Facebook Twitter

საქმე #ბს-1040(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 13 აპრილს შპს „ჯ...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ზ.ნ-ის, დ.ფ-ისა და ზ.ფ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ...-ს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის #1378 ბრძანებით გადაეცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლით განისაზღვრა კონტურები, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა მიწისა და სამთო მინაკუთვნი, საერთო ფართობით - 16 430 ჰა. სწორედ აღნიშნული მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფარგლებში უკანონო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის გამო დ.ფ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არამართლზომიერად აღირიცხა ს.კ. ...და ს.კ. ...უძრავი ქონება, ზ.ნ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში აღირიცხა ს.კ. ...და ს.კ. ... უძრავი ქონება, ხოლო ზ.ფ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში აღირიცხა ს.კ. ...უძრავი ქონება.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას ასაბუთებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით და სხვა ფორმით გაცემა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში - ასევე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე (ამ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე). მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მოთხოვნის საპირისპიროდ, შპს „ჯ...-ის“ კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დ.ფ-ის სახელზე განხორციელდა 2008 და 2010 წლებში, ზ.ნ-ის შემთხვევაში - 2008 წელს, ხოლო ზ.ფ-ის შემთხვევაში - 2010 წელს.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ...-ის“ კანონიერ ინტერესს წარმოადგენს კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში მოქცეული უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რის შემდეგაც სადავო უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხება. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, უკანონო მესაკუთრისაგან ხელშეშლის და კომპენსაციების არამართლზომიერი მოთხოვნის გარეშე, განახორციელოს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რომლის განხორციელების ვალდებულებაც დაკისრებული აქვს ლიცენზიის შესაბამისად.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული ზ.ნ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #67 ოქმის ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 18 იანვარს გაცემული დ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2009 წლის 8 დეკემბერს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #034 ოქმის ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული დ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #80 ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 18 იანვარს გაცემული ზ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2009 წლის 8 დეკემბერს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელთან ერთად მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზ.ნ-ისათვის (პ/ნ ...) მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ...და ს.კ. ... უძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა, ასევე, დ.ფ-ისათვის (პ/ნ ...) მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ...და ს.კ. ...უძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა და ზ.ფ-ისათვის (პ/ნ ...) მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ...უძრავი ნივთის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განჩინებით მოსარჩელე - შპს „ჯ...-ის“ (ს/კ ...) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ზ.ნ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ...და ს.კ. ...უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; დ.ფ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ...და ს.კ. ...უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ზ.ფ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ჭიათურის რაიონში, სოფელ ...-ში მდებარე ს.კ. ... უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნაცვლად მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და რ.გ-ი

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით შპს „ჯ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით იყო დადგენილი, სადავო მიწების პრივატიზაცია განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზებო გეგმის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საპრივატიზებო გეგმები გადაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამდენად, სამინისტროსათვის ცნობილი იყო სადავო მიწების პრივატიზაციის შესახებ, რაც დასტურდებოდა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს 2008 წლის 17 დეკემბრის #05/02-11-653 და 2009 წლის 6 თებერვლის #23/02-11-59 წერილებით. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ ყველა სადავო მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად, შესაბამისი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრში იქნა აღრიცხული და მხოლოდ მას შემდეგ იქნა პრივატიზებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის #1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. თუმცა სადავო იყო მხოლოდ ერთი საკითხი - დაცული იქნა თუ არა პრივატიზაციისას „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ნორმის შინაარსი სამინისტროსა და ლიცენზიატის თანხმობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სადავო საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ მოპასუხეებთან - ზ.ნ-ესთან, დ.ფ-ესთან და ზ.ფ-ესთან მიმართებით აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მათ შეასრულეს ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის შეძენისას. რაც შეეხება სამინისტროს თანხმობას, ერთმნიშვნელოვანია, რომ შეტყობინება საპრივატიზებო გეგმის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიდიოდა და ინფორმაცია მუშავდებოდა, მაგრამ რაიმე პრეტენზია სადავო მიწებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ არ გამოთქმულა. ამასთან, მითითებული პროცედურებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცესის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ასევე მოსარჩელისთვისაც, რადგანაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და თავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში.

ზემოხსენებულთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება, რადგან „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო მოხმობილი კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, ასევე, 129-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში უნდა შეეტყო (სცოდნოდა) სადავო აქტების შესახებ, რადგან პრივატიზების პროცედურა ითვალისწინებს საჯაროობას და ამასთან, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია დ.ფ-ის შემთხვევაში განხორციელდა 2008 და 2010 წელს, ზ.ფ-ის შემთხვევაში - 2010 წელს, ხოლო ზ.ნ-ის შემთხვევაში - 2008 წელს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რაც ასევე გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 მუხლების დანაწესები. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის #1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ წესის“ დებულებები, ასევე, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, როდესაც შეაფასა, თითქოს სადავო შემთხვევაში მოპასუხეებზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას მნიშვნელობა არ ჰქონდა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის იმპერატიულ დანაწესს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს განსახილველ შემთხვევაში, პრივატიზება განხორციელებულია კანონიერად და მოსარჩელეს ამასთან მიმართებით პრეტენზია არ განუცხადებია. პრეტენზია დეტალურად არის ასახული სასარჩელო განცხადებაში, რომელსაც შპს „ჯ...-ი“ უცვლელად მხარს უჭერს. კასატორის შეფასებით, სასამართლო არ ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებას, როდესაც ადგენს, რომ „გარემოს ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ცნობილი იყო საპრივატიზებო გეგმის თაობაზე, იქ მუშავდებოდა აღნიშნული ინფორმაცია და სამინისტრო ამასთან დაკავშირებით პრეტენზიას არ გამოთქვამდა.“

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ შპს „ჯ...-ს“ უნდა სცოდნოდა ყველა კონკრეტული პრივატიზაციის შესახებ, არ გამომდინარეობს არც ერთი კანონიდან. აღნიშნულის თაობაზე პასუხს იძლევა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ლიცენზიატს იცავს მისთვის შეტყობინებისა და მისგან თანხმობის მიღების სავალდებულო პირობის დაწესებით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო 1998 წელს მიღებულ მოქმედ კანონთან მიმართებით არასწორად ანიჭებს უპირატესობას 2005 წელს მიღებულ მიწის პრივატიზების შესახებ კანონს. თუკი სასამართლოს შეფასება ეფუძნება იმას, რომ პრივატიზების კანონი სპეციალურია პრივატიზების საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ წიაღის საკითხებთან და ლიცენზიატების უფლებებთან მიმართებით სპეციალიზირებულია სწორედ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ასევე არასწორად მიუთითებს, თითქოს სადავო საკითხის გადაწყვეტისა და მისი მომზადების ეტაპზე დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლებით გარანტირებული დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის უფლება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რაც სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, იურიდიულად დაუსაბუთებელს ხდის გადაწყვეტილებას.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობის შეფასებისას არასწორად იყენებს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებათა გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლს და არასწორად განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლებს, ასევე, არასწორად ადგენს შპს „ჯ...-ის“ უფლების წარმოშობის თარიღად 2010 წელს, რაც კასატორის მოსაზრებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დაედგინა, რომ სადავო უძრავი ქონებების გადაცემა განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სპეციალური აუქციონის ფორმით. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სპეციალური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

კასატორი განმეორებით მიუთითებს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია განხორციელდა შპს „ჯ...-ის“ კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული ზ.ნ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 18 იანვარს გაცემული დ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2009 წლის 8 დეკემბერს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 17 სექტემბერს გაცემული დ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის, ასევე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 18 იანვარს გაცემული ზ.ფ-ის მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #... ოქმისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2009 წლის 8 დეკემბერს გაცემული სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #... ოქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით. თუ იჯარით გაუცემელ მიწასთან დაკავშირებით მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი ღია აუქციონის ჩატარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო მიწების პრივატიზაცია განხორციელდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზებო გეგმის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საპრივატიზებო გეგმები გადაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამდენად, სამინისტროსათვის ცნობილი იყო სადავო მიწების პრივატიზაციის შესახებ, რაც დასტურდება იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს 17.12.2008წ. #05/02-11-653 და 06.02.2009წ. #23/02-11-59 წერილებით. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ყველა სადავო მიწის ნაკვეთი, თავდაპირველად, შესაბამისი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე აღრიცხულ იქნა საჯარო რეესტრში და მხოლოდ მას შემდეგ იქნა ისინი პრივატიზებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის #1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

რაც შეეხება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მიწის ნაკვეთის შეძენისას მოპასუხეებმა - ზ.ნ-ემ, დ.ფ-ემ და ზ.ფ-ემ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა. რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ სამინისტროს თანხმობას, საგულისხმოა, რომ შეტყობინება საპრივატიზებო გეგმის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიდიოდა და ინფორმაცია მუშავდებოდა, თუმცა რაიმე პრეტენზია სადავო მიწებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ არ გამოთქმულა. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული პროცედურებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცესის შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო ასევე მოსარჩელისთვისაც, რადგან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და თავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებას, რამდენადაც „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამასთან, ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პრივატიზების პროცედურა ითვალისწინებს საჯაროობას, მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2008-2010 წლებში უნდა შეეტყო (სცოდნოდა) სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ. ამასთან, დამატებით საგულისხმოა ისიც, რომ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების მოპასუხეთა სახელზე რეგისტრაცია ამავე პერიოდში - 2008-2010 წლებში განხორციელდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ჯ...-ს“ (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 08.12.2021წ. #1638970452 საგადასახადო დავალებით (გადამხდელი - შპს „ჯ...-ი“ (ს/ნ ...); ბ.თ-ი (პ/ნ ...)) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ჯ...-ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის განჩინება;

3. შპს „ჯ...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.12.2021წ. #1638970452 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა