საქმე №ბს-275(კს-22) 8 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ქ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ღ-ემ 2020 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 26 თებერვლის №004092 დადგენილება დემონტაჟისა და 8000 ლარის ოდენობის ჯარიმის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 7 თებერვლის №101 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ღ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქ. ღ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტ ქ. ღ-ეს (წარმომადგენელი - გ. მ-ე) სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აპელანტს დაევალა: ა) გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინებით დადგენილ ვადაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა); ბ) წარედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის გაგზავნის/ჩაბარების თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით აპელანტ ქ. ღ-ეს (წარმომადგენელი - გ. მ-ე) გაუგრძელდა 2022 წლის 20 იანვარის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 (შვიდი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა წარედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის გაგზავნის/ჩაბარების თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
2022 წლის 11 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა - გ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა 2021 წლის 3 დეკემბერს, კერძოდ - სააპელაციო საჩივარი განათავსა საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც მას არ გააჩნია, ხოლო საქალაქო სასამართლო რაიმე მტკიცებულებას სააპელაციო საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებით არ იძლევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
პალატამ განმარტა, რომ ქ. ღ-ეის წარმომადგენელს - გ. მ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 19 ნოემბერს (ს.ფ. 251). შესაბამისად, გადაწყვეტილების საპელაციო საჩივრის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 20 ნოემბერს, ხოლო ბოლო დღე იყო - 2021 წლის 3 დეკემბერი (პარასკევი). მართალია სააპელაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს 2021 წლის 3 დეკემბერს, მაგრამ საპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 6 დეკემბერს (ორშაბათი (ს.ფ. 252)). ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ საეჭვო იყო გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საკითხი, აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით ჯერ დაუდგინდა ხარვეზი ისეთი მტკიცებულების წარმოსადგენად, სადაც მითითებული იქნებოდა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის გაგზავნის/ჩაბარების თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ამავე სასამართლო 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. თუმცა აპელანტის მხრიდან რაიმე სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა სააპეალციო საჩივრის სასამართლოში 2021 წლის 3 დეკემბერს წარდგენის ფაქტს, ვერ მოხერხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. ღ-ეის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ნებისმიერი დოკუმენტის ჩაბარება ხდება სპეციალურ ყუთში მოთავსების გზით და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გაიცემა. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სპეციალურ ყუთში მოთავსების გზით 2021 წლის 3 დეკემბერს, რომელიც იყო პარასკევი. შესაბამისად, თუ პარასკევს ყუთში ჩაგდებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ რეგისტრაციაში გატარდა ორშაბათს - 6 დეკემბერს, ეს არ არის ქ. ღ-ეისა და მისი წარმომადგენლის ბრალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ქ. ღ-ეის წარმომადგენელს გ. მ-ეს ჩაბარდა 2021 წლის 19 ნოემბერს (ტ.1 ს.ფ. 251).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 20 ნოემბერს და დასრულდა 2021 წლის 3 დეკემბერს.
დადგენილია, რომ ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში რეგისტრირებულია 2021 წლის 6 დეკემბერს, 11 ფურცლად და 3 ეგზემპლიარად. ამასთან სასამართლო შტამპზე მითითებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მისაღებში შესულია ფოსტის მეშვეობით. ამ გარემოებას არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს და მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 3 დეკემბერს სასამართლოში არსებულ სპეციალურ ყუთში მოთავსების გზით.
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. N466 ბრძანებულებით) თანახმად, სასამართლოში შემოსული ყველა კორესპონდენციის მიღებას, პირველად დამუშავებას, საქმეებისა და სხვა დოკუმენტების დანიშნულებისამებრ გაგზავნას აწარმოებს კანცელარიის გამგე ან სპეციალისტი (33-ე მუხ.), რომელიც კორესპონდენციის პირველ გვერდზე, მარჯვენა კუთხეში სვამს შტამპს სარეგისტრაციო ნომრითა და შემოსვლის თარიღით (34.1 მუხ.), შემოსული დოკუმენტის რეგისტრაცია ხდება შემოსვლის დღესვე („საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 01.07.1999წ. N414 ბრძანებულების 38.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, კორესპონდენციაზე, მათ შორის წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ შტამპზე მიეთითება დოკუმენტის სასამართლოში შემოსვლის თარიღი. იმის მიუხედავად კორესპონდენცია უშუალოდ გადაეცა კანცელარიის სპეციალისტს, თუ მისი წარდგენა მოხდა კორესპონდენციებისთვის განკუთვნილი სპეციალური ყუთის მეშვეობით, დოკუმენტზე არსებულ შტამპზე მიეთითება დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის თარიღი.
განსახილველ შემთხვევაში ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივარზე ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ შტამპზე შემოსვლის თარიღად მითითებულია 06.12.2021წ., რაც ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივრის სწორედ ამ თარიღში შესვლას. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ის, რომ სააპელაციო საჩივრის შევსების თარიღად მითითებულია 03.12.2021წ., არ ადასტურებს სასამართლოში საჩივრის ამ თარიღში წარდგენას, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული თარიღი მიეთითება სააპელაციო საჩივრის შემდგენი პირის - მხარის მიერ და ობიექტურად დადასტურებად რაიმე ფაქტს არ ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული თარიღი უთითებს სააპელაციო საჩივრის შევსების და არა სასამართლოში წარდგენის დროს.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოდან ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მთავარი კონსულტანტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2022 წლის 3 ივნისის №5803790 მომართვით საკასაციო სასამართლოს ეცნობა, რომ ქ. ღ-ეის სააპელაციო საჩივარი 11 ფურცლად და 3 ეგზემპლიარად მოსამართლე ლელა მილდენბერგერის განხილვაში მყოფ საქმეზე ნომრით 3/2186-20, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრში შევიდა და დარეგისტრირდა 2021 წლის 6 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ქ. ღ-ეის წარმომადგენელს გ. მ-ეს 2021 წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2021 წლის 6 დეკემბერს, სსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 63-ე, 369-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ღ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე