საქმე #ბს-1042(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ.ფ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 28 აპრილს თ.ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 29 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტ „...-ის“ ცვლის უფროსმა ჩამოართვა, დალუქა და საბაჟო გამშვები პუნქტის - „...-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში განათავსა 300 ერთეული სამკერდე მედალი და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ ჩამორთმეული ნივთები შეიცავდნენ საბჭოთა სიმბოლიკას. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის ქმედება არ გამომდინარეობდა კანონიდან, ვინაიდან საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ კონკრეტულად არ მიუთითებს, თუ რა ნივთები მიეკუთვნება საბჭოური იდეოლოგიის მატარებელ სიმბოლიკას. ამასთან, საქართველოში სხვადასხვა ტერიტორიაზე გამოხატულია არაერთი კომუნისტური სიმბოლიკა, მათ შორის, იდეოლოგიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ქანდაკება და ეს არის ქვეყნის ისტორიის ნაწილი.
ამდენად, მოსარჩელემ თ.ფ-ასათვის 300 ერთეული სამკერდე მედლისა და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობის ჩამორთმევის შესახებ საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსის ქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით თ.ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკითხის კანონისმიერად გადაწყვეტის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, დასადგენი იყო, ჩამორთმეული ნივთები ექვემდებარებოდა თუ არა ჩამორთმევას, რა მიმართებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია - ეს არის ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა. კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას კი წარმოადგენს ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობის მტკიცების მიზნით ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ.ფ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის მქონე ნივთების შემოტანას (რასაც ასევე თავად მოსარჩელეც ადასტურებდა). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი თავის მოსაზრებებს ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ამგვარი სიმბოლიკა მრავლადაა ქვეყანაში და იგი არამართებულად მიიჩნევდა კომერციულ საქმიანობაში მოგების მისაღებად ტურისტების დაინტერესების მიზნით კერძო სამართლის სუბიექტზე აღნიშნული კანონის გავრცელებას.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ, ერთი მხრივ, ვერ მიუთითა კომუნისტური სიმბოლიკის მატარებელი 300 ერთეული სამკერდე მედლისა და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობის საქართველოში შემოტანის კონკრეტული მიზანი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო ნივთების ნაწილის გასხვისება და ისინი განკუთვნილი იყო სხვა პირთა დასაჯილდოვებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ ნივთები, რომელიც ცალსახად შეიცავდა კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას, შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივებისა და პროპაგანდისათვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მიზნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთები ექვემდებარებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აკრძალვას და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ რეგულირების სფერო და მთლიანად აღნიშნული კანონის დებულებები. მითითებული კანონი აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ დაუშვას კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის პროპაგანდა, თუმცა ამ კანონის გამოყენება კერძო სამართლის სუბიექტებზე, რომლებმაც შეიძლება აღნიშნული სიმბოლიკა გამოიყენონ კომერციულ საქმიანობაში და მოგების მისაღებად ტურისტების დაინტერესების მიზნით, პირდაპირ ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „...-ის“ ცვლის უფროსის ქმედება მისთვის 300 ერთეული სამკერდე მედლისა და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობის ჩამორთმევის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ლეგიტიმური, თუკი იარსებებდა მყისიერი სოციალური საფრთხე და იგი ამ ნივთების შემოტანით წარმოშობდა საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ტოტალიტარული მმართველობის აღდგენის რეალურ საშიშროებას. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნივთების შემოტანის აკრძალვა მხოლოდ პოტენციური კომუნისტური პროპაგანდის საფუძველზე არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად, თუ შემომტან პირს ან პირთა ჯგუფს განზრახული არ აქვთ ტოტალიტარული რეჟიმის აღდგენა ან ამგვარად სახელმწიფოსათვის საფრთხის შემქმნელი პროპაგანდის წარმართვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ჩამორთმეული ნივთებით გეგმავდა საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ტოტალიტარული პროპაგანდის წარმოებას და მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მყისიერი სოციალური საფრთხე, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსმა თავისი ქმედებით აღკვეთა.
ამასთან, კასატორის შეფასებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად შეიძლება სამახსოვრო მედალზე დატანილი სურათი წარმოადგენდეს კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას. კასატორი ასევე განმარტავს, რომ მედლებზე დატანილი სურათები (ერთ შემთხვევაში, იოსებ სტალინის ფოტო, ხოლო მეორე შემთხვევაში, მონუმენტი „დედა სამშობლო“) სრულიად არ განსხვავდება იმ სიმბოლიკებისგან, რომლებიც მრავლადაა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.ფ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თ.ფ-ასთვის 300 ერთეული სამკერდე მედლის და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობის ჩამორთმევის შესახებ საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსის ქმედების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის - „...-ის“ ცვლის უფროსის მიერ 2020 წლის 29 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის - „...-ის“ კონტროლის ზონაში შედგა ჩამორთმევის აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე თ.ფ-ას, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ საფუძველზე, ჩამოერთვა საბჭოთა სიმბოლიკის აღმნიშვნელი 300 ერთეული სამკერდე მედალი და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობა. ჩამორთმეული ნივთები დაილუქა საბაჟოს ძალოვანი ლუქით - G4001992 (ერთი) ერთეულ ტომარაში და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის - „...-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია - ეს არის ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა. კომუნისტურ ტოტალიტარულ სიმბოლიკას კი წარმოადგენს ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებებზე, კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ამგვარი სიმბოლიკა მრავლადაა ქვეყანაში. შესაბამისად, კასატორი არამართებულად მიიჩნევს კომერციულ საქმიანობაში მოგების მისაღებად ტურისტების დაინტერესების მიზნით კერძო სამართლის სუბიექტზე აღნიშული კანონის გავრცელებას.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას კვლავ მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ერთი მხრივ, ვერ მიუთითა კომუნისტური სიმბოლიკის მატარებელი 300 ერთეული სამკერდე მედლისა და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამახსოვრო მოწმობის საქართველოში შემოტანის კონკრეტული მიზანი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თ.ფ-ას ნივთების ნაწილი შესაძლოა გაესხვისებინა და გამოეყენებინა სხვა პირთა დასაჯილდოებლად. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომელმაც დასაბუთებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ ნივთები, რომელიც ცალსახად შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარულ სიმბოლიკას, შესაძლებელია გამოყენებული იყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივებისა და პროპაგანდისათვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთები ექვემდებარებოდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აკრძალვას და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მის ჩამორთმევასთან და ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ კომისიას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაიცო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, აღნიშნული კომისია იქმნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონკრეტული ნივთების შემოტანას, რომელიც უდავოდ მიეკუთვნებოდა კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელ სიმბოლიკას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ სჭირდებოდა ნივთების ჩამორთმევისათვის დამატებით რაიმე პროცედურის გავლა, მათ შორის, რომელიმე ორგანოს დასკვნა ან პოზიცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.ფ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 09.12.2021წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.ფ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. თ.ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.12.2021წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა