საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-799(კ-20) 3 მაისი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...“
მესამე პირები - სს სადაზღვევო კომპანია „უ...“, შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 29 ივნისს სს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „...“ და სს სადაზღვევო კომპანია „უ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, შპს „...მ“ და სს სადაზღვევო კომპანია „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შპს „...ის“ და სს სადაზღვევო კომპანია „უ...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №7-ის შესაბამისად შედგენილი წერილის წარდგენის ვალდებულება პრეტენდენტს აქვს არა ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის, არამედ შერჩევა-შეფასების ეტაპზე. კასატორი, სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტს არ გააჩნდა ვალდებულება, წარედგინა რაიმე ინფორმაცია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სადაზღვევო რისკის 100%-ით გადაზღვევასთან დაკავშირებით, ასევე არ ეთანხმება, ვინაიდან, კასატორის მითითებით, სატენდერო კომისიის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ხდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასება. კასატორი აღნიშნავს, რომ ტენდერის მიმდინარეობის მოცემულ ეტაპზე პრეტენდენტი საკუთარი ინიციატივით ვერ ტვირთავს ტექნიკურ დოკუმენტაციას, არამედ მას შემდეგ, რაც ტენდერს ენიჭება ზემოაღნიშნული სტატუსი, სატენდერო კომისიას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების საშუალება, თუ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კასატორი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს უფლებამოსილებას სატენდერო კომისიას, გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების საშუალება, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. კასატორის მითითებით, პრეტენდენტი ტექნიკურ დოკუმენტაციას შერჩევა/შეფასების ეტაპზე წარადგენს მხოლოდ სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... სადავო გადაწყვეტილება მიღებულია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მითითებული კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს პრეტენდენტებისადმი მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია არის შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ხოლო ამავე პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაცია არის პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა; ხოლო ამავე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არის ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „...ის“ მიერ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ქონების, თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სადაზღვევო რისკის 100%-ით გადაზღვევის შესახებ, რომელიც წერილობით დადასტურებული უნდა იყოს გადამზღვეველი კომპანი(ებ)ის მიერ, შემსყიდველი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად (გადამზღვეველის წერილი შედგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №7-ში მოცემული ნიმუშის შესაბამისად). წერილში მითითებული უნდა იყოს გადამზღვეველი კომპანი(ებ)ის წილობრივი მონაწილეობა სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. გადამზღვეველი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს ეგთო-ს (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD)) წევრ ქვეყანაში და მას უნდა გააჩნდეს ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და რომელიმე მათგანის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი, არანაკლებ: Stadard&poor’s:A-, A.M. Best:A-, Fitch:A- ან Moody’s:A3. პრეტენდენტი ვალდებულია გადაზღვევის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები გააფორმოს იმ გადამზღვეველ კომპანიასთან/კომპანიებთან, რომელთა დასტურის წერილებიც წარმოდგენილი უნდა იყოს შერჩევა-შეფასების ეტაპზე წინამდებარე პუნქტის (სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტი) შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა („წესის“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი).
აღნიშნულ ტენდერში პრეტენდენტის სახით მონაწილეობდა მოსარჩელე სს „...“, რომელმაც წარადგინა 2017 წლის 20 მარტის წერილი გადაზღვევის დასტურის თაობაზე. წერილის თანახმად, ...-ის საბროკერო კომპანია ..., ...უზრუნველყოფდა სს „...ს“ გადაზღვევას. წერილი ასევე ადასტურებდა, რომ გადამზღვეველი კომპანიების 100% აკმაყოფილებს რეიტინგის მოთხოვნებს Standard&poor’s:A-, A.M. Best:A-, Fitch:A- ან Moody’s:A3.
დადგენილია, რომ შპს „...ის“ სატენდერო კომისიის 2017 წლის 21 მარტის №4 სხდომის ოქმით სს „...ს“ ეთხოვა სამი სამუშაო დღის ვადაში ერთიანი სისტემის მეშვეობით დაზუსტებული დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სადაზღვევო რისკის 100%-ით გადაზღვევის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც წერილობით უნდა დასტურდებოდეს გადამზღვეველი კომპანი(ებ)ის მიერ შემსყიდველი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად (გადამზღვეველის წერილი შედგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №7-ში მოცემული ნიმუშის შესაბამისად). წერილში უნდა მიეთითოს გადამზღვეველი კომპანი(ებ)ის წილობრივი მონაწილეობა სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. გადამზღვეველი კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს ეგთო-ს (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD)) წევრ ქვეყანაში და მას უნდა გააჩნდეს ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და რომელიმე მათგანის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი, არანაკლებ: Standard&poor’s:A-, A.M. Best:A-, Fitch:A- ან Moody’s:A3. პრეტენდენტს დაევალა გადაზღვევის ხელშეკრულების/ხელშეკრულებების იმ გადამზღვეველ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმება, რომელთა დასტურის წერილებიც უნდა წარედგინა შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტს ასევე ეთხოვა დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო თანხაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა შესაძლებელია პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით. ამავე „წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2017 წლის 5 აპრილის №... გადაწყვეტილებით სს სადაზღვევო კომპანია უ...ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „...ის“ სატენდერო კომისიას დაევალა 2017 წლის 21 მარტის №4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და სს „...ს“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნულის შემდგომ, შპს „...ის“ სატენდერო კომისიის 2017 წლის 7 აპრილის №5 სხდომის ოქმით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს ...ს დისკვალიფიკაციის თაობაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ სს „...ს“ მიერ წარმოდგენილი საბროკერო კომპანიის წერილი ეწინააღმდეგებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის მოთხოვნებს.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილებით სს „...ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „...ის“ სატენდერო კომისიას დაევალა 2017 წლის 7 აპრილის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა და სს „...ს“ ტექნიკური დოკუმენტაციის სრული დაცვით შერჩევა-შეფასება. შპს „...ის“ სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №9 სხდომის ოქმით კვლავ განხორციელდა სადაზღვევო კომპანიის დისკვალიფიკაცია ტენდერიდან. კომისიამ განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ წარდგენილი, საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული წერილის ნაცვლად, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გადამზღვეველის მიერ გაცემული წერილის წარდგენა განიხილებოდა არა როგორც დოკუმენტაციის დაზუსტებად, არამედ დოკუმენტაციის ჩანაცვლებად. კომისიამ აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითა საბროკერო და გადამზღვეველის საქმიანობის განმასხვავებელ ნიშნებზე.
დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებით სს „...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს სს „...ს“ ჰქონდა თუ არა ვალდებულება ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე წარედგინა გადამზღვეველის წერილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №7-ში მოცემული ნიმუშის შესაბამისად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ტექნიკური დოკუმენტაცია ფასდება შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემები - გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპზე. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის ან/და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი ზემოხსენებული „წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დისკვალიფიკაციის შემთხვევებს, სახელდობრ, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას: ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. თ) ხარჯთაღრიცხვის წარუდგენლობის ან დაუზუსტებლობის გამო ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო – სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით ტენდერის ამ წესის 266 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ჩატარების შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მე-7 პუნქტი ადგენს დაზღვევის ხელშეკრულების აუცილებელ პირობებს, კერძოდ, 7.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე წერილობითი შეტყობინებიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, მზღვეველი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად შერჩეული გადამზღვეველი კომპანიის წერილობითი დასტური მის მიერ გადაზღვეული წილის ოდენობის თაობაზე სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. წერილობითი დასტური წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართში №8 მოცემული ფორმით. ამავე პუნქტით (7.3.), პრეტენდენტი ვალდებულია გადაზღვევის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები გააფორმოს იმ გადამზღვეველ კომპანიასთან/კომპანიებთან, რომელთა დასტურის წერილებიც წარდგენილი უნდა იყოს შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის არაერთი პუნქტი მოიხსენებს აღნიშნულ დოკუმენტს შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარსადგენ დოკუმენტად. სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით განსაზღვრულია პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარსადგენი ტექნიკური დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის, 1.3. პუნქტის მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია გადაზღვევის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები გააფორმოს იმ გადამზღვეველ კომპანიასთან/კომპანიებთან, რომელთა დასტურის წერილებიც წარმოდგენილი უნდა იყოს შერჩევა-შეფასების ეტაპზე წინამდებარე პუნქტის (სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტი) შესაბამისად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დანართი №8-ის წარდგენის ვალდებულება ასევე დადგენილი იყო სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ, ტენდერის მომდევნო ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსის ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ დანართი №7-ის შესაბამისად შედგენილი წერილის წარდგენის ვალდებულება პრეტენდენტებს ჰქონდათ არა ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის, არამედ შერჩევა-შეფასების ეტაპზე.
რაც შეეხება ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის დროს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაუთვალისწინებელი დოკუმენტის წარდგენის გამო პრეტენდენტისათვის დოკუმენტის დაზუსტების მოთხოვნას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი სატენდერო პირობებიდან, ვინაიდან ამ ეტაპზე პრეტენდენტს არ გააჩნდა ვალდებულება, წარედგინა რაიმე ინფორმაცია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სადაზღვევო რისკის 100%-ით გადაზღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე გაუთვალისწინებელი დოკუმენტის პროგრამაში ატვირთვა არ უნდა გამხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, სადავო აქტი სასამართლოს მიერ სწორად იქნა ბათილად ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე