Facebook Twitter

საქმე #ბს-1050(კ-21) 5 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 26 ივლისს ა(ა)იპ „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი ლ. კ-ი 08.10.2018წ.-ს მოთავსდა ა(ა)იპ „...ის“ სტაციონარში არასტაბილური სტენოკარგიის დიაგნოზით. მას აღენიშნებოდა ატიპიური ანგინური სიმპტომატიკა. დინამიკაში ჩატარდა ტროპონინის ანალიზი - იყო მკვეთრად მომატებული. პაციენტს ჩაუტარდა კორონაროგრაფიული კვლევა, გამოვლინდა კორონარული არტერიების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი მრავლობითი დაზიანება. ჩატარდა წინა დაღმავალი არტერიის ანგიოპლასტიკა ორი წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციით. პოსტპროცედურულად პაციენტს აღენიშნა სუნთქვის გაძნელება, დესატურირდა, რის გამოც კლინიკაში მას ჩაუტარდა ჰემოდიალიზის მორიგი სეანსი.

მოსარჩელის მითითებით, ა(ა)იპ „...ი“ არ არის ჩართული დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში, თუმცა კლინიკა უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი აპარატურით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დიალიზის ჩატარება. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მისი ტრანსპორტირება და დიალიზის ჩატარება ამბულატორიულ რეჟიმში (დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) დაკავშირებული იყო მაღალ რისკთან, დიალიზის მორიგი სეანსი გადაუდებელი ჩვენებით ჩატარდა კლინიკაში, რომლის გარეშეც მოსალოდნელი იყო პაციენტის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და შესაძლო ლეტალური გამოსავალი.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #04/11189 გადაწყვეტილების თანახმად, ა(ა)იპ „...ს“ უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, რაც გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. 2019 წლის 25 ივნისის #04/34620 გადაწყვეტილებით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში, რაც გულისხმობს, რომ სამედიცინო ცენტრს აუნაზღაურდა მოთხოვნილი 2626.07 ლარიდან 2255.46 ლარი, თუმცა უარი ეთქვა ჰემოდიალიზის ღირებულების - 120 ლარის და ასანაზღაურებელი თანხის 2506.07 ლარის 10%-ის ანაზღაურებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #04/11189 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის #04/34620 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა(ა)იპ „...ის“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის #04/34620 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 მარტის #04/11189 გადაწყვეტილება პაციენტ ლ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა(ა)იპ „...ისათვის“ ლ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პაციენტი ლ. კ-ი წარმოადგენდა როგორც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #693 დადგენილების #14 დანართის - დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (პროგრამული კოდი - 27 03 03 04) მოსარგებლეს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებაზე, რომ ლ. კ-ი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #693 დადგენილების #14 დანართის მოსარგებლეს, ხოლო მოსარჩელე კლინიკა არ იყო ვერტიკალური პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელი. შესაბამისად, კლინიკას რეფერალი უნდა განეხორციელებინა და პაციენტი ჰემოდიალეზის სეანსის ჩასატარებლად სხვა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანა, ან ხარჯი თავად პაციენტს უნდა გაეღო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულება მიუთითებდა, რომ მართალია, პაციენტი კლინიკაში შეყვანილი იყო სხვა დიაგნოზით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმოიშვა მისთვის ჰემოდიალეზის სეანსის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. კლინიკამ თავად განახორციელა აღნიშნული ჩარევა იმდენად, რამდენადაც ამ ჩარევის განუხორციელებლობით, ან თუნდაც პაციენტის სხვა კლინიკაში რეფერირებით, არსებობდა ლეტალური შედეგის დადგომის მაღალი რისკი.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰერმოდიალეზის სეანსის ჩატარების თაობაზე მიღებული კლინიკის გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უპირატესად დაცვის მოტივით გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ცალსახად და მკაფიოდ ჰქონდა გამოხატული ნება, დაეცვა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ მოსარჩელე კლინიკა არ იყო ჩართული დიალეზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში, ვერ განაპირობებდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერებას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კლინიკამ სწორედ პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, საბოლოოდ მიღწეულ იქნა ის მიზანი, რომელიც სამედიცინო სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს აღებული - დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პაციენტ ლ. კ-ის სამედიცინო შემთხვევა კლინიკის მიერ მიწოდებულია შემდეგი პროგრამული კოდებით, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით პროგრამული კოდები - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა I21.4 - მიოკარდიუმის მწვავე ტრანსმურული სუბენდოკარდიული ინფარქტი, 4CAR, ჩარევები: FNDCIA - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, FNSG05 - კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით FNSG05 - კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით (სტენტის რაიოდენობა - 2), 5000000011 - თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, N18.5 - თირკმლების ქრონიკული დაავადება, სტადია 5.

კასატორის მითითებით, სადავოდ ქცეული სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირებისას გაირკვა, რომ პაციენტი ლ. კ-ი ჩართულია გეგმიური დიალიზის პროგრამაში. პროგრამის პირობების მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება „შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები“. ამდენად, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას 5000000011 კოდით და იგი მთლიანად უნდა ანაზღაურებულიყო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 მპუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით. მიმწოდებელი არ დაეთანხმა პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე შემთხვევების ანაზღაურებას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით, მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული პაციენტი ასევე იყო მთავრობის 31.12.2018წ. #693 დადგენილების #14 დანართის - დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (პროგრამული კოდი 27030304) ბენეფიციარი, ანუ მისი დაავადების მომსახურება ხორციელდებოდა არა 21.02.2013წ. #36 დადგენილებით, არამედ ზემოხსენებული დადგენილებით. ამდენად, მხარის მიერ იმ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელსაც #36 დადგენილება არ აფინანსებს, სცდება სამართლებრივ ფარგლებს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა(ა)იპ „...ი“ არ იყო #693 დადგენილების #14 დანართის მიმწოდებელი და შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა ჰემოდიალიზის გეგმიური სეანსი. მას შეეძლო პაციენტი გადაეყვანა რეფერალით სხვა კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდებოდა დიალიზის სეანსი, ხოლო თუ პაციენტი მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა აღნიშნულ მომსახურებას და მისი გადაყვანა შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ სეანსის თანხა უნდა გადაეხადა პაციენტს. კასატორის მითითებით, #36 დადგენილება წარმოადგენს ხელშეკრულებას და კლინიკა ვალდებულია, დადგენილების პირობების მიხედვით გადასცეს სამედიცინო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ლ. კ-ი თავისი ანამნეზიდან გამომდინარე იყო ქრონიკული პაციენტი და იგი მუდმივად იტარებდა ჰემოდიალიზის პროცედურას, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევის დაფინანსების მოთხოვნა უნდა მომხდარიყო 31.12.2018წ. #693 დადგენილების #14 დანართის პირობების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #04/11189 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის #04/34620 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა(ა)იპ „...ის“ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით, კერძოდ, ა(ა)იპ „...ის“ 2018 წლის 11 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #1684/1 ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV -100/ა) დადგინილია, რომ პაციენტი - ლ. კ-ი 2018 წლის 8 ოქტომბერს მოთავსდა ა(ა)იპ „...ში“. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: I25.2. – გულის კორონალური დაავადება ჰემოდიალიზი, I50.0 - გულის უკმარისობა II (NYHA), E11 შაქრიანი დიაბეტი, I10 - არტერიული ჰიპერტენზია II, I20.0 – გულის კორონალური დაავადება, მწვავე კორონალური სინდრომი, არასტაბილური სტენოკარდია III B (წინასწარი), I21.4 - გულის კორონალური დაავადება, მწვავე კორონალური სინდრომი, მ.ი. ST სეგმენტის ელევაციის გარეშე, Z.95.5 - გული კორონალური დაავადება PCI სტენტირებით (2014/2018), N18.5 - თირკმელების ქრონიკული დაავადება, სტადია V.

მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს მრავალი წელია აღენიშნება არტერიული წნევის ციფრების მატება მაქს. 200/100 მმჰგ, დიაგნოსტირებული აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (იმყოფება ინსულინოთერაპიაზე), 4 წელია იმყოფება თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (ჰემოდიალიზი). 8 წლის წინ ჩატარებული აქვს კორონაროგრაფიული კვლევა, 4 წლის წინ გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, რის გამოც ჩაუტარდა კორონარული სტენტირება ორი მეტალის სტენტის იმპლანტაციით (დოკუმენტაცია არ გვაქვს). ამის შემდეგ კვლავ იყო ჰოსპიტალიზებული არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით, თუმცა მაღალი რისკის გამო კორონაროგრაფიული კვლევა აღარ ჩატარებია, ბოლო სამი დღეა პერიოდულად აღენიშნება ტკივილი რეტროსტერნალურად, დღე ტკივილი გახდა ინტენსიური და დროში გახანგრძლივდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112), ნიტროგლიცერინის ფონზე ტკივილი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა კუპირება ვერ მოხერხდა, რის გამოც პაციენტი გადმოყვანილ იქნა ჯო ენის კლინიკაში შემდგომი კვლევისა და მკურნალობის მიზნით.

ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ პაციენტი კლინიკაში მოთავსდა არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით, აღენიშნებოდა ტიპიური ანგინური სიმპტომატიკა. დინამიკაში გადამოწმდა ტროპონინის ანალიზი, რაც იყო მკვეთრად მომატებული. პაციენტს ჩაუტარდა კორონაროგრაფიული კვლევა, გამოვლინდა კორონალური არტერიების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი მრავლობითი დაზიანება, ჩატარდა წინა დაღმავალი არტერიის ანგიოპლასტიკა 2.5/22 და 2.75/38 წამლით დაფარული სტენტების იმპლანტაციით. შედეგი ოპტიმალურია. პოსტპროცედურულად პაციენტს აღენიშნა სუნთქვის გაძნელება, დესატურირდა, რის გამოც კლინიკაში ჩაუტარდა ჰემოდიალიზის მორიგი სეანსი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ჩივილებს არ წარმოადგენს, ეწერება კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებით და რეკომენდაციით. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 2018 წლის 11 ოქტომბერს.

ლ. კ-ის სამედიცინო მომსახურების შემთხვევა (შ/ნ ...) პროგრამის ფარგლებში წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა I21.4- მიოკარდიუმის მწვავე სუბენდოკარდიული ინფარქტი, 4CAR ჩარევები: FNSG05 - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, FNSG05 - კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა, სტენტის ცადგმით კანქვესა ტრანსლუმინალური მიდგომით (სტენტის რაოდენობა 2), 5000000011 - თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, N18.5 - თირკმლის კრონიკული დაავადება, სტადია 5.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის #04/11189 გადაწყვეტილებით #... სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება 5000000011 კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/ შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%), რასაც მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სამედიცინო შემთხვევის სრულად განხილვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პირობებით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 25 ივნისის #04/34620 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ის“ 2019 წლის 12 აპრილის #337 ადმინისტრაციული საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული - 12.04.2019წ., #52637) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში და სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო პაციენტის - ლ. კ-ის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება დადგენილი წესითა და გადაწყვეტილების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ ლ. კ-ისათვის მხოლოდ ჰემოდიალეზის სეანსის ჩასატარებლად გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების ნაწილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტი ლ. კ-ი წარმოადგენს როგორც „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #693 დადგენილების #14 დანართის - დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია (პროგრამული კოდი 27 03 03 04) მოსარგებლეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებაზე, რომ ლ. კ-ი წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #693 დადგენილების #14 დანართის მოსარგებლეს, ხოლო მოსარჩელე კლინიკა არ იყო ვერტიკალური პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელი, შესაბამისად, კლინიკას რეფერალი უნდა განეხორციელებინა და პაციენტი ჰემოდიალეზის სეანსის ჩასატარებლად სხვა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაეყვანა, ან ხარჯი თავად პაციენტს უნდა გაეღო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულება მიუთითებს, რომ მართალია, პაციენტი კლინიკაში შეყვანილი იყო სხვა დიაგნოზით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, წარმოიშვა მისთვის ჰემოდიალეზის სეანსის ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. კლინიკამ თავად განახორციელა აღნიშნული ჩარევა იმდენად, რამდენადაც ამ ჩარევის განუხორციელებლობით ან თუნდაც პაციენტის სხვა კლინიკაში რეფერირებით, არსებობდა ლეტალური შედეგის დადგომის მაღალი რისკი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რომ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი, რომლის საფუძველზეც, საქართველომ აღიარა ვალდებულება, რომ უზრუნველეყო თითოეული ადამიანის უფლება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „პაციენტის უფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა აქვს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

საკასაციო სასამართლო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ჰერმოდიალეზის სეანსის ჩატარების თაობაზე მიღებული კლინიკის გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უპირატესად დაცვის მოტივით გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ცალსახად და მკაფიოდ აქვს გამოხატული ნება, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ მოსარჩელე კლინიკა არ არის ჩართული დიალეზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში, ვერ განაპირობებს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერებას. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კლინიკამ სწორედ პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, საბოლოოდ მიღწეულ იქნა ის მიზანი, რომელიც სამედიცინო სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტად აქვს აღებული - დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) საკასაციო საჩივარზე 07.12.2021წ. #32897 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.12.2021წ. #32897 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა