Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-174(2კ-22) 6 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ-ი, მესამე პირი - შპს „...“).

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 3 იანვარს, მ.წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის N635 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ.წ-ის სარჩელი. ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით, საქმეზე მოპასუხედ მითითებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ამასთან, ასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის N635 ბრძანება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის 13 ივნისის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა შპს „...“.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს შპს „...“, კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია სამართალდამრღვევ სუბიექტად მ.წ-ის მიჩნევა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო აღნაგობის უფლება. ამასთან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე დამკვეთად მითითებული იყო შპს „...“. საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაციის მცდელობა. აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზეც, რომ გ.ც-ე მიმართავდა არქიტექტურის სამსახურს, სანებართვო დოკუმენტაციის გაცემასთან და სხვა სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N3649132 ბრძანებაში დამკვეთად არის მითითებული, ხოლო სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე დამკვეთად მითითებულია შპს „...“ ჯგუფი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ მ.წ-ის მიმართ 2017 წლის 20 ნოემბრის N003008 მითითების გაცემის შემდეგ, სწორედ გ.ც-ემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, რათა მიეღო განმარტება, სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების საჭიროებისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეთანხმების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც სამუშაო ეხებოდა ცარიელ მიწის ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით, სპეციალური ტექნიკით მიწაში ჭაბურღილის მოწყობას. ამის შემდეგ, 2017 წლის 21 დეკემბრის და 2018 წლის 11 იანვრის სხდომებზე, სწორედ აღნიშნული განცხადების საპასუხო წერილზე მითითებით აპელირებდა მოსარჩელე, რომ ფერდის მოჭრა განხორციელდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიზნით და არ არსებობდა ნებართვის საჭიროება. აღნიშნულის მიუხედავად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არც გ.ც-ის ვინაობით და უფლებამოსილებით დაინტერესებულა და არც მისი მოძიებით, სხდომაზე მიწვევის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილების ბათილად ცნობასთან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციისათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან მიმართებით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 დეკემბრის N635 ბრძანების კანონიერების საკითხთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N00003008 დადგენილება, გასაჩივრებული ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის N635 ბრძანებაც კანონშეუსაბამოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გააანალიზა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის რეალური შინაარსი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-311-307(2კ-14)) დაფიქსირებული განმარტება. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს თვითონ ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად დაედგინა საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლოს საქმის განხილვისას შეეძლო გამოერკვია როგორც სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებული გარემოებები, ისე სუბიექტი, რომელსაც შეიძლებოდა დაკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ფაქტი (მიწის ფერდის მოჭრა), ამასთან არსებობს რამდენიმე პირი, რომელთა მხრიდანაც უნებართვო სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ფაქტი უტყუარად არ დადასტურდა (უშუალოდ ფერდის მოჭრა განხორციელდა შპს „...ს“ თუ გ.ც-ის მიერ), წარმოიშვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - მ.წ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ არასწორად შეფასდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 33-ე 56-ე, მე-60 პუნქტებზე, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ თბილისში, ...-ის ქუჩა N..., ...-ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას და საცხოვრებელ ზონა ...-ში მდებარე ობიექტს. ამდენად, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ფერდის მოჭრა განხილულ უნდა იქნეს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესის ჭრილში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გ.ც-ემ 2017 წლის 15 ნოემბრის ... განცხადებით მოითხოვა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა N..., ...-ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, N...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე III კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ფერდის მოჭრა დასაშვებია მისი სამშენებლოდ განვითარების მიზნით, სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის მოპოვების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე განხორციელებული ნებისმიერ ქმედება, კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებად. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი - ფერდის მოჭრა. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა და ვერც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ცალსახად მიუთითებს ნაწარმოები მშენებლობის უნებართვო ხასიათზე.

კასატორი ასევე მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევით ან მის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს ანუ, პირს, რომლის უშუალო ქმედებამაც გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. თუ ვერ ხერხდება მისი ვინაობის დადგენა, საგამონაკლისოდ, პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დადგინდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი პირი, მ.წ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც მესაკუთრეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ქალაქ თბილისში, ...-ის ქუჩა N.../ქალაქ თბილისში, ...-ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 585 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მ.წ-ი (ს/კ..., უფლების რეგისტრაციის თარიღი - 21.11.2014წ.).

2017 წლის 13 ივნისს შპს „...სა“ (მეაღნაგე) და მ.წ-ს (მოაღნაგე) შორის დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საგანია N... მიწის ნაკვეთზე მრალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „...მა“ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები სრულად, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 ოქტომბრის N3649132 გადაწყვეტილებით მ.წ-ის საკუთრებაში არსებულ N... მიწის ნაკვეთზე დადასტურდა I კლასის მახასიათებლების მქონე 60 კვ.მ-მდე შენობის დემონტაჟის შესაძლებლობა. დამკვეთს (განმცხადებელს) წარმოადგენდა გ.ც-ე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 14 ნოემბრის N368081 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ N... მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ნაკვეთზე არსებული N1/1 შენობის დემონტაჟის პროექტი. გაიცა დემონტაჟის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა დემონტაჟის სანებართვო მოწმობა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთს (განმცხადებელს) წარმოადგენდა გ.ც-ე

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 20 ნოემბერს მ.წ-ის მიმართ შეადგინა მითითება N003008, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა N.../ქალაქი თბილისში, ...-ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, უნებართვოდ განხორციელდა ფერდის მოჭრა. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ.წ-ს დაევალა ფერდის მოჭრის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. მითითების შესასრულებლად განისაზღვრა 5 დღის ვადა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 ნოემბრის N003008 შემოწმების აქტის მიხედვით, მ.წ-მა არ შეასრულა 2017 წლის 20 ნოემბრის N003008 მითითების პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილებით მ.წ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა N.../...-ის ქუჩა N...-ის მიმდებარედ, N... საკადასტრო კოდზე უნებართვოდ ფერდის მოჭრისათვის.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების გამოტანამდე, 2017 წლის 11 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს NAR1564086 განცხადებით მიმართა გ.ც-ემ და მოითხოვა განმარტება, საჭირო იყო თუ არა სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეთანხმება, როცა სამუშაო ეხება ცარიელ მიწის ნაკვეთზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით სპეციალური ტექნიკით მიწაში ჭაბურღილის მოწყობას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 20 დეკემბრის N3744944 წერილით გ.ც-ეს ეცნობა, რომ გეოლოგიური კვლევის მიზნით ჭაბურღილების მოწყობას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა ან წერილობითი დასტური.

ზემოაღნიშნულ წერილში ასახული ინფორმაცია ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 20 ნოემბრის მითითება შედგენილია N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ფერდის მოჭრასთან დაკავშირებით, ხოლო არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის წერილი შეეხება საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიზნით, ჭაბურღილების მოწყობის საკითხს, რაც არ არის სადავო 2017 წლის 20 ნოემბრის მითითებით. ამასთან, მისი გაცემის მომენტისათვის ობიექტზე ჭაბურღილები არ იყო მოწყობილი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის N635 ბრძანებით მ.წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევდა კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებულ მშენებლობის ნებართვას (დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობაში იგულისხმებოდა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

სამშენებლო სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოების სპეციალურ წესს ადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილებით მ.წ-ის სანქცირების საფუძველი გახდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრებამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა სცადოს მშენებლობის მწარმოებელი პირის მოძიება. მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობა წარმოშობს სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას.

კასატორები ყურადღებას ამახვილებენ ზემოაღნიშნული მუხლის მნიშვნელობაზე და უნებართვო სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელი პირის დაუდგენლობის პირობებში, მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე, თუმცა არ მიუთითებენ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებზე, რამაც განაპირობა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის კანონით გათვალისწინებულის სანქციის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება არ გაამახვილა საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით მ.წ-ის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების რეგისტრაციაზე, რომლის საფუძველზეც, მეაღნაგეს - შპს „... ჯგუფს“ აქვს მინიჭებული N... მიწის ნაკვეთზე მრალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე დამკვეთად მითითებულია შპს „...“. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მ.წ-ის მიმართ 2017 წლის 20 ნოემბრის N003008 მითითების გაცემის შემდეგ, გ.ც-ემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს, სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების საჭიროებისა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეთანხმების თაობაზე განმარტების მისაღებად. აღნიშნული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N3649132 ბრძანებაში დამკვეთად არის მითითებული. სადავო წარმოების ფარგლებში ჩატარებულ 2017 წლის 21 დეკემბრისა და 2018 წლის 11 იანვრის სხდომებზე, მ.წ-ი მიუთითებდა გ.ც-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადების საპასუხო 2017 წლის 20 დეკემბრის N3744944 წერილზე, რომლითაც გ.ც-ეს ეცნობა, რომ გეოლოგიური კვლევის მიზნით ჭაბურღილების მოწყობას არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა ან წერილობითი დასტური. აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანო არ დაინტერესებულა გ.ც-ის ვინაობით, მისი უფლებამოსილებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილებასთან მიმართებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან, სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. Nბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 იანვრის N003008 დადგენილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, არსებობს აღნიშნული დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 დეკემბრის N635 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე