Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-915(კ-21) 3 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირები (კასატორები) - რ. ხ-ა, ს. ხ-ა, მ. ხ-ა და ა. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 15 დეკემბერს დ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის №03-2654/ო ბრძანების - დ. გ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე დ. გ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ხ-ა, ს. ხ-ა, მ. ხ-ა და ა. ხ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებით დ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ამ, რ. ხ-ამ, ს. ხ-ამ, მ. ხ-ამ და ა. ხ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე დ. გ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ოჯახთან ერთად, რომლის შემადგენლობაში შედიან: რ. ხ-ა, ს. ხ-ა, მ. ხ-ა და ა. ხ-ა, ...იდან იძულებით გადაადგილების შემდეგ, ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №1-ში, სასტუმრო „...ის“ შენობაში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ სხვადასხვა დროს მონიტორინგის ორჯერ ვიზიტისას დ. გ-ას ოჯახის ადგილზე არ ყოფნა ნიშნავს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვა საცხოვრებლით. ასევე არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელე დ. გ-ამ 2015 წლის 22 სექტემბერს შეიძინა უძრავი ქონება ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში. კასატორის განმარტებით, რეგისტრაციის მიუხედავად ეს ქონება არ წარმოადგენს დ. გ-ას საკუთრებას, არამედ ეკუთვნის მის ნათესავს.

დ. გ-ა წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქალაქ ქუთაისში, მისი მეუღლე ასრულებდა ფიზიკურ სამუშაოს და სხვა შემოსავალი არ გააჩნდათ, ამასთან, ზრდიდნენ სამ შვილს და ძვირადღირებული ბინის შეძენას ვერ მოახერხებდნენ. დ. გ-ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დ. გ-ას ძმა არ იყო საქართველოს მოქალაქე და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ შეიძენდა. მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის მისამართზე ორჯერ არყოფნის ფაქტი, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი მითითებულ მისამართზე არ იყო. ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია და არც სასამართლოს დაუდგენია, სად ცხოვრობდა მოსარჩელე და მისი ოჯახი. დ. გ-ას არასრულწლოვანი შვილები სწავლობდნენ ქალაქ ქუთაისში, სსიპ ... ...ს სახელობის ...ის №6 საჯარო სკოლაში სადაც დ. გ-ა წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც პედაგოგი, რაც დასტურდება ამავე სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობით. აშკარაა, რომ დ. გ-ა და მისი შვილები ზუგდიდის რაიონის სოფელ ...იდან ქალაქ ქუთაისში ვერ ივლიდნენ სკოლაში ყოველდღიურად. საქმეზე წარმოდგენილია ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის მონაცემები, რითაც ფიქსირდება, რომ ოჯახი რეალურად იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, სასტუმრო ,,...ში“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ას, რ. ხ-ას, ს. ხ-ას, მ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ას, რ. ხ-ას, ს. ხ-ას, მ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 13 ნოემბრის N03-2654/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის დ. გ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და მისი ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან - თავად მოსარჩელე, მისი მეუღლე - რ. ხ-ა და შვილები: ს. ხ-ა, მ. ხ-ა და ა. ხ-ა. მოსარჩელის რეგისტრირებული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, სასტუმრო ,,...ი“. სასტუმრო ,,...ი“ (...ი) სახელმწიფოს მიერ შეყვანილია ნგრევად ობიექტთა სიაში.

2020 წლის 30 ივნისს განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის - სასტუმრო „...ის“ (...ი) აღწერა. მონიტორინგის სამსახურს დ. გ-ას ოჯახი ადგილზე არ დახვდა.

2020 წლის 3 ივლისს მოსარჩელე დ. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის დროს იმყოფებოდა წალენჯიხის რაიონში სოფელ ...ში. 2020 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, კვლავ განხორციელდა ვიზიტი ქ. ქუთაისში, სასტუმრო „...ში“ (...ი), მონიტორინგის სამსახურს მოსარჩელე დ. გ-ა ისევ არ დახვდა.

2020 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელე დ. გ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N1-ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის დროს იმყოფებოდა სოფელში მოსავლის ასაღებად.

2020 წლის 13 ოქტომბრის აღწერის ფორმაში ოჯახის წევრებად მითითებულია: რ. ხ-ა-ოჯახის უფროსი, დ. გ-ა-მეუღლე და სამი შვილი: ს. ხ-ა, მ. ხ-ა და ა. ხ-ა, ბავშვები სწავლობენ ქალაქ ქუთაისში, ...ს სახელობის ...ის N... სკოლაში. აღწერის ოქმში მოსარჩელე განმარტავს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ძირითადი საცხოვრებელია სოფელი ...ი.

2020 წლის 15 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში დ. გ-ას საკუთრების გადასამოწმებლად, ადგილზე დახვდათ დ. გ-ას მეუღლე - რ. ხ-ა, შვილი - მ. ხ-ა, შვილი - ა. ხ-ა და დედა - ლ. გ-ა. ლ. გ-ას განმარტებით "სახლი ააშენეს მისმა ვაჟებმა. მშენებლობაში ასევე მონაწილეობდა სიძე".

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. გ-ას დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. თუმცა აღნიშნული გამონაკლისიც ექვემდებარება რიგითობის დაცვას, თუ სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ დევნილებს, რომლებსაც ასეთი საცხოვრებელი არ აქვთ.

კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. გ-ას დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო, კრიტერიუმების გარეშე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საკითხის განხილვისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, საკუთრებაში ჰქონდა ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2017 წლის 21 ივლისის N2699 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანება. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ქ. ქუთაისში, სასტუმრო ,,...ში“ (...ი) სხვადასხვა დროს არაერთხელ მისულ მონიტორინგის ჯგუფს დ. ხ-ა და მისი ოჯახის წევრები არ დახვდნენ. საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ დათვალიერების ადგილზე გამოცხადების 2020 წლის 15 ოქტომბრის ოქმით, მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდის რაიონში, სოფელ ...ში დ. გ-ას საკუთრების გადასამოწმებლად, ადგილზე დახვდათ დ. გ-ას მეუღლე - რ. ხ-ა, შვილები - მ. ხ-ა, ა. ხ-ა და დედა - ლ. გ-ა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დადასტურდა დ. გ-ას დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება დ. გ-ამ, ნასყიდობის ხელშეკრულებით (იმ დროს, როდესაც განიხილებოდა საკითხი დევნილი ოჯახის, ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო, კრიტერიუმების გარეშე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე), გაასხვისა თეონა მანიაზე, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დ. გ-ას ოჯახთან მიმართებაში მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება სრულად შეესაბამებოდა ზემოხსენებული ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. გ-ას, რ. ხ-ას, ს. ხ-ას, მ. ხ-ასა და ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე