გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 21 20 თებრვალი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები : გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი კ. მაჭავარიანის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე ი. ქ-ძის მიმართ, დაზარალებულ მ. დ-ძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 961, 133-ე, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) ბრალდების ნაწილში და ნ. გ-იანის მიმართ, დაზარალებულ ბ. ს-ძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 961, 133-ე, 97-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 128-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში, დამატებით გამოძიების ჩასატარებლად, დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
ამავე საქმეზე ი. ქ-ძის, ნ. გ-იანის, მ. ე-ძისა და ი. ჯ-ელის მიმართ სხვადასხვა ბრალდების ეპიზოდებში დადგენილია განაჩენი, რომელიც მხარეების მიერ საკასაციო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული.
პალატამ მოიმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით ი. ქ-ძეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისავთის:
1999 წლის აგვისტოს თვეში ი. ქ-ძემ, ნ. გ-იანმა და ამ უკანასკნელის ნათესავმა გ. ნ-იანმა წინასწარ მოილაპარაკეს, რომ ყაჩაღური თავდასხმის გზით, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით გაეტაცათ ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქ. 80-ში მდებარე საქართველო-ბელგიის ერთობლივი კომპანია “თმთ-ინ-ჯორჯიას” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, “ტოიოტა ლენდ კრეიზერი პრადო”, რა მიზნითაც 1999 წლის 16 აგვისტოს დაახლოებით 19 საათსა და 45 წუთზე, კომპანია “თმთ-ინ ჯორჯია” გენერალურ დირექტორ მ. დ-ძეს, რომელიც სამსახურის შემდეგ თბილისიდან ბრუნდებოდა დაბა წავკისში მდებარე სააგარაკე ბინაში, გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე, თბილისი-ოქროყანა-კოჯრის შემაერთებელი გზის მახლობლად წამოეწია. ქ-ძე რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნებით თეთრი ფერის ვაზ-2107 მოდელი “ჟიგულით”. ა\მანაქანაში ი. ქ-ძის გარდა ისხდნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გ. ნ-იანი და გ-იანი. როდესაც ავტომანქანები ერთმანეთს გაუსწროდნენ, მძღოლის გვერდით სავარძელზე მჯდომმა ნ. გ-იანმა ანიშნა მ. დ-ძეს, გაეჩერებინა ა\მანქანა, რაც მან შეასრულა, ხოლო ნ. გ-იანი თავის მხრივ გადავიდა “ჟიგულის” მოდელის ა\მანქანიდან თვითნებურად მიითვისა ხელისუფლების, თანამდებობის პირის წოდება, მივიდა მ. დ-ძესთან და თავი გააცნო როგორც პოლიციის მუშაკი და წარუდგინა ი. ქ-ძის პოლიციის მუშაკის დამადასტურებელი მოწმობა, თან სთხოვა წარედგინა მისთვის ა\მანქანის ტექნიკური პასპორტი. მ. დ-ძემ ეჭვი ვერ შეიტანა იმაში, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, დაემორჩილა ნ. გ-იანს, გადმოვიდა ა\მანქანიდან და ამ უკანასკნელის თხოვნით მივიდა “ჟიგულის” მოდელის ა\მანქანასთან, რა დროსაც ი. ქ-ძე, გ. ნ-იანი და ნ. გ-იანი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ძალადობით ჩასვეს ა\მანქანაში. ი. ქ-ძემ ორივე ხელზე დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვეს ნიღაბი და დასჯის მუქარით აიძულეს მ. დ-ძე, არ გაეწია მათთვის წინააღმდეგობა, მოუსპეს მას შეუზღდავად გადაადგილების საშუალება და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების, კერძოდ, ავტოსატრანპორტო საშუალების გატაცების მიზნით მოიტაცეს მ. დ-ძე, ხოლო მისი კუთვნილი ა\მანქანა “ტოიოტა ლენდ კრაიზერი პრადო” გაიტაცეს. აღნიშნული ა\მანქანა ნ. გ-იანმა იმავე დღეს ჩაუყვანა ცხინვალში ა. ც-ოვს.
უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მ. დ-ძე, ხელბორკილდადებული, ფიზიკური განადგურების მუქარით, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ მოტაცებული ი. ქ-ძეს და დანარჩენ პირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ნ. გ-იანი უკვე ჩასული იქნებოდა ცხინვალში, იგი მიიყვანეს ავჭალის დასახლების ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას, ჩამოსვეს მანქანიდან, თვითონ კი მიიმალნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ მხარეს მიაყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი.
ნ. გ-იანს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისავთის:
1999 წლის 28 აპრილს ნ. გ-იანი, ი. ჯ-ელი და მ. ე-ძე, შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღებით, რასაც უკანონოდ სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდნენ, დაახლოებით 23 საათზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ბ. ს-ძეს ქ. თბილისში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ინსტრუმენტალური ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ეს უკანასკნელი აჩერებდა მანქანას. გაიტაცეს იგი და 41 ათას აშშ დოლარად ღირებული მისი კუთვნილი ა\მანქანა “მერსედეს ჯიპი”. წინასწარ შეთანხმებისამებრ, მათ გორის შესასვლელთან დახვდნენ ქ. ცხინვალის მკვიდრი ა. ც-ვი, ხ. ა-ვი, რომელთა მეშვეობით ბ. ს-ძე გადაიყვანეს ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზში, სადაც იგი მოათავსეს წინასწარ შერჩეული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ოთახში და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ჰყავდათ ჩაყენებული სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, მას შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.
ნ. გ-იანი და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები მოკვლისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუქარით აიძულებდნენ ბ. ს-ძეს მშობლებისათვის მოეთხოვა გამოსასყიდის სახით მილიონნახევარი ამერიკული დოლარის გადახდა. 1999 წლის 9 ოქტომბერს ბ. ს-ძე გათავისუფლდა და დაუბრუნდა თავის ოჯახს.
სასამართლო კოლეგიამ ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა შემდეგი მითითებით: ბრალდების მხარემ ი. ქ-ძისა და ნ. გ-იანის ბრალდების დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო დაცვის მხარემ მათ გასამართლებლად, ასევე, ვერ წარმოადგინა ჯეროვანი და საკმაო მტკიცებულებანი. დაზარალებული მ. დ-ძის ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც მოითხოვს სათანადო გამოკვლევასა და შეფასებას.
დამატებით გამოძიების დროს უნდა დადგინდეს იმ პოლიციელის ვინაობა ვინც ეჭვი გამოთქვა ი. ქ-ძის დამნაშავეობის შესახებ; დეტალურად უნდა მოხდეს მისი დაკითხვა, ხოლო მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება. აღნიშნული პოლიციელის დადგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისავთის; ა. ც-ის დაკავების შემდგომ, დამატებით გამოძიების გზით, უნდა გაირკვეს, 1999 წლის აგვისტოს თვეში მართლაც მიიყვანეს თუ არა მასთან მ. დ-ძის დასახელებული მოდელის და ნომრის ავტომანქანა. ასევე, უნდა გაირკვეს მ. ქ-ძისა და სხვათა მიერ ავტომანქანის გატაცებისა და მასთან ტელეფონის საუბრის დეტალები.
დამატებით გამოძიების დროს უნდა ჩატარდეს სასამართლო ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, როგორც გამოსახულების, ასევე, ხმის იდენტიფიკაციის მიზნით.
სასამართლო კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, აგრეთვე, იმაზე, რომ წინასწარი გამოძიება ნ. გ-იანის მიმართ, დაზარალებული ბ. ს-ძის მოტაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მისი ავტომანქანის გატაცების ეპიზოდში, წარმოებულია არასრულყოფილად; არაა დადგენილი და დაკითხული ალან ცხოვრებოვი, რომლის დაკითხვის გარეშე შეუძლებელია ნ. გ-იანის მიმართ განაჩენის დადგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით პროკურორი კ. მ-ნი ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.
წარმოდგენილი შესაგებელით მსჯავრდებულები ი. ქ-ძე და ნ. გ-იანი ითხოვენ სასამართლო კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიას სრულყოფილი სასამართლო გამოძიების ჩატარების შედეგად შეეძლო მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ ბრალდებული ა. ც-ვი არაა დაპატიმრებული და დაკითხული, არ უნდა გამხდარიყო საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი, რადგან მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, სასამართლო კოლეგიას კი შეეძლო განჩინებაში მითითებული სხვა საკითხების შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება.
მსჯავრდებულმა ი. ქ-ძემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ა-ძემ მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნეს, რომ დამატებით გამოძიებით შესაძლებელი იქნება დადგინდეს ი. ქ-ძის უდანაშაულობა.
მსჯავრდებულმა ნ. გ-იანმა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა, რომ უარი თქმოდა საჩივრის მოთხოვნას, ხოლო განჩინება კი დატოვებულყოფილიყო უცვლელად.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო კოლეგიას, საქმეში არსებული მასალების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, შეეძლო მიეღო არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება, ისე, რომ საქმე ბრალდების ძირითად ეპიზოდებში არ დაებურნებინა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ. დ-ძის ჩვენებები წინააღმდეგობრივია, არ შეიძლება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი გახდეს, რადგან სასამართლოს მისი დეტალური დაკითხვით შეეძლო შეეფასებინა მ. დ-ძის ჩვენების რეალობა. პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას შესაძლებელია დაზარალებულ მ. დ-ძის ჩვენების შეფასება, რაც არ სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს.
ის გარემოება, რომ წინასწარი გამოძიების დროს ვერ იქნა დადგენილი ალან ცხოვრებოვის ადგილსამყოფელი და ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა, არ შეიძლება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი გახდეს. ა. ცვი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგია თავის განჩინებაში სხვადასხვა დამტკიცებულ საბუთებს აძლევს შეფასებას და არ მიიჩნევს მათ უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად, ხოლო საქმეს კი აბრუნებს დამატებით გამოძიებაში მაშინ, როდესაც თვითონ უნდა მიეცა შეფასება მტკიცებულებებისავთის და მიეღო გადაწყვეტილება.
პალატა თვლის, რომ, თუ კი სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა, რომ საქმეზე ჩასატარებელი იყო რაიმე საგამოძიებო მოქმედება, ასეთი მას შეეძლო დაევალებინა წინასწარი გამოძიების ორგანოსათვის, ისე, რომ საქმე არ დაებრუნებინა დამატებით გამოძიებისავთის.
პალტა აღნიშნავს, რომ განჩინებაში მითითებული სხვა საკითხების შემოწმება არ სცილდება სასამართლოს შესაძლებლობის ფარგლებს, ამიტომ სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს კოლეგიის შემადგენლობას. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინება ი. ქ-ძის მიმართ, სსკ-ის 961, 133-ე, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ნ. გ-იანის მიმართ _ საქართველოს სსკ-ის 961-ე, 133-ე, 97-ე მუხლის მეორე ნაწილით და 128-ე მუხლით გათვალისწინებულ ეპიზოდებში, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება_პატიმრობა _ ი. ქ-ძისა და ნ. გ-იანის მიმართ დარჩეს უცვლელად სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.