გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 50აპ 5 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ზ. კ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა.რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენზე თ. ტ-ძე-ტ-ძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განაჩენით თ. ტ-ძე-ტ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, შეეცვალა პირობით იმავე ვადით.
აღნიშნული განაჩენი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის მამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად. სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
განაჩენით თ. ტ-ძე-ტ-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან 2000 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. ბათუმის საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის დროს, დანის ტარის თავის არეში ჩარტყმით, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულ ზ. კ-ძეს.
დაზარალებული ზ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. ტ-ძე-ტ-ძისთვის მკაცრი სასჯელის დაკისრებას, ასევე, ითხოვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზარალი 600 ლარის ოდენობით და მორალური ზიანი 1000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული თ. ტ-ძე შეპასუხებით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ზ. კ-ძემ მოითხოვა მხოლოდ მატერილური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
პროკურორი გ. ჯ-ია ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას და აღნიშნავს, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაზარალებულ ზ. კ-ძეს, რომლის სამოქალაქო სარჩელიც სასამართლომ განუხილველად დატოვა, უფლება აქვს, წარადგინოს იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა თ. ტ-ძემ დაზარალებულს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირველად, ასევე, მისი პიროვნება და დანაშაულის ხასიათი, ის, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და თ. ტ-ძეს განუსაზღვრა პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით.
აღნიშნული გარემოებების არსებობისას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს სასჯელის ლმობიერების შესახებ და იგი სამართლიანად მიაჩნია.
რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების საკითხს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მოსარჩელე ზ. კ-ძემ მოითხოვა მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მაგრამ სასამართლომ განაჩენში საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე.
სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა და ვერ განსაზღვრავდა დაკისრებული თანხის ზუსტ ოდენობას, რადგანაც იმ დროისათვის დაზარალებულს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა მის მიერ მკურნალობაზე დახარჯული თანხების ოდენობა და ვერც სააპელაციო პალატა გადაწყვეტდა აღნიშნულ საკითხს, რადგანაც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარდგენილი მკურნალობის ხარჯები და წამლების შეძენის ქვითრები არ იყო სრულყოფილი.
საქმის მასალებით, კერძოდ, წინასწარი გამოძიების მიერ დაზარალებულის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ ზ. კ-ძეზე მიყენებული ზარალი შეადგენდა 600 ლარს. თავად დაზარალებულიც საქმის ყველა ინსტანციაში განხილვის დროს ითხოვდა 600 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოტივაცია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ უსაფუძვლოა. ასეთ ვითარებაში პალატას სარჩელი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ არსებითად უნდა განეხილა იგი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან, დაზარალებულმა ზ. კ-ძემ საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა განისაზღვროს მის მიერ გაწეული ხარჯებისა და მისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლით, 561-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 მარტის განაჩენი თ. ტ-ძის მიმართ სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.