საქმე #ბს-1145(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 16 მაისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 გადაწყვეტილებით სს „...ის“ მიმართ კომისიის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტისა და 8.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს „...ს“ დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკურ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარდგენა.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილებით (რომელიც კომისიამ მიიღო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით) არ იქნა გაგრძელებული „საქართველოში საერთაშორისო ზარების დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. კომისიის #857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, სს „...ს“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალა 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარედგინა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი). კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 28 თებერვლის #908/07-8 წერილით სს „...მა“ კომისიას წარუდგინა მოწვევის ოფერტი გამოსაქვეყნებლად, თუმცა კომისიამ იგი არ გამოაქვეყნა და 2017 წლის 28 თებერვლის #08/631-17 წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, სს „...ს“ აცნობა, რომ კომისიის 2016 წლის #857/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის პირველი მარტიდან საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე მოქმედებს კომისიის მიერ მობილურ და ფიქსირებულ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყების/დასრულების) მომსახურებაზე დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფები. ამასთან, კომისიამ წერილში აღნიშნა, რომ კომპანიების მიერ ხსენებულ მომსახურებაზე ტარიფის დაწესებისას ავტორიზებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საერთაშორისო ზარის საქართველოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებაზე დაწესებული აქციზის გადასახადი და შესაბამისად, ავტორიზებული პირების მიერ საქართველოში ზარის დასრულების მომსახურების საფასურის დაწესებისას კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრულ ტარიფს უნდა დაემატოს საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ/ფიქსირებულ ქსელში დასრულებისათვის დადგენილი აქციზის გადასახადი.
ამდენად, მოსარჩელემ სს „...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების სასამართლო დავის საბოლოო დასრულებამდე შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სს „...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 გადაწყვეტილების მოქმედება სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ნ...“, რომელმაც ასევე წარადგინა კერძო საჩივარი ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და შპს „ნ...ს“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის განჩინება და მოსარჩელე სს „...ს“ უარი ეთქვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული პროცესის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „...“, შპს „მ...“, შპს „ს...“, შპს „პ...ის“ ფილიალი საქართველოში, შპს „კ...“, შპს „ნ...“ და შპს „ქ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებით დროებით დადგინდა ახალი სატარიფო რეგულაცია. ხსენებულ გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება, მათ შორის, კომისიის 2016 წლის 30 ივნისის #446/19 გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრულ ტარიფს. უდავო იყო ის ფაქტიც, რომ კომისიამ 2014 წლის ახალი სატარიფო რეგულაციები დაადგინა დროებით, ხოლო 2016 წლის 29 დეკემბერს უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რითაც აღდგა დროებითი ღონისძიების დადგენამდე არსებული რეგულაცია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთათვის მოეთხოვა ამ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი - კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილება. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით კომისიამ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურეობა გამოჰყო როგორც ბაზრის ცალკე სეგმენტი და ამავე გადაწყვეტილებით განახორციელა მისი დერეგულაცია, რამდენადაც გააუქმა რეგულირების დროებითი ტარიფი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირებს დაავალა კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარედგინათ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი) და არა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტი). კასატორის შეფასებით, ბუნებრივია, რომ თუკი კომისიამ რეგულაციის გაუქმების შედეგად საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურეობა გააერთიანა ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის ერთ სეგმენტად, ერთი მხრივ, აღნიშნულის შესახებ მას უნდა ემსჯელა #857/19 გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ავტორიზებული პირებისათვის დაევალებინა არა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტი) გამოქვეყნება, არამედ ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადების გამოქვეყნება, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სს „...ი“ ვერ ივარაუდებდა, რომ კომისიამ განახორციელა ბაზრის ამ ორი დამოუკიდებელი სეგმენტის გაერთიანება და საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურეობაზე გაავრცელა ოპერატორების ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგენილი ზღვრული ტარიფი. მით უფრო იმ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ კომისიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა და ანალიზი, რომელიც მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საშუალებას მისცემდა ბაზრის ამ ორი სეგმენტის გაერთიანების შემთხვევაში, ხელახლა ემსჯელა ავტორიზებული პირებისათვის დადგენილ სპეციფიკურ ვალდებულებებზე, მათ შორის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებებზე.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 თავებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რამდენადაც იგი მიღებულია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ამ გადაწყვეტილებით კომისიამ სს „...ს“ ფაქტობრივად საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებაზე ისე დაუდგინა ახალი ტარიფი (18.5 თეთრი), რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერვე მიღებულ 2010 წლის 21 მაისის #240/9 გადაწყვეტილებაში (რომლის მიხედვითაც, ზღვრული ტარიფი ურთიერთჩართვის მომსახურებაზე განსაზღვრულია 3.5 თეთრის ოდენობით, აქციზის და დღგ-ის ჩათვლით) არ შეუტანია ცვლილება.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო ზარების დასრულებამდე კომისიამ ტარიფი დაადგინა იმ პირობებში, როდესაც კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავად კომისიამ აღარ გააგრძელა საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე კომისიის მიერ დადგენილი რეგულაცია და პრაქტიკულად მოახდინა ბაზრის ამ სეგმენტის დერეგულაცია, რაც კასატორის მოსაზრებით, გულისხმობს ავტორიზებული პირებისათვის ამ სეგმენტზე საქმიანობის, მათ შორის, ტარიფების დაწესების თავისუფლების მინიჭებას.
კასატორი ასევე მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას კომისია ითვალისწინებს იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვაროვნად განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებს. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული კანონით დადგენილი მოთხოვნები ცალსახად ადასტურებს, რომ კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატარიფო რეგულირების დადგენა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ კომისიამ საერთაშორისო ზარების დასრულების ბაზრის სეგმენტი ფაქტობრივად გამოყო ცალკე ბაზრის დამოუკიდებელ სეგმენტად და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად დაადგინა ზღვრული ტარიფები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სს „...ისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 20 აპრილის #272/18 გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „...ი“ არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირი. შესაბამისად, იგი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს. ამასთან, ის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განსაზღვრული უფლებების, მათ შორის, კერძო, სუბიექტური, ინტერესების დაცვის რეალიზებასთან ერთად, ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.
ამავე კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციის შესაბამისად, საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყონ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობა/საჯაროდ გამოქვეყნება. ავტორიზებულ პირთა მხრიდან კანონისმიერი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძირითადი ამოცანაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომისიის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული უსადენო საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირად განისაზღვრა სს „...ი“. ამავე გადაწყვეტილების 8.1. პუნქტით მას დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ხოლო 8.5. პუნქტით - სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ასევე, 8.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდა სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფები - 2 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ის ჩათვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებით დროებით დადგინდა ახალი სატარიფო რეგულაცია. ხსენებულ გადაწყვეტილებაში რამდენჯერმე განხორციელდა ცვლილება, მათ შორის, კომისიის 2016 წლის 30 ივნისის #446/19 გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილებით 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებას არ გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ამავე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსაქვეყნებლად 2017 წლის 1 მარტამდე კომისიაში წარდგენა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, განსხვავებით საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ კომისიის აქტებისა, რომელიც კონკრეტულ ვადაზე მითითებით ადგენდა საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით ქვედა ზღვრულ ტარიფს. უდავოა ის ფაქტიც, რომ კომისიამ 2014 წლის ახალი სატარიფო რეგულაციები დაადგინა დროებით, ხოლო 2016 წლის 29 დეკემბერს უარი განაცხადა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით დადგენილი ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რითაც აღდგა დროებითი ღონისძიების დადგენამდე არსებული რეგულაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილება, რომლითაც საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უარი ეთქვათ დროებითი ეფექტური რეგულაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დროებითი რეგულაციის გაუქმების პირობებში, ამოქმედდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირთათვის მოეთხოვა ამ დროისათვის ძალაში არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი აქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი მოწვევის ოფერტების წარდგენა, მათი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების მიზნით.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილება, რომლითაც ძირითადად დადგენილი იყო სადავო ტარიფები, არ იყო ძალადაკარგული და წარმოადგენდა ძალაში მყოფ დოკუმენტს. შესაბამისად, დროებითი რეგულაციის მოქმედების შეწყვეტა გულისხმობდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ავტორიზებულ პირთა მხრიდან საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება და საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა მოსარჩელეს დაევალა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილებით დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელმაც გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანიის ქმედებით დარღვეულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის #571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის #857/19 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის და კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის #428/9 გადაწყვეტილების 8.1 პუნქტის და 8.5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ს“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 12.10.2021წ. #19522845 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.10.2021წ. #19522845 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა