Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-603(კ-20) 17 მაისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ხ. ს-ეე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მოსარჩელე - კერძო აღმასრულებელი მ. ს-ი

მესამე პირები - გ. ჯ-ი, თ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კერძო აღმასრულებელმა მ. ს-იმა 2018 წლის 27 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სააუქციონო მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ა. ს-ეის 2018 წლის 29 მაისის №A18031407-011/001 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის №A18031407 საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის - მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ს-ეემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ხ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ს-ეემ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას, ხოლო ამავე კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

კასატორის მითითებით, 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 35-ე მუხლის „ზ“ პუნქტი ითვალისწინებდა გადაწყვეტილების აღსრულების ვადას. მხარეები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას თანხმდებობდნენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების განხილვასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმებული არიან დავის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოო იქნებოდა და გასაჩივრებას არ დაექვემდებარებოდა. კასატორის განმარტებით, სახეზეა მხარეთა შეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 146-ე მუხლს. კასატორი ხ. ს-ეე აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე აქტების მიმართ. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს, რომელსაც უპირატესობა გააჩნია ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უარი სააუქციონო მომსახურების გაწევაზე, უსაფუძვლოა და მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, აღნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის სარეკომენდაციო ბარათში მითითებული პოზიცია, რომელსაც მოპასუხე დაეყრდნო სადავო აქტის გამოცემისას, არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოსათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტი ახდენს კერძო აღმასრულებლის დეფინიციას, კერძოდ, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-147 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 16 მარტს ხ. ს-ეემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის, წარუდგინა მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილება, 2009 წლის 19 მარტის №63/2008 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულება. დადგენილია, რომ ხ. ს-ეის 2018 წლის 16 მარტის განცხადების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა მ. ს-იმა, დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც, კერძო აღმასრულებელმა 2018 წლის 10 მაისს №A18031407-010/001 განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 მაისის №A18031407-011/001 სადავო აქტით, კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის უარი ეთქვა სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მიღებამდე მოქმედებდა საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“, რომელიც ადგენდა საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების წესებს. აღნიშნული კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და მისი სავალდებულო რეკვიზიტების ნუსხა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა აღინიშნოს: ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო, ადგილი და არბიტრაჟის შემადგენლობა; ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც არბიტრაჟი მოქმედებდა; გ) დავის ყველა მონაწილე; დ) დავის საგანი; ე) სამოტივაციო ნაწილი, მასში გადმოცემული იმ მოსაზრებით, რომელთა საფუძველზეც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება პირდაპირ ითვალისწინებს ასეთი სამოტივაციო ნაწილის არარსებობას; ვ) არბიტრაჟის დადგენილება; ზ) გადაწყვეტილების აღსრულების ვადა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 19 მარტის №63/2008 სააღსრულებო ფურცლის გამოცემის დროს (2008-2009 წლებში) მოქმედებდა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 35-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში მისი აღსრულების ვადის მითითების სავალდებულოობას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებულია მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონით („კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი) დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტი - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადა, რომელიც შეადგენს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წელს. ამასთან, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოტანის დღეს. ამდენად, კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განცხადებით მიმართვის მომენტისათვის - 2018 წლის 10 მაისს გასული იყო მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2008 წლის 12 დეკემბერი) სამ წელზე მეტი, რის გამოც ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი, იძულებითი აღსრულების ვადის გასვლის მოტივით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ა. ს-ეემ 2018 წლის 29 მაისის №A18031407-011/001 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრა განმცხადებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება კი არ წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვერ გავრცელდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედებდა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საარბიტრაჟო წესით საქმეთა განხილვასთან დაკავშირებით, სპეციალურ რეგულაციებს ითვალისწინებდა. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის 35-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ადგენდა არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში მისი აღსრულების ვადის მითითების სავალდებულოობას, რაც სადავო შემთხვევაში განხორციელდა კიდეც და მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „...ს“ 2008 წლის 12 დეკემბრის №63/2008 გადაწყვეტილებაში მისი იძულებითი აღსრულების ვადად მიეთითა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წელი. შესაბამისად, კასატორის არგუმენტაცია არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ათწლიანი ვადის გავრცელების შესახებ უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ა. ს-ეის 2018 წლის 29 მაისის №A18031407-011/001 უარი სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ, სრულად შეესაბამება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის №A18031407 საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე მ. ა-ის 18.09.2020წ. №9859055453 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ა-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება.

3. მ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ხ. ს-ეის საკასაციო საჩივარზე 18.09.2020წ. №9859055453 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე