Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1327 (კ-20) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2017 წლის 15 დეკემბერს ა. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი განაცხადისა და აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ა. ბ-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.

სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესი“. აღნიშნული წესის №1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით. სადავო შემთხვევაში მედიაციის დანიშვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის კანონით დადგენილი ვალდებულება იყო და განსაზღვრულობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (11.10.2017) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (24.11.2017) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და მორიგების მიუღწევლობისა, მხარემ კორექტირებული აზომვითი ნახაზი წარადგინა სააგენტოში, რომლითაც ... და ... საკადასტრო კოდებთან დაფიქსირებული ზედდება აღმოიფხვრა. ამასთან, ბუნდოვანია რას გულისხმობდა სააპელაციო სასამართლო დისკრეციული ვალდებულების განუხორციელებლობაში, როდესაც მედიაციის დანიშვნის ვალდებულება პირდაპირ მითითებულია კანონში. განსახილველ შემთხვევაში ორი თანასწორი განმცხადებელი ითხოვს ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და არც ერთს არ აქვს მართლზომიერი მფლობელობის უტყუარად დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ გვერდი აუარა იმ საკითხის შეფასებას, თუ რა იურიდიული ინტერესი ჰქონდა აპელანტს ამ ვითარებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; VandeHurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; JahnkeandLenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავოდ გახადა და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი განაცხადისა და აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საბოლოო ინტერესს და მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მე-... შესახვევის, №3-ში მდებარე უძრავ ნივთზე. ინტერესის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, №... განცხადებით წარმოებაში მყოფ (დაინტერესებული პირი - ე. ღ-ი) და №... (მესაკუთრე - ა. შ-ა) და №... (მესაკუთრე - დ. ზ-ე) საკადასტრო კოდებით უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან. მნიშვნელოვანია, რომ სადავო არ არის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისათვის შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემა. მოცემულ შემთხევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოების (მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ზედდება) მოგვარების მიზნით დანიშნულ მედიაციას, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას ზედდებას ადგილი არ ჰქონდა, რამდენადაც, ე. ღ-ის მოთხოვნასთან მიმართებით არსებობდა როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება საერთოდ გამორიცხავდა ე. ღ-ის N... განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან ზედდებასს. ხოლო N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, გასწორდა ხარვეზი, კერძოდ ა. ბ-იმა მოითხოვა 600 კვ.მ. ნაცვლად, 537 კვ.მ. რეგისტრაცია, რითაც გასწორდა და გამოირიცხა ზედდება მეზობლებთან არსებულ საკადასტრო კოდებზე, ხოლო რაც შეეხება მის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადს, მისი მხრიდან წარდგენილი იქნა ის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე წარმოშობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და შესაბამისად, გამორიცხავდა სხვა მიწის ნაკვეთებთან ზედდებას და დავის სავალდებულო წესით მედიაციის რეგულაციით გადაჭრას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო აქტების გამოცემის დროს არსებული რედაცია) რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სანოტარო მედიაცია არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის და რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.

ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავდა, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის და მედიატორის შერჩევის წესი", რომლის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, მხარეთა შორის დავის გამოვლენის ან საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნიშნავს შეხვედრას მედიატორთან ან მედიატორ ნოტარიუსთან (მედიაციის ან სხვა მიზნით). ინფორმაცია მედიატორთან ან მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრის დანიშვნისა და შეხვედრაზე გამოცხადების აუცილებლობის შესახებ აისახება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებაში.

ამავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით. ამავე წესის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას, ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს. ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოდავე მხარეების ან სააგენტოს მიერ შერჩეულ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ეგზავნება საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს პირდაპირი ვალდებულებაა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უძრავ ნივთებთან ზედდების შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე არ დაეთანხმება არსებულ მდგომარეობას და არ წარადგენს კორექტირებულ აზომვით ნახაზს, შესთავაზოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არ ისარგებლებს ამ შეთავაზებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიწყოს სანოტარო მედიაციის პროცესი ან ჩართოს მედიატორი, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მედიაცია დაინიშნა განმეორებით, ვინაიდან, არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ადგილი ჰქონდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზედდებას სხვა მიწის ნაკვეთთან და სახეზე იყო მედიაციის პროცესის დაწყების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ის წარმომადგენელის 2017 წლის 22 ნოემბრის №... საჩივარი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განმცხადებელმა 2017 წლის 5 დეკემბერს დამატებით წარადგინა ი/მ გ. ხ-ეის მიერ 2017 წლის 31 მარტს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავე წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ა. ბ-ის წარმომადგენელის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს №... განცხადებით დამატებით წარდგენილ კორექტირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზზე მიმდინარე თარიღისათვის არ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან. ამასთან, 2016 წლის 27 სექტემბერს ე. ღ-ის, წარდგენილ №... განაცხადზე ეთქვა უარი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის წარმომადგენლის 2017 წლის 22 ნოემბრის №... და 2017 წლის 5 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრები. ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 30 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება, ამავე გადაწყვეტილების 3.1.11, 3.1.12 და 3.1.13 პუნქტებში მითითებული გარემოების გათვალისწინებით. მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ არსებობდა ახლად აღმოჩენილი გარემოებები განსახილველ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილების თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ 2017 წლის 5 დეკემბერს №... განცხადებით დამატებით წარდგენილი კორექტირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზზე მიმდინარე თარიღისათვის არ ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, თუმცა ქაღალდის ვერსიის პირველ და მეორე გვერდებს შორის გამოვლინდა შეუსაბამობა, კერძოდ, პირველ გვერდზე ფიქსირდებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება, ხოლო მეორე გვერდზე - სასოფლო-სამეურნეო. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა დანიშნულების ნაწილში შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის წარდგენა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ არაერთი განცხადებით თუ საჩივრით მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ პირობებში, როდესაც მხარის მიერ წარდგენილი პრეტენზიის თანახმად არ დასტურდებოდა ზედდება მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან, აღნიშნული უპირობოდ წარმოშობდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც მოსარჩელის მიერ განცხადებული არგუმენტაციის პირობებში, არ არის გამოკვლეული და გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა მარეგისტრირებელი ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე არ დგინდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეისწავლა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია დაინტერესებული მხარის წარდგენილი პრეტენზიის პირობებში, არსებობდა თუ არა მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება, რაც წარმოშობდა საკითხის მედიაციისათვის დაქვემდებარებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.12.2020წ. №30441 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.12.2020წ. №30441 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე