საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ბს-433(2კ-20) 22 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი. გ-ე, ც. გ-ე, გ. გ-ე, გი. გ-ე
სარჩელზე მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 16 აგვისტოს ი. გ-ემ, ც. გ-ემ, გ. გ-ემ, გი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში, მდებარე 710 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა თანასაკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე, გამოცემის დავალება; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის N05/3628 წერილის ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დავალება დაადგინოს კომლისათვის გამოყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 710 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და შპს ,,...-ის“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დატანილი 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანების ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 56 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ-ეის, ც. გ-ეის, გ. გ-ეის, გ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-ემ, ც. გ-ემ, გ. გ-ემ და გი. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი., ც., გ. და გი. გ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი., ც., გ. და გი. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის N05/3628 წერილი და მისი დანართი - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 26 აპრილის ოქმი N00043. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. გ-ეის 2018 წლის 5 აპრილის N... განცხადებასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
კასატორის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მოსარჩელემ, სადავო 710 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 2018 წლის 15 აპრილის N... სარეგისტრაციო განაცხადით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის N05/3628 წერილის თანახმად, ი. გ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - 2017 წლის 29 ივნისის ხელვაჩაურის არქივის ცნობა N01 20/1824, არ იყო იდენტური შპს „...-ის“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. კასატორის განმარტებით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა არქივის ცნობის იდენტური, ვინაიდან 2001 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო ობიექტი - ამბულატორიის შენობა. იმ ფაქტს, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ვერ იქნებოდა სარეფორმო ფონდში ჩარიცხული, ამყარებს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებაც იმის შესახებ, რომ კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის საფუძველზე იყიდა სწორედ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა. ამასთანავე, დღეის მდგომარებით, აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი მთლიანად ზედდებაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანების საფუძველზე, დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...), რაც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს ამ ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამასთან უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სოფელ ...ში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 6 სექტემბრის, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00043 ოქმით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 ივნისს ხელვაჩაურის არქივის მიერ გაცემული ცნობა N01 20/1824 და შპს ,,...-ის“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 710 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №05/3628 წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ი. გ-ეის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - 2017 წლის 29 ივნისის ხელვაჩაურის არქივის №01-20/1824 ცნობით, გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური შპს ,,...-ის“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს შესრულებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №05/3628 წერილის კანონიერება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 29 ივნისის №01-20/1824 საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ი. ხ.-ის ძე გ-ეე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ხ.-ის ძე გ-ეე - ოჯახის უფროსი; ც. ჯ.-ის ასული გ-ეე - მეუღლე; გ. ი.ს ძე გ-ეე - შვილი; გი. ი.ს ძე გ-ეე, მ. ი.ს ასული გ-ეე - შვილები. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობა შეადგენს 2001 წლის მონაცემებით 0.26 ჰა, ხოლო 2005-2006 წლების მონაცემებით – 0.50 ჰა. კომლს ერიცხება 100 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი. ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის მიწის სარეფორმო კომისიის 2002 წლის 8 სექტემბრის N18 სხდომის ოქმით ი. გ-ეის კომლს სოფელ ...ში მაღაზიის გვერდით გამოეყო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ი. გ-ეისა და თანამესაკუთრეთა საკუთრების უფლება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2509 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 297 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღირიცხა 1781 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 29 ივნისის №01-20/1824 საარქივო ცნობა.
ი. გ-ემ 2018 წლის 5 აპრილს №... სარეგისტრაციო განაცხადით მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ...ი. სარეგისტრაციო განაცხადს ერთვოდა ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 29 ივნისის №01-20/1824 საარქივო ცნობა, შპს ,,...-ის“ მიერ, 2018 წლის 4 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითის ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 აპრილს №166131 მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №05/3628 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ი. გ-ეის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 29 ივნისის №01-20/1824 ცნობა და შპს ,,...-ის“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური. ასევე გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აპრილს მომზადებული სიტუაც. ნახაზის შესაბამისად, №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაზე, მიმდინარე თარიღისათვის, ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
2018 წლის 10 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №05/3628 მიმართვისა და მასზე დართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00043 ოქმის საფუძველზე, ი. გ-ეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო აქტების გამოცემის დროს არსებული რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის და მედიატორის შერჩევის წესი“, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან), ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 16.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ზემომითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად შედგენილი №00043 ოქმის საფუძველზე მიღებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 მაისის №05/3628 წერილი გახდა სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, თუმცა აღნიშნულ ოქმში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მივიდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმ დასკვნამდე, რომ 2017 წლის 29 ივნისის ხელვაჩაურის არქივის №01-20/1824 ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური შპს ,,...-ის“ მიერ 2018 წლის 4 აპრილს შესრულებული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება, რომ იმავე დოკუმენტებზე დაყრდნობით ამავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს სხვა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (რომელიც ასევე მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთს) დადგენილი აქვს იდენტურობა შესაბამისი დათვალიერების ოქმით (ტომი 1, გვ. 161-163), რომელზეც ერთ-ერთი მოწმე ასევე ხელს აწერს №00043 ოქმზეც, რაც ურთიერთშეუსაბამოა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიიღო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს უნდა ემსჯელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო წერილის საფუძვლიანობაზე, რამდენადაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რასაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მოეძია მხარეთა ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია სადავო მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლო გზა და საშუალება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეგროვების მიზნით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე