Facebook Twitter

საქმე #ბს-889(კს-21) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) _ მ. ჰ. ფ-

დავის საგანი _ დროებითი განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის დროებითი განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 14 დეკემბერს მ. ჰ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის #1000724395 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ. ჰ. ფ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჰ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის #1000724395 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ. ჰ. ფ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2021 წლის 5 ივლისს მ. ჰ. ფ-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის დროებითი განჩინებით მ. ჰ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მ. ჰ. ფ-ს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო შეზღუდული არ არის განმცხადებლის მოთხოვნის ვიწრო ფორმულირებით. ვინაიდან მხარის მოთხოვნას აქტის ბათილად ცნობასთან ერთად ასევე წარმოადგენდა ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალება, სააპელაციო პალატამ შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე (დროებითი განჩინება).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 13 იანვრის #1000737493 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2021 წლის 12 იანვრის #1000737493 განცხადება და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის - მ. ჰ. ფ-ის საქართველოდან გასლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2021 წლის 13 იანვრიდან 2021 წლის 3 მარტამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის #10007530046 გადაწყვეტილებით კი, არ დაკმაყოფილდა 2021 წლის 15 ივნისის #1000753046 განცხადება და მ. ჰ. ფ-ის უარი ეთქვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქოების არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობდა საერთო სასამართლოებში, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსი, რეგულირების საგანი და მიზანი, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია ადასტურებდა, რომ არსებითად მნიშვნელოვანი იყო დავის საბოლოოდ დასრულებამდე არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში კი, მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი ინტერესის დაცვა, მისი უფლების რეალიზაცია ვერ განხორციელდებოდა ან იგი მნიშვნელოვნად გართულდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით. განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმის ციტირებით. კერძო საჩივრის ავტორი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით დადგენილად მიიჩნევს, რომ უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის #462 ბრძანებით განსაზღვრულია სააგენტოს ფუნქციები, კერძოდ, დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შედის სააგენტოს სტუქტურული ქვედანაყოფის - მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის კომპეტენციაში, აგრეთვე, აღნიშნული ტიპის სერვისისთვის გათვალისწინებულია საფასური, კერძოდ, უცხოელისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებისათვის მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დროებითი განჩინებით გარკვეულწილად ჩაერია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციასა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში. აღნიშნული საკითხის განხილვა სააგენტოს ექსკლუზიურ კომტენეციას განეკუთვნება, რაზეც მსჯელობის უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნდა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე #ბს-595-592(კ-17)) და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებლი წარმოების ჩანაცვლებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ორ პირობას. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, უცხოელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების სააგენტოსათვის წარდგენისას, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე კანონით დადგენილი ვადა უნდა ჰქონდეს დარჩენილი. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში 2021 წლის 30 მარტს შეტანილი ცვლილებით სასამართლოში მიმდინარე წარმოების საფუძვლით გადავადების საკითხს დაემატა კიდევ ერთი წინაპირობა, კერძოდ, სააგენტოსათვის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მიმართვის ვალდებულება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ჰ. ფ-ი საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენისას საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა არაკანონიერად და ვერ აკმაყოფილებდა ზემოხსენებული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაევადებინა განმცხადებლისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ განცხადებით მოთხოვნილი დროებითი განჩინება უნდა იყოს უფლების დროებითი დაცვის აუცილებელი საშუალება. ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს არ გამოუყენებია საკუთარი უფლების დაცვის მის ხელთ არსებული სხვა ყველა საშუალება, მაგალითად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გართულებასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც იცავს მის ინტერესებს, ამასთან, მ. ჰ. ფ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რაც მას საშუალებას აძლევს უვიზოდ გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში იმყოფებოდეს 45 დღე, შესაბამისად, არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ დროებითი განჩინების გარეშე განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ხელი შეეშლება ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის სახეები ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი თავად განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის მექანიზმებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინებაში არსებულ სამართლებრივ მსჯელობაზე: “აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას... დროებითი განჩინება (სასკ-ის 31-ე მუხლი) წარმოადგენს უფლების წინასწარი დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. როდესაც საქმე ეხება მოსალოდნელ მმართველობით ღონისძიებას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან მოქმედების განხორციელებას ან განხორციელებისაგან თავის შეკავებას – და აქედან გამომდინარე პირის უფლებების მოსალოდნელ შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის უფლების პრევენციული დაცვის მექანიზმი, რომელიც განისაზღვრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში... საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსი სწორედ მის პრევენციულ ბუნებაზე მიუთითებს და ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის ინტერესს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რათა ხელი არ შეეშალოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას... სასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე.” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე #ბს-1562(უს-18)).

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჰ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. ამდენად, განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალწარმოება სასამართლოში.

საქმის მასალებით ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 13 იანვრის #1000737493 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2021 წლის 12 იანვრის #1000737493 განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის - მ. ჰ. ფ-ის საქართველოდან გასლის ვალდებულების გადავადების თაობაზე და მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2021 წლის 13 იანვრიდან 2021 წლის 3 მარტამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის #10007530046 გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა 2021 წლის 15 ივნისის #1000753046 განცხადება და მ. ჰ. ფ-ის უარი ეთქვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მ. ჰ. ფ-ი საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების წარდგენისას საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა არაკანონიერად და ვერ აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაევადებინა განმცხადებლისათვის საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 ნოემბრის #1000724395 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მ. ჰ. ფ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და არა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის #10007530046 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მ. ჰ. ფ-ის უარი ეთქვა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე. ამდენად, ვადის დარღვევის საფუძვლით მოსარჩელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე #ბს-595-592(კ-17)) და იმის ხაზგასმას, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დროებითი განჩინებით გარკვეულწილად ჩაერია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციასა და მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას... საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსი სწორედ მის პრევენციულ ბუნებაზე მიუთითებს და ითვალისწინებს ასევე იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელის ინტერესს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება წარმოადგენს, რათა ხელი არ შეეშალოს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას... სასკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების დროებითი დაცვის საშუალებით შესაძლებელი ხდება არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე #ბს-1562(უს-18)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დროებითი განჩინება არ გამოიცემოდა და მ. ჰ. ფ-ს მოუწევდა საქართველოს დატოვება, აღნიშნული პრაქტიკულად აზრს დაუკარგავდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტში არსებული დანაწესის არსებობას და მხარეს მოუსპობდა სამართალწარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც იცავს მის ინტერესებს. ამასთან, მ. ჰ. ფ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რაც მას საშუალებას აძლევს უვიზოდ გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქვეყანაში იმყოფებოდეს 45 დღე. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ დროებითი განჩინების გარეშე განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ხელი შეეშლება ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში მოიაზრებს მხარისთვის არა მხოლოდ გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ საჭიროებისამებრ სამართალწარმოების პროცესის ხელმისაწვდომობასა და მასში მაქსიმალურ მონაწილეობას/ჩართულობას. ამდენად, სასამართლოს მხრიდან ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის, მოითხოვს გარკვეული დროებითი ღონისძიებების გამოყენებით პირის, როგორც სამართალწარმოების მონაწილის უფლებების დაცვას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დროებითი განჩინება კანონშესაბამისია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის არარსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის დროებითი განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილითა და 31-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის დროებითი განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა