კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-378(2კს-22) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ხ. მ-ასა და მ. მ-ას კერძო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. კ-ი; მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი, თ. გ-ა და თო. გ-ა (კანონიერი წარმომადგენლები - მ. მ-ა, ხ. მ-ა)).
2015 წლის 12 ნოემბერს დ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის, ხ. მ-ას, მ. მ-ას, თ. გ-ასა და თო. გ-ას მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განჩინებით აპელანტ (მოსარჩელე) დ. კ-ის და მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეების) ხ. მ-ას, მ. მ-ას, თ. გ-ას და თო. გ-ას (კანონიერი წარმომადგენლები: ხ. მ-ა და მ. მ-ა) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: 1. ხ. მ-ა დ. კ-ს უხდის სახლის საფასურს 2 000 (ორი ათას) ლარს 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე; - თანხის მიღებიდან ერთ კვირაში დ. კ-ი იღებს ვალდებულებას დატოვოს სადავო მიწის ნაკვეთი და სახლი საკადასტრო კოდით ..., 2.დ. კ-ი იღებს ვალდებულებას ნარგავები დაუზიანებლად ჩააბაროს ხ. მ-ას, 3. 2016 წლის მოსავალს იღებს ხ. მ-ა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებისა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
2021 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. კ-ის მხარდამჭერმა - თ. კ-მა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განჩინების და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით თ. კ-ის (დ. კ-ის კანონიერი წარმომადგენელი) განცხადება დაკმაყოფილდა; გაიცა სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორ დ. კ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ, მოვალე ხ. მ-ას (პ/ნ ...) წინააღმდეგ 1 000 (ერთი ათასი) ლარის გადახდევინების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინების იძულებითი აღსრულების მიზნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს ხ. მ-ამ და მ. მ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. მ-ასა და მ. მ-ას კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრების ავტორებს - ხ. მ-ასა და მ. მ-ას ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კერძო საჩივრის ავტორებს - ხ. მ-ასა და მ. მ-ას. 2022 წლის 19 აპრილს კი ორივე გზავნილი ჩაბარდა მ. მ-ას, როგორც პირადად ასევე, როგორც ხ. მ-ასთან მცხოვრებ მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, რაც დასტურდება გზავნილზე მ. მ-ას ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრების ავტორებს ჩაბარდათ 2022 წლის 19 აპრილს, თუმცა კერძო საჩივრების ავტორებმა მათთვის მიცემულ 10-დღიან ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. კერძო საჩივრების ავტორებს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხ. მ-ასა და მ. მ-ას კერძო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ხ. მ-ასა და მ. მ-ას კერძო საჩივრები;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა