გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 23კოლ 10 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ი. ბიბილაშვილი,
მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ოვის და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების ლ. ნ-ძისა და რ. კ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ვ. კ-ოვს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 წლით, მე-3 ნაწილით – 2 წლით (1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მასვე სასჯელის მოხდასთან ერთად, დაენიშნა ნარკოლოგიური მკურნალობა.
ამავე განაჩენით გ. ს-ძეს საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის რედაქცია) მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც შეეცვალა პირობით – 5 წლით საგამოცდო ვადის დანიშვნით. იგი განაჩენს არ ასაჩივრებს.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ვ. კ-ოვს მსჯავრი დაედო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადმოტანისათვის, გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისათვის, დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებათა განმეორებით, გასაღებისა და გასაღების მიზნის გარეშე, ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა, შენახვა გადაზიდვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ. კ-ოვი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციის ქ. პენზაში და არის ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებელი. 2000 წლის 15 აპრილს ქ. პენზაში ის შეხვდა ნაცნობს – დ. ს-ძეს, რომლისგანაც შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა საქართველოში გამგზავრებას.
ვ. კ-ოვმა გადაწყვიტა, დ. ს-ძესთან ერთად, ჩამოსულიყო საქართველოში, ამასთან ერთად, ქ. პენზაში შეეძინა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომლის ნაწილს მოიხმარდა პირადად, ნაწილს კი რეალიზაციას გაუკეთებდა საქართველოში. მოილაპარაკეს, რომ ისინი დაქირავებული ავტომანქანით გაემგზავრებოდნენ საქართველოში, მგზავრობის საფასურს – 10 ათას რუსულ რუბლს გაიყოფდნენ და გადაიხდიდნენ ცალ-ცალკე.
16 აპრილს, ვ. კ-ოვმა ქ. პენზაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, 6900 რუსულ რუბლად, გასაღების მიზნის გარეშე, უკანონოდ შეიძინა სამ წონად დაფასოებული 23 გრამი “ჰეროინი”, რომელიც გადაზიდა და შეინახა სახლში. მეორე დღეს, დ. ს-ძესთან ერთად, დაქირავებული ავტომანქანით – “ვაზ-2101”, ის გამოემგზავრა საქართველოში, რა დროსაც 23 გრამი “ჰეროინი” შენახული ჰქონდა შარვლის ჯიბეში.
ვ. კ-ოვმა ქ. ელისტაში ჩასვლამდე ერთ გრამამდე “ჰეროინი” მოიხმარა პირადად, 22 გრამი “ჰეროინი” კი მოათავსა პრეზერვატივებში და, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, მგზავრებისაგან ფარულად, შეინახა ავტომანქანის ბენზინის ავზში. 2000 წლის 18 აპრილს, როკის გვირაბის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ვ. კ-ოვმა, საქართველოში გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 22 გრამი ნარკოტიკული საშუალება - “ჰეროინი”.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დ. ს-ძემ ვ. კ-ოვი მიიყვანა ... ძმასთან – გ. ს-ძესთან და გააცნო ეს უკანასკნელი.
ვინაიდან ვ. კ-ოვს არ ჰქონდა მძღოლებზე გადასახდელი თანხა - 5 ათასი რუსული რუბლი და ამასთან ერთად იცოდა, რომ გ. ს-ძეც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, ამ უკანასკნელს შესთავაზა, რომ მას გადაეხადა მგზავრობის ფული, რის საფასურად, მისცემდა “ჰეროინს”.
გ. ს-ძე დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და ვ. კ-ოვს გადასცა 5 ათასი რუბლის ექვივალენტი 350 ლარი, რომლითაც ამ უკანასკნელმა გაისტუმრა ავტომანქანის მძღოლები, რის შემდეგ ავტომანქანას მოხსნა ბენზინის ავზი და ამოიღო საქართველოში უკანონოდ შემოტანილი 22 გრამი ჰეროინი.
ვ. კ-ოვმა აღნიშნული ოდენობით ნარკოტიკი გადაზიდა და შეინახა ს-ძეების მიერ დაქირავებულ სახლში, სადაც ცხოვრობდა ამ უკანასკნელთა მამიდა – მ. ს-ძე.
იმავე დღეს მან გ. ს-ძეზე უკანონოდ გაასაღა 1 გრამი “ჰეროინი”, რომელმაც იგი მოიხმარა პირადად. ამის შემდეგ 2000 წლის 19 აპრილიდან 11 მაისამდე გ. ს-ძემ ვ. კ-ოვისაგან ხუთჯერ შეიძინა თითო-თითო გრამი “ჰეროინი” - სულ 5 გრამი. დარჩენილი ნარკოტიკიდან ვ. კ-ოვმა პირადად მოიხმარა 16,75 გრამი “ჰეროინი”.
2000 წლის 11 მაისს დაკავებულნი იქნენ ვ. კ-ოვი და გ. ს-ძე, რა დროსაც ვ. კ-ოვს აღმოაჩნდა 0,25, ხოლო გ. ს-ძეს - 0,12 გრამი “ჰეროინი”, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა ვ. კ-ოვისაგან.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარსა და პალატის სხდომაზე, ვ. კ-ოვმა თავი დამნაშავედ არ ცნო, მიუთითა, რომ წინასწარი გამოძიების დროს ჩვენებები მიცემული აქვს ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, იგი არ შეესაბამება სინამდვილეს, ითხოვს განაჩენის გაუქმებას და დამატებითი გამოძიების ჩატარებას.
საკასაციო საჩივრებში ვ. კ-ოვის ინტერესების დამცველები, ადვოკატები ლ. ნ-ძე და რ. კ-ძე აღნიშნავენ, რომ განაჩენი დამყარებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით მოპოვებულ საეჭვო მტკიცებულებებზე, ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას შემდეგი მოტივებით: ვ. კ-ოვი დაკავებულია 2000 წლის 11 მაისს, იმავე დღეს დაკითხულია ეჭვმიტანილის სახით. დაკავების დროს იგი აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების ზეგავლენის ქვეშ და მას არ შესწევდა უნარი, აღექვა საქმის რეალური მდგომარეობა და მიეცა სწორი ჩვენება. ეჭვმიტანილად დაკითხვას ადვოკატი არ დასწრებია, დაცვის ორდერი გამოწერილია მე-2 დღეს – 12 მაისს.
ვ. კ-ოვს არ ჩაბარებია საბრალდებო დასკვნისა და ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილების ასლი, სსსკ-ის 105 მუხლის თანახმად თარჯიმან მ-იანს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო განმეორებით საგამოძიებო მოქმედებებში.
ბრალდება დამყარებულია წინასწარი გამოძიების დროს ვ. კ-ოვის მიმართ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიღებულ აღიარებით ჩვენებებზე, მისი ბრალდება დადასტურებული არ არის საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებებით, მოპოვებული არ არის უტყუარი მტკიცებები, რომ ვ. კ-ოვმა ნამდვილად შემოიტანა თუ არა, კონტრაბანდული გზით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ვისგან შეიძინა იგი, დადგენილი არ არის ავტომანქანა, მძღოლის ვინაობა, გაურკვეველია, რა რაოდენობით და რამდენჯერ გაასაღა იგი გ. ს-ძეზე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ამ უკანასკნელის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძინა ვ. კ-ოვისაგან “ჰეროინი” და სხვა.
საკასაციო პალატის სდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-ძემ დადგენილად მიიჩნია ვ. კ-ოვის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, აღნიშნა, რომ მართალია, საქმეში არსებობს საპროცესო ნორმათა დარღვევები, მაგრამ იგი არსებითი ხასიათის არ არის და მას გავლენა არ მოუხდენია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის ადვოკატებისა და პროკურორის პოზიცია, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმიდან ირკვევა ვ. კ-ოვი დაკავებულ იქნა 2000 წლის 11 მაისს და იგი იმავე დღეს ეჭვმიტანილად დაიკითხა თარჯიმნის მონაწილეობით, ადვოკატის თანდასწრებით. დაკითხვის ოქმს ხელს აწერს ვ. კ-ოვი და ზემოხსენებული პირები. დაკავების დროს, ვ. კ-ოვი მართლაც აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ საჩივრის მოტივი, რომ ამ გარემოების გამო ვ. კ-ოვმა ვერ აღიქვა საქმის რეალური მდგომარეობა და ეჭვმიტანილად დაკითხვისას მისცა არასწორი ჩვენება, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში, ამ მოტივით, ვ. კ-ოვს არასოდეს გაუხდია სადაოდ ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება, აგრეთვე ისიც, თითქოსდა მის დაკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი.
ვ. კ-ოვს საბრალდებო დასკვნის ასლი მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე ჩაბარებული აქვს 2000 წლის 4 აგვისტოს, რაც დასტურდება საქმეში არსებული მისი ხელწერილით, მასვე თარჯიმნის მიერ მშობლიურ ენაზე ეთარგმნა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
საკასაციო პალატიამ შეფასება მისცა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გააანალიზა ადვოკატების საკასაციო საჩივრის მოტივები – პროცესუალური დარღვევების შესახებ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოარკვია რა საქმის ფაქტიური გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა ვ. კ-ოვის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და უტყუარ მტკიცებულებათა მოპოვების გარეშე, საფუძვლიანად ცნო წინასწარი გამოძიების მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ვ. კ-ოვის მიერ ქ. პენზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 23 გრამი “ჰეროინის” შეძენის, ამ ოდენობით, კონტრაბანდული გზით, საქართველოში გადმოზიდვა და დიდი ოდენობით გ. ს-ძეზე გასაღება.
გარდა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, რომელიც ვ. კ-ოვმა სასამართლო გამოძიებისას უარყო, სხვა უტყუარი მტკიცებები, ამ ბრალდების დასადასტურებლად, სასამართლო გამოძიებაში მოპოვებული ვერ იქნა.
დადგენილი არ არის ავტომანქანა და მძღოლის ვინაობა, რომლის დახმარებით ვ. კ-ოვმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გადმოზიდა საქართველოში.
მოწმე დ. ს-ძე, რომელთან ერთად ქ. პენზიდან საქართველოში ჩამოვიდა ვ. კ-ოვი, ამ უკანასკნელს დანაშაულში არ ამხელს და ჩვენებებში აცხადებს, რომ უცნობია, თუ რა გზით და საშუალებით გადმოზიდა “ჰეროინი” საქართველოში.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა გ. ს-ძემ შეცვალა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და სასამართლო გამოძიების დროს დაადასტურა ვ. კ-ოვისაგან ერთჯერადად 1 გრამამდე “ჰეროინის” შეძენის ფაქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაკავების დროს ვ. კ-ოვს აღმოაჩნდა 0,25, ხოლო გ. ს-ძეს 0,12 გრამი “ჰეროინი”, რომელიც ამ უკანასკნელს შეძენილი ჰქონდა ვ. კ-ოვისაგან.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. კ-ოვს ბრალად უნდა შეერაცხოს ფაქტიურად მასთან აღმოჩენილი და გ. ს-ძეზე გადაცემული ნარკოტიკული საშუალების “ჰეროინის” უკანონო შეძენა, შენახვა, კონტრაბანდის გზით საქართველოში გადმოზიდვა, მისი მოხმარება და გ. ს-ძეზე გასაღება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. კ-ოვის მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიცავს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: ვ. კ-ოვის ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია ქმედების ჩადენისას მოქმედი სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 და 252-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, უნდა დაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
ვ. კ-ოვს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 262-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით, ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის მე40 მუხლის საფუძველზე, მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” პუნქტით, 562-ე და 568-ე მუხლებით, “პატიმრობის შესახებ” კანონის 73-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. კ-ოვის, ადვოკატების ლ. ნ-ძის, რ. კ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ვ. კ-ოვის მიმართ შეიცვალოს:
ვ. კ-ოვის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია ქმედების ჩადენისას მოქმედი სსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 252-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლების პირველ ნაწილებზე.
ვ. კ-ოვს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით, ხოლო 262-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის რედაქცია) საფუძველზე, ვ. კ-ოვს საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.