Facebook Twitter

ბს-379(კ-22) 01 ივნისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ.ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. და 25.02.2022წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ფ-ემ 29.08.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მესამე პირის საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ. მიმართვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 10.08.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საპენსიო დავალიანების 3960 ლარის მიღების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დავალდებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.2019წ. გადაწყვეტილებით, ლ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.ფ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. გადაწყვეტილებით, ლ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.10.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 960 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.2020წ. განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა

შემდეგნაირად: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს ლ.ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 636 ლარისა და 60 თეთრის ანაზღაურება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ. №04-15-01/2495 მიმართვა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.08.2017წ. №04/52015 გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.10.2021წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ.ფ-ეს, მისი განცხადების პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს 03.08.2015წ. წერილით ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით მისი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობა 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენდა 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს, ამდენად იგი არ იყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან მას არ ჰქონდა 20 წლიანი წელთა ნამსახურობა. ლ.ფ-ისათვის შესაბამისი პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლა განხორციელდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 03.08.2015წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ.ფ-ისთვის 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად (ნამსახურობის პერიოდის ჩათვლის შედეგად), ლ.ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 16.01.2017წ. №11700118404 მიმართვის საფუძველზე გადაეგზავნა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან შესაბამისი წარდგინებისა და ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების მიღების გარეშე, 2015 წლის ივლისის თვიდან ლ.ფ-ისათვის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, ლ.ფ-ეს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2017 წლის თებერვლიდან. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ 2017 წლის იანვრის მიმართვის საფუძველზე 2017 წლის თებერვლიდან წარმოეშვა, ხოლო კომპენსაციის წინა თარიღიდან დანიშვნის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ლ.ფ-ისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატა სახელმწიფო კომპენსაციის დროულად არ დანიშვნასა და შესაბამისად, კომპენსაციის მიუღებლობაში, არ იყო გამოწვეული კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მოქმედებით. ლ.ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2017 წლის თებერვლიდან დანიშვნა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 03.08.2015წ. აქტით, ლ.ფ-ეს ნაცვლად 20 წლიანი წელთა ნამსახურობისა, ნამსახურობა განესაზღვრა - 17 წლით, 11 თვითა და 12 დღით. ზემოაღნიშნული აქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი. სწორედ სასამართლოს დავალების შედეგად სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელდა ლ.ფ-ისათვის ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საერთოდ არ არის შეფასებული მოპასუხის სათანადოობა, სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომ საერთოდ არ შეუფასებია ის გარემოება, თუ რაში გამოიხატა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეაფასოს მოცემულ საქმეზე მოპასუხის სათანადოობის საკითხი და დაეხმაროს მოსარჩელეს სარჩელის სწორად ფორმულირებაში, საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხე და სარჩელის სამართლებრივი შედეგები სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხის დაუზუსტებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. განჩინებით ლ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე დაინიშნა 25.02.2022წ. მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2022წ. განჩინებით ლ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.10.2019წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ.ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2017 წლის თებერვლიდან დანიშვნა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 03.08.2015წ. აქტით, ლ.ფ-ეს ნაცვლად 20 წლიანი წელთა ნამსახურობისა, ნამსახურობა განესაზღვრა - 17 წლით, 11 თვითა და 12 დღით. ზემოაღნიშნული აქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი და სწორედ სასამართლოს დავალების შედეგად სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელდა ლ.ფ-ისათვის ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული მოპასუხის სათანადოობის საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს სარჩელის სწორად ფორმულირებასა და საპროცესო სუბიექტების სწორად განსაზღვრაში. სასკ-ის 281 მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, ამასთან, სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამდენად, კანონი სასამართლოს ავალებს, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირის სათანადოობის გარკვევას, ანუ იმის განსაზღვრას, თუ სამართლებრივად რამდენად სწორად არის შერჩეული სარჩელზე პასუხისმგებელი პირი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხე და სარჩელის სამართლებრივი შედეგები სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხის დაუზუსტებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. და 25.02.2022წ. განჩინებები საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.ფ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრება მოთხოვნილი ფულადი თანხა. სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა საკასაციო სასამართლოს მითითებები, საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ არსებითად არ უსმჯელია აღნიშნულ მითითებებზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სრულად გაიზიარა საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა არასწორად განმარტა სასკ-ის 34.12 მუხლი. საკასაციო პალატამ მოცემულ საქმეზე გამოტანილ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა სააპელაციო საჩივარი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს თავად უნდა განეხილა მოცემული საქმე. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.11.2021წ. და 08.04.2021წ. განჩინებებზე (საქმე №ბს-1224(კ-19), საქმე №ბს-1250(2კ-20)) და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, მიზანშეწონილია, მან, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციიდან გამომდინარე, თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას და პროცესის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზება. სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა არ უნდა დაიკარგოს. კასატორმა მიუთითა, რომ დავა მიეკუთვნება სოციალურ დავათა კატეგორიას და ამ კატეგორიის საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თვითონ განეხილა არსებითად საქმე, მოეწვია მხარეები და მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სათანადო მოპასუხე. მოსარჩელე აცხადებს თანხმობას საკასაციო სასამართლოს მითითებების მიხედვით შეიცვალოს მოპასუხე და დაზუსტდეს სასარჩელო მოთხოვნები. საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევა არ არის საჭირო. კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ არ უნდა დააბრუნოს საქმე ხელახლა განსახილველად, თვითონ უნდა მიიღოს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს დაეკისროს 3960 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. ზოგადი წესის მიხედვით არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო მეორეს მხრივ თავად იკვლევს და აფასებს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ კუთხით ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს აპელაციის სრული და არასრული (შეზღუდული) მოდელის მახასიათებლები. სრული აპელაციის შემთხვევაში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია, რადგან სააპელაციო სასამართლო მოიძიებს და იღებს მხარეთა მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებს, ითვალისწინებს მხარეთა მიერ პირველი ინტანციის სასამართლოში გაუჟღერებელ მოსაზრებებსაც, ადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს, სრულად იმეორებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით განხორციელებულ ქმედებებს და ამდენად, მოკლებულია დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესაძლებლობას. აღნიშნულისგან განსხვავებით არასრული (შეზღუდული) აპელაციის შემთხვევაში მართალია არ არის გამორიცხული სააპელაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღებისა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობა, თუმცა იგი არ ახდენს საქმის სრულ ხელახალ კვლევას და შემოიფარგლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმებით, გადასინჯვით, ამდენად, არასრული აპელაციის შემთხვევაში იკვეთება სხვაობა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებებს შორის, შესაბამისად, ასეთ დროს სააპელაციო პალატას არ ერთმევა დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე, ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებითაც უნდა დასტურდებოდეს. უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს მოსარჩელის ძირითად არგუმენტებზე მსჯელობას და ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების კვლევას, შეფასებას, მაშინ საფუძველი ეცლება მისთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას და სააპელაციო პალატა ვალდებულია თავად გამოასწოროს გადაწყვეტილების ხარვეზები. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას სააპელაციო სასამართლომ უნდა მიუთითოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასარკვევ იმ საკითხთა წრეზე, რომლის გარკვევის შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია.

საქმის მასალების, სარჩელისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების, საკასაციო სასამართლოს განჩინებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხე და სარჩელის სამართლებრივი შედეგები სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხის დაუზუსტებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20.07.2015წ. ბრძანებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №... სამმართველოს (ბათუმი) მობილური ოცეულის ... ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი (მძღოლი-მსროლელი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მასტერ-სერჟანტი ლ.ფ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს 03.08.2015წ. წერილით ლ.ფ-ეს ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, მისი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობა 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენდა 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს. ლ.ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 03.08.2015წ. წერილის ბათილად ცნობა და მის მიერ სამხედრო სამსახურში, კონტრაქტის საფუძველზე, ნამსახურობის წლების 1995 წლიდან 1998 წლამდე პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით ლ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 03.08.2015წ. აქტი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ.ფ-ისთვის 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ლ.ფ-ემ 21.03.2017წ. განცხადებით მიმართა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.2016წ. გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის დანიშვნა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მას სოციალური გასაცემელი ეკუთვნოდა 2015 წლის 20 ივლისიდან და მოითხოვა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გაეცა მასზე ამ პერიოდიდან მიუღებელი თანხა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ. წერილით ლ.ფ-ეს ეცნობა, რომ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დოკუმენტაცია მისთვის ფულადი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 16.01.2017წ. მიმართვით, ამდენად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართვისა და ლ.ფ-ის განცხადების საფუძველზე განმცხადებელს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2017 წლის 01 თებერვლიდან, შესაბამისად, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს განმცხადებლისთვის 2015 წლის 20 ივლისიდან - 2017 წლის 01 თებერვლამდე (კომპენსაციის დანიშვნამდე) პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ. გადაწყვეტილება ლ.ფ-ის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.08.2017წ. გადაწყვეტილებით ლ.ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო კომპენსაციისა დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) 15.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან შესაბამისი წარდგინებისა და ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების მიღების გარეშე, 2015 წლის ივლისის თვიდან ლ.ფ-ისათვის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. ლ.ფ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2017 წლის თებერვლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ.ფ-ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების სამმართველოს 03.08.2015წ. წერილით ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით მისი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობა 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენდა 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს, ამდენად ის არ იყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან მას არ ჰქონდა 20 წლიანი წელთა ნამსახურობა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 03.08.2015წ. აქტი და სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ.ფ-ისთვის 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მოქმედებით. ამდენად, გარდა იმისა, რომ მოცემულ საქმეზე შესაფასებელია მოპასუხის სათანადოობის საკითხი, კორექციას საჭიროებს დავის საგანი, სასამართლო უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს სარჩელის სწორად ფორმულირებაში, რაც გათვალისწინებულია სასკ-ის 281 მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად მხარისათის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას შეადგენს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილი დავების სპეციფიური ხასიათიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიის და დაჩქარების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სუსგ 09.12.2019წ. საქმე №ბს-294-294(კ-18)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა და სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირება, ვერ უზრუნველყოფდა დავის სათანადო განხილვას, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო მოპასუხე კარგავს საქმის განხილვის ერთ ინსტანციას, რის გამო მიზანშეწონილი იყო დავის საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ამასთან, მოპასუხეთა წრის განსაზღვრის შემდეგ შესაძლებელია შეფასებას საჭიროებდეს ტერიტორიული განსჯადობის საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ 26.01.2022წ. განჩინებით დაადგინა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. სასკ-ის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონდარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ისეთ პროცედურულ საკითხებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 85-ე მუხლითა და ასკ-ის 281 მუხლით, კერძოდ, საპროცესო სუბიექტების სწორად განსაზღვრისა და სასარჩელო მოთხოვნების სწორად ფორმულირების საკითხებზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ფაქტობრივ გარემოებებზე, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხები შეაფასა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსმენა არის კონვენციის 6.1. მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპი, თუმცა ასეთი მოსმენის ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური ხასიათის (De Tomaso v. Italy, §163). მეორე ინსტანციაში ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია განხილული იყოს სამართლებრივი საკითხები, ხოლო ფაქტების შემოწმება აუცილებლად საჭიროებს ზეპირ მოსმენას, შესაბამისად, აპელაციაში პროცედურები, რომლებიც მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს მოიცავს, შესაძლებელია შესაბამისობაში იყოს კონვენციის მე-6 მუხლთან, განსხვავებით ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც ფაქტები არის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული (Miller v. Sweden, §30). მოსმენა არ არის აუცილებელი, როდესაც არ არის წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს მოსმენას და სასამართლოს შეუძლია საქმე გადაწყვიტოს სამართლიანად და რაციონალურად მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე (Döry v. Sweden, §7, Saccoccia v. Austria, §73). სოციალურ სფეროში, ეფექტურობისა და ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია თავი შეიკავოს მოსმენის ჩატარებისგან, რადგან სისტემატურად მოსმენების ჩატარებამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას სოციალური დაცვის პროცედურების განსაკუთრებული გულმოდგინებით განხორციელებას (Dory v. Sweden, § 41). თავად კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებები დამატებით კვლევას არ საჭიროებს და საკასაციო სასამართლოს მითითებები სამართლებრივი ხასიათისაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა საქმე და მიეღო გადაწყვეტილება, არ არის დასაბუთებული. საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვასთან შედარებით მოითხოვს ნაკლებ დროს, ნაკლები ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გამოყენებას, წარმოადგენს მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხის დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი, ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia“ („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო წყვეტს, როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს, მნიშვნელობა აქვს ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისათვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.02.2014წ. N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ი. ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42; 07.12.2018წ. N2/8/765 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დ. ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23,27). მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის და სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოში არსებული აპელაციის მოდელის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის განსახილველად დაბრუნების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა. დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო მისი პროცესუალური როლის გათვალისწინებით არ არის უფლებამოსილი კასაციის ეტაპზე შეთავაზოს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირება და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, საკასაციო ინსტანციაში არ დაიშვება დავის საგნის შეცვლა (სსკ-ის 406-ე მუხ.), საკასაციო სასამართლოში შესაძლებელია არა მოპასუხის, არამედ მესამე პირის ჩაბმა, უკეთუ უკანასკნელი ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სასკ-ის 341.2 მუხ.), შესაბამისად, კასატორის აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2022წ. და 25.02.2022წ. განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი