საქმე #ბს-61(კს-22) 14 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ჯ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 სექტემბერს ჯ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 აგვისტოს #1000718331 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ჯ. მ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ჯ. მ-ას წარმომადგენელს - ა. ს-ეს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #..., ბლოკი „ბ“, მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 23 აგვისტოს მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ლ. ს-ის (პ/ნ ...), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოსტის გზავნილით და მასზე დატანილი ხელმოწერით. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 24 აგვისტოს და ამოიწურა 2021 წლის 4 სექტემბერს (ორშაბათს), ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 27 სექტემბერს, 14 დღიანი ვადის დარღვევით, აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოსათვის მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისი წარმომადგენლების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ისე გასაჩივრდა, რომ მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელზე არ ჩაბარებიათ და წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი მათთვის ცნობილი მხოლოდ 2021 წლის 13 სექტემბერს გახდა. ამასთან, როგორც მოგვიანებით მათთვის გახდა ცნობილი, კურიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჩააბარა კერძო საჩივრის ავტორისა და მისი წარმომადგენლებისათვის უცნობ პირს, ლ. ს-ის (პ/ნ ...), რომელიც არ წარმოადგენს იმ ორგანიზაციაში (მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგი) დასაქმებულ პირს, სადაც დასაქმებულები არიან კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლები და რომელი ორგანიზაციის მისამართიც იყო მითითებული საქმეში. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილია „მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგის“ დირექტორის - ა. ს-ეის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ლ. ს-იი (პ/ნ ...) არ არის და არასდროს ყოფილა „მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგის“ თანამშრომელი.
კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლებისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გამოგზავნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2021 წლის 10 დეკემბერს ჩაბარდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შედეგად, მათ ელექტრონულად შესაბამის ვებ-გვერდზე მოიძიეს საქმის მასალები და აღმოაჩინეს, რომ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება 2021 წლის 23 აგვისტოს ჩაბარდა ვინმე ლ. ს-ის (პ/ნ ...), რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია შესაბამის დოკუმენზე. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენელი არის ლა. ს-ი (პ/ნ ...), რომელიც არ განახორციელებდა ხელმოწერას ლ. ს-ის სახელით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას და მის წარმომადგენლებს არ ჩაბარებიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ განსხვავებულია საფოსტო გზავნილის ჩამბარებელი პირის გვარი, პირადი ნომერი და ხელმოწერა.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სადავო აქტების სასამართლოში გასაჩივრების ვადები, ვინაიდან სასამართლო უწყებით გადაწყვეტილება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ჯ. მ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ჯ. მ-ას წარმომადგენელს - ა. ს-ეს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #..., ბლოკი „ბ“, მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2021 წლის 23 აგვისტოს მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ლ. ს-ის (პ/ნ ...), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოსტის გზავნილით და მასზე დატანილი ხელმოწერით. ასევე დადგენილია, რომ ჯ. მ-ას წარმომადგენლის - ლა. ს-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 27 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ უკუგზავნილზე (გზავნილის შტრიხკოდი ...) მიმღებ პირად დაფიქსირებულია ლ. ს-იი (პ/ნ ...), თუმცა ხელმოწერასთან, გვარსა და პირად ნომერთან დაკავშირებულ განსხვავებებთან მიმართებით საგულისხმოა, რომ თითოეული ადამიანის ხელმოწერა წარმოადგენს ინდივიდუალურ, სპეციფიკურ და უნიკალურ მოცემულობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელმომწერი პირის მიერ სრულდება სწრაფად და ვიზუალურად არ ემთხვევა ამა თუ იმ პიროვნების სახელისა და გვარის სრულად დაწერის შემთხვევაში არსებულ გამოსახულებას. ხშირ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული სხვაობის გამო, სხვადასხვა დოკუმენტში პირდაპირ არის მოთხოვნილი, რომ ხელმომწერმა პირმა თავისი სახელი და გვარი დაწეროს გარკვევით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელმოწერაში არსებული გამოსახულება, შესაძლებელია სისწრაფის თუ სხვა მიზეზების გამო, ზუსტად არ ემთხვეოდეს პირის სახელსა და გვარს და განსხვავებულად გამოიყურებოდეს, რაც არ აყენებს ეჭვქვეშ შესაბამისი პირის მიერ ხელმოწერის ფაქტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ხელმოწერაში არსებული მცირედი განსხვავება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის ცალსახად დამადასტურებელ გარემოებად, რომ იგი არ შეიძლება ყოფილიყო შესრულებული ლა. ს-ის მიერ.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული უკუგზავნილის კომენტარში გაკეთებულია შემდეგი ჩანაწერი: „ლ. ს-იი იურისტი ...“, ხოლო აღნიშნულ საქმეში ჯ. მ-ას წარმომადგენლად დაფიქსირებულია ლა. ს-ი, პირადი ნომრით .... იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ ჯ. მ-ას წარმომადგენლებს და ჩაბარება მოხდა სწორედ აღნიშნულ მისამართზე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ უკუგზავნილის კომენტარში გზავნილის მიმღები პირი მოხსენიებულია როგორც იურისტი და ლა. ს-ისა და ჩამბარებელი პირის გვარსა და პირად ნომერს შორის არის მინიმალური განსხვავება, საკასაციო სასამართლოს უჩნდება ეჭვი, რომ „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ უკუგზავნილზე (გზავნილის შტრიხკოდი ...) დატანილ ინფორმაციაში არის ტექნიკური შეცდომა და შესაბამისი გზავნილი რეალურად ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - ლა. ს-ის.
ზემოხსენებული გარემოების დადგენის მიზნით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილია „მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგის“ დირექტორის - ა. ს-ეის მიერ 2021 წლის 15 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ლ. ს-იი (პ/ნ ...) არ არის და არასდროს ყოფილა „მიგრაციის და თავშეფსაფრის კონსალტინგის“ თანამშრომელი, თუმცა ლა. ს-ისა და გზავნილის კომენტარში მითითებული პირის მონაცემების მსგავსებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს არსებობს თუ არა ... პირადი ნომრით რეგისტრირებული პირი, ლ. ს-იი, რომელიც შესაძლოა წარმოდგენილი ყოფილიყო საქმეში არსებულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადების სათანადოდ ათვლისა და სადავო შემთხვევის სათანადოდ გადაწყვეტისათვის მთავარი არის იმის დადგენა, რამდენად ზუსტ მონაცემებს შეიცავს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ უკუგზავნილი (გზავნილის შტრიხკოდი ...), აღნიშნული მიზნით კი გამოკვლეულ უნდა იქნეს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის - ... პირადი ნომრით რეგისტრირებული პირის - ლ. ს-იის ვინაობა, მისი კავშირი მიგრაციისა და თავშესაფრის კონსალტინგთან, ასევე, შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების შესაბამისი მატერიალური რეესტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც მოხდა სადავო გზავნილის ჩაბარება და რომელზეც შესაძლოა აღნიშნული იყოს, როგორც ჩამბარებელი პირის ხელმოწერა, ასევე ორგანიზაციის ოფიციალური ბეჭედი, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება ვადების ათვლა და იმის დადგენა, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოებების კვლევა და დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება და შესაბამისი გარემოებების დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქმე ჯ. მ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ჯ. მ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა