გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13 7 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ვ-იას და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 12 ივნისის განაჩენზე, რომლითაც:
ნ. კ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ნ. კ-იას მსჯავრი დაედო ზ. ტ-ძის განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: ნ. კ-ია 1994 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს საკუთრების დაცვის პოლიციელად და სამსახურებრივად გაპიროვნებული ჰქონდა “აკს” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით. იგი სამუშაოდ მიმაგრებული იყო სოფ. ... სკოლა-ინტერნატში.
1996 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე ნ. კ-ია სკოლა ინტერნატიდან წავიდა სახლში საჭმლის მოსატანად, რა დროსაც თან ჰქონდა ტაბელური, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალით.
უკან დაბრუნებისას სიგარეტის გამორთმევის მიზნით, ის შევიდა მეზობლის ზ. ტ-ძის სახლში. ზ. ტ-ძემ, რომელიც წამოწოლილი იყო ლოგინზე, შესთავაზა მასთან ახლოს დაჯდომა. სიგარეტის მოწევის დროს ზ. ტ-ძემ ნ. კ-იას ხელები მოუფათურა ბარძაყებზე, სასქესო ორგანოზე, შესთავაზა სქესობრივი კავშირის დაჭერა, რის გამოც მათ შორის მოხდა შელაპარაკება. შელაპარაკებისას, ნ. კ-იამ მოკვლის მიზნით, ავტომატიდან ესროლა მას და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებები, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
საჩივარში მსჯავრდებული ნ. კ-ია მიუთითებს, რომ მან ზ. ტ-ძის მკვლელობა ჩაიდინა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო გარდაცვალებულის მხრიდან მისი შეურაცხყოფით. ითხოვს მისი ქმედების სსკ-ის 106-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და სასჯელის ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრას. ანალოგიური საჩივრით განაჩენის შეცვლას ითხოვს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ს-ვა.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ს-ვამ შეცვალა საჩივრის მოთხოვნა და დააყენა შუამდგომლობა განაჩენის გაუქმების და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, შემდეგი მოტივებით:
ამჟამად მსჯავრდებული არის ავად და უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საჭიროა დაინიშნოს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იმის გამოსარკვევად, მან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა თუ არა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჯ-იამ, ადვოკატის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. ნ. კ-იას მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულად მიიჩნია, მისი იურიდიული კვალიფიკაცია კი სწორად, ამასთან, მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება 9 წლამდე, განაჩენში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებათა გათვალისწინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, საჩივრის მოტივებს, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის რომ განაჩენი ნ. კ-იას მიმართ დასაბუთებული და კანონიერია.
პალატა არ ეთანხმება ადვოკატ დ. ს-ვას მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, რათა შემოწმდეს მსჯავრდებულის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაინიშნოს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, სსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის შუამდგომლობით, სასჯელაღსრულების ორგანოს წარდგინებითა და საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაიონულ სასამართლოს უფლება აქვს იმსჯელოს მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს საკასაციო პალატის სხდომაზე, არ წარმოუდგენია რაიმე მასალა იმის დასადასტურებლად, რომ ნ. კ-ია არის ავად.
რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას, პალატა აღნიშნავს, რომ იგი განაჩენის გაუქმების საფუძელი არ არის. საკითხს იმის შესახებ, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა თუ არა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, წყვეტს სასამართლო, საქმის მასალათა ერთობლივი შეფასებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ნ. კ-იას ბრალი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში დადასტურებულია მის მიერ წინასწარ და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცებებით, სასამართლო სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, საქმის ერთობლივი მასალებით.
სასამართლომ სავსებით სამართლიანად არ გაიზიარა ნ. კ-იას ჩვენებები იმის შესახებ, რომ მან ზ. ტ-ძის მკვლელობა ჩაიდინა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. ის რომ გარდაცვალებამდე ზ. ტ-ძემ მსჯავრდებულს ხელი მოუსვა სასქესო ორგანოზე და შესთავაზა სქესობრივი კავშირი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მძიმე შეურაცხყოფად, რაც გამოიწვევდა მსჯავრდებულში უეცარი ძლიერ სულიერ აღელვებას. როგორც იგი განმარტავს, ზ. ტ-ძე იყო მისი მეზობელი, იცოდა მისი მამათმავლობის შესახებ და შემთხვევის მომენტში გარდაცვალებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედობა და შეთავაზებული წინადადება, მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.
სასამართლომ გაითვალისწინა რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ნ. კ-იას დაუნიშნა სასჯელი იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.
პალატა თვლის, რომ განაჩენი ნ. კ-იას მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. კ-იას და ადვოკატ დ. ს-ვას საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 12 ივნისის განაჩენი ნ. კ-იას მიმართ დარჩეს უცვლელად.