Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1354(კ-20) 22 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ე...ბი“ (შპს „მ...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „ს...ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 13 მაისს სს „ე...ბმა - მ...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 28 იანვრის №04/3654, 2019 წლის 28 იანვრის №04/3659, 2019 წლის 22 თებერვლის №04/9359 და 2019 წლის 5 მარტის №04/11192 გადაწყვეტილებების - ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 აპრილის №04/19543 და 2019 წლის 15 აპრილის №04/20507 გადაწყვეტილებების, პაციენტების - ა.ზ-ის, ა.გ-ას, მ.მ-ის, ნ.კ-ის, ი.ფ-ის, უ.ღ-ის, ლ.ხ-სისა და ს.გ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გარდა პაციენტების - ა.გ-ას და უ.ღ-ის შემთხვევებში აღიარებული თანხების ნაწილისა), ბათილად ცნობა და აღნიშნული პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად დაფინანსება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ე...ბის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...ბმა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სს „ე...ბის“ (შპს „მ...ოს“ უფლებამონაცვლის - სს „ს...ის“ უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...ბმა“ (შპს „მ...ოს“ უფლებამონაცვლის სს „ს...-ის“ უფლებამონაცვლე).

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პაციენტ ა.გ-ას ჩაუტარდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით - მემკვიდრული სფეროციტოზი D58.0 და აღნიშნულის მკურნალობა არ მოიცავს დიაგნოზის - ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი A49.9 მკურნალობას. პაციენტთან დასმული ძირითადი დიაგნოზებია ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი A49.9 და მემკვიდრული სფეროციტოზი D58.0 ანუ მემკვიდრული სფეროციტოზი D58.0 არ წარმოადგენს ძირითადი დაავადების გართულებას და არ შეიძლება დიაგნოზით - ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელმა მკურნალობამ მოიცვას სხვა თანმხლები დაავადებების მკურნალობაც. ორივე დიაგნოზი დამოუკიდებელია და განსხვავებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესება პაციენტ ა.გ-ას შემთხვევაში დასტურდება ანემიის დიაგნოზის გამო, ვინაიდან, ჰემოტრანსფუზიის გარეშე, დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში, ორგანიზმი განიცდის ჟანგბადით შიმშილს, ჰემოგლობინის კორექციის გარეშე ჰიპოქსიის ფონზე შეიძლება განვითარდეს სასიცოცხლო ორგანოების (გული, თირკმელი, ტვინი) დაზიანება და პაციენტის სიკვდილი, ხოლო გადასხმა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარებასთან (ფილტვის მძიმე დაზიანება, ერითროციტების ჰემოლიზი, ანაფილაქსიური რეაქცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის და თირკმლის უკმარისობა). ამასთან, სისხლის ტრანსფუზიის შემდეგაც აუცილებელია პაციენტის მონიტორინგი, რადგან არსებობს ანემიის ხელმეორედ განვითარების რისკი. ამასთანავე, I დონის ინტენსიური მკურნალობის/მოვლის დაზუსტება მოიცავს ანემიის დიაგნოზს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მკურნალობა/მოვლის ფარგლებში სხვა დიაგნოზების მკურნალობასაც. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში დიაგნოზები განსხვავებულია და არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულს, ან/და ერთი მეორის გართულებას, შესაბამისად, საჭიროებდა დამოუკიდებლად მკურნალობას და ექვემდებარება ცალკე ტარიფით ანაზღაურებას.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ მიიჩნია დადგენილად, რომ 3 წლის ნ.კ-ეს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, დიაგნოზით - „უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაუზუსტებელ ნაწილში“ T18.9. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ პაციენტი კლინიკაში შევიდა შემდეგი ანამნეზით: „გუშინწინ საღამოს ბავშვმა ჩაყლაპა პლასტმასის სათამაშო... დღეს დილიდან აქვს ღებინება სისხლიანი მინარევებით“. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, გარდა აღნიშნულისა, პაციენტი უჩიოდა მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილს ჭიპის მიდამოში. პაციენტს ჩაუტარდა გასტროსკოპია, ზოგადი გაუტკივარებით. მიუხედავად ამისა, უცხო სხეული ვერ იქნა ნანახი, თუმცა, აღნიშნულის წინასწარ დადგენა შეუძლებელია (რენტგენოლოგიურად პლასტმასი არ გამოისახებოდა სურათზე). ჩატარებული ოპერაციის გათვალისწინებით, პაციენტზე გრძელდებოდა დაკვირვება იმავე დღეს და ასევე, მომდევნო დღის 12:00 საათამდე. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში უცხო სხეულის არარსებობა გამორიცხავდა როგორც დასმულ დიაგნოზს, ასევე, ამ დიაგნოზით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიწოდებას, ვინაიდან, ანამნეზი ადასტურებს დიაგნოზს, ხოლო პაციენტის მდგომარეობა - შესაბამისი მომსახურების მიწოდების აუცილებლობას. ამასთანავე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილება პაციენტს, დიაგნოზის მიუხედავად, სრულად უფინანსებს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ხარჯებს. რაც შეეხება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარებას, კასატორის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას. შესაბამისად, დაყოვნება 24 საათზე მეტი დროით გულისხმობს სტაციონარულ სერვისს. ასევე, ცალსახაა ისიც, რომ 3 წლის პაციენტს, რომელსაც უცხო სხეულის გამო აღენიშნება ღებინება სისხლიანი მინარევებით, მომსახურება უტარდება გადაუდებლად, წინასწარი ჩაწერისა და რიგის გარეშე. გადაუდებელი მომსახურების ჩატარებას ადასტურებს პაციენტზე დაკვირვების გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შევსებული ფურცელი N12624.

რაც შეეხება ს.გ-ის შემთხვევას, გამოტანილი დასკვნითი დიაგნოზი არის D43.2 თავის ტვინის დაუზუსტებელი, გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ NCSP კოდი - AASB „ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება“ მოიცავს ისეთი სახის ჩარევას, როგორიცაა AASB00 „ქალასშიდა დაზიანების ექტირპაცია“, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ პაციენტთან არსებული დიაგნოზისა და ჩარევის კომბინაცია არ შეესაბამება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილების N1.2 დანართით გათვალისწინებული დიაგნოზისა და ჩარევის ერთობლიობას (კომბინაციას), რაც რეალურად წარმოადგენს კორექტირების მიზეზს, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების N1.2 დანართით გათვალისწინებულია შემდეგი დიაგნოზის შესაბამისად ჩატარებული ჩარევის ანაზღაურება: "G93.5 თავის ტვინის კომპრესია - AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება." პაციენტთან აღნიშნული დიაგნოზი (G93.5 "თავის ტვინის კომპრესია") დადასტურებული არ არის შესაბამისად, კლინიკა სხვა დიაგნოზს ვერ დააფიქსირებდა. კასატორის მითითებით, საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ექიმი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ექიმს აქვს პაციენტის მდგომარეობის შეფასების და მკურნალობის ღონისძიებების განსაზღვრის შესაძლებლობა და უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ა.გ-ას, ნ.კ-ის და ს.გ-ის შემთხვევების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

|

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ბის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...ბის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სს „ე...ბს“ საკასასაციო საჩივარი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ პაციენტების - ა.გ-ას, ნ.კ-ისა და ს.გ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ა.გ-ას, ნ.კ-ისა და ს.გ-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლის დანართი №1-ის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი ერთის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

საქმის მასალებით დადგენილა, რომ ა.გ-ა, ნ.კ-ე და ს.გ-ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით მოსარგებლე პირებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევათა კლასიფიკაცია შეიძლება ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც პაციენტი თავისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილით იცვლის/ტოვებს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას, მიუხედავად სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებისა (რაც დადასტურებული უნდა იყოს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით), მეორე დაწესებულებაში გაგრძელებული შემთხვევის ან რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, გარდა II-III დონის ინტენსიური მკურნალობისა/მოვლისა და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

მოსარჩელეს, ნ.კ-ისათვის გაწეული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა სამედიცინო დოკუმენტაციით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარების ფაქტი.

,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.2-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ეს არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ნ.კ-ე 23.08.2018 წ. 10:17 საათიდან 24.08.2018 წ. 12:00 საათამდე მკურნალობდა შპს „მ...ში’’. კლინიკის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: SUR1329950, დიაგნოზი: T18.9 - უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაუზუსტებელ ნაწილში. შპს „მ...ს’’ 2018 წლის 24 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტ ნ.კ-ისთვის გაწეულ მკურნალობაში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: 23/08/18. JDE002 ჩატარდა გასტროსკოპია, დათვალიერდა კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი, უცხო სხეული ნანახი ვერ იქნა. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში კი გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდი: SUR1329950, დიაგნოზი: T18.9 - უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაუზუსტებელ ნაწილში.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ როდესაც გადაცემულია ინფორმაცია უცხო სხეულის არსებობის შესახებ, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერების შედეგად უცხო სხეული ნანახი ვერ იქნა, კლინიკის მიერ დასმული დიაგნოზის გამო ჩატარებული მკურნალობა გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობად ვერ მიიჩნევა. ამასთან, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირ ,,ალტერნატივას’’ 2019 წლის 15 ოქტომბრის დასკვნაში არ არის პასუხი იმასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად დასტურდებოდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პაციენტის - ნ.კ-ის მიმართ სათანადო საფუძვლების გარეშე განხორციელდა სამედიცინო მომსახურება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით, რის გამოც არსებობდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 22-ე მუხლზე, რომელიც ეხება დაფინანსების მეთოდოლოგიასა და ანაზღაურების წესს. მითითებული მუხლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 21-ე მუხლის (მომსახურების მოცულობა) პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი #1.1-ით, დანართი #1.2-ით, დანართი #1.3-ით და დანართი #1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით. მითითებული დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/ მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

შპს „მ...ოს’’ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და №... სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - ა.გ-ა 2018 წლის 26 ივლისს მოათავსეს შპს „მ...ოს’’ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: A49.9 ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი; D58.0 მემკვიდრული სფეროციტოზი. ჩატარებული მკურნალობა: ერით მასის ტრანსფუზია, ინგალაციური და ინფუზური თერაპია, იბუპროფენი, ცეფტრიაქსონი. ინფორმაცია სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდები: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, T910011INF, A49.9 ბაქტერიული ინფექცია დაუზუსტებელი, 8000000011 (სისხლი და სისხლის კომპონენტები). ა.გ-ა 26.07.2018 წ. 17:44 საათიდან 31.07.2018 წ. 12:00 საათამდე მკურნალობდა შპს „მ...ში“.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმად ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ა.გ-ას მიმართ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა წარდგენილი დიაგნოზით და ხანგრძლივობით არ დასტურდებოდა და შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო საყოველთაო ჯამრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე.

პაციენტ ს.გ-ის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ ს.გ-ის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ იყო მოთხოვნილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ჩარევა: NCSP - AASB00, ხელოვნური კოდით ONC1550381, შეესაბამება საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი #1.2-ით გათვალისწინებულ დიაგნოზს/ჩარევას: G93.5 - თავის ტვინის კომპრესია - ჩარევა: AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შემთხვევის არსებობის შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელოს როგორც ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ვადებში, ისე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის - შესაბამისი კოდის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწეული მომსახურება არ ანაზღაურდება. კერძოდ, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის, თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1.2 დანართში მითითებული კოდირების სისტემაზე, რომელიც G93.5 კოდთან მიმართებით (დიაგნოზი - ,,თავის ტვინის კომპრესია’’), ითვალისწინებს შემდეგ ჩარევას: AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება. თავის მხრივ NCSP კოდი - AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება (სრული კოდი) მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს: AASB00 ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია AASB10 ქალასშიდა დაზიანების ნაწილობრივი ამოკვეთა AASB20 ქალასშიდა დაზიანების სხვა სახის ამოკვეთა ან განადგურება AASB30 სპონტანური ქალასშიდა ჰემატომის ევაკუაცია AASB99 ქალასშიდა დაზიანების სხვა სახის ამოკვეთა ან განადგურება.

საქმეში წარდგენილი ა(ა)იპ ,,...ის“ დასკვნის თანახმად, პაციენტს დაესვა დიაგნოზი 43.2 თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა - ქალასშიდა დაზიანების ექსტრიპაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთა და განადგურება (სრული კოდი) მოიცავს ისეთი სახის ჩარევას, როგორიცაა ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია, რაც ჩაუტარდა ს.გ-ეს, აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ კლინიკის მიერ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელებული ჩარევა - ქალასშიდა დაზიანების ექსტრიპაცია, შეესაბამება საქართველოს მთავრობის №36-ე დადგენილების დანართი #1.2- ით გათვალისწინებულ დიაგნოზს/ჩარევას: G93.5 - თავის ტვინის კომპრესიას - ჩარევას: AASB ქალასშიდა დაზიანების ამოკვეთას და განადგურებას, რომელიც არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს და პრინციპებს. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების - სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერებას.

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ, რაც დაცულ იქნა ქვემდგომი სასამართლოების მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „ე...ბს“ საკასაციო საჩივარზე 14.12.2020წ. #363 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 398,75 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „ე...ბს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 279,12 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ე...ბის“ (შპს „მ...ოს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. სს „ე...ბს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.12.2020წ. #363 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 398,75 ლარის 70 პროცენტი - 279,12 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე