. წ-ის კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი (იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში) და კერძო საჩივრის შემოტანის დროისთვის მოქმედი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, რომლითაც დადასტურდებოდა საარსებო შემწების მიღება ან სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაიგზავნა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლოსათვის ცნობილ ორ მისამართზე, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის შემდეგ საკასაციო პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინების საფუძველზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შესახებ განჩინების საჯარო გამოქვეყნებით ე. წ-ს ეცნობა მის კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2022 წლის 24 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 3 მარტს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 4 მარტს და ამოიწურა 2022 წლის 14 მარტს. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავი განსაზღვრავს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და თავისებურებებს. აღნიშნული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების სპეციალურ წესს, სასამართლოს მიერ ამ საკითხის შემოწმება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა განხორციელდეს.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. წ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. წ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა