გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 56დად 14 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე,
ი. ბიბილაშვილი
განიხილა ხ. სალუქვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ გ. პ-შვილს უარი ეთქვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. პ-შვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვეგანაყოფ ,,ალფას” ყოფილი მეთაური ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 65-ე და 78-ე მუხლებით, 17,67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და საბოლოოდ, სასჯელთა ერთობლიობით, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
გ. პ-შვილს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 22 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 აპრილის ¹ 340 განკარგულებით მსჯავრდებული გ. პ-შვილი შეწყალებულ იქნა და მოუხდელი სასჯელი _ 5 წელი და 5 თვე გაუნახევრდა.
2001 წლის 1 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹ 6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ გ. პ-შვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ¹ 6 დაწესებულების ადმინისტრაციის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გ. პ-შვილს უარი ეთქვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
ადვოკატი ხ. სალუქვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ გ. პ-შვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება დადებითად, გამოცხადებული აქვს მადლობები, ჰყავს უმუშევარი მეუღლე, პენსიონერი მოხუცი მშობლები, სამი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი განიცდის უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებას, მსჯავრდებულს გარდაეცვალა ძმა _ წინასწარ პატიმრობაში მყოფი თ. პ-შვილი, ოჯახისთვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა შეუძლია ერთადერთ გ. პ-შვილს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იგი შეწყალებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
პროკურორი გ. ჯ-ია არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული გ. პ-შვილი საჯელს იხდის 1995 წლის 22 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის ¹ 340 განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და მოუხდელი სასჯელი _ 5 წელი და 5 თვე გაუნახევრდა. ე.ი. გ. პ-შვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად მოსახდელი გაუხდა 7 წელი და 5 თვე. აქედან, მას 5 წელი და 8 თვე უკვე მოხდილი აქვს. ამდენად, გ. პ-შვილს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელის 3/4 მოხდილი აქვს, რაც აუცილებელი პირობაა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.
მსჯავრდებული გ. პ-შვილი ¹ 6 დაწესებულებაში სასჯელს იხდის 1999 წლის 20 ნოემბრიდან. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათების მიხედვით, იგი არის წყნარი და ზრდილობიანი, სასჯელის მოხდის პერიოდში მტკიცედ იცავს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს, ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა, ჰყავს სამი შვილი, მსჯავრდებულთა საერთო მასასთან იმყოფება კარგ ურთიერთობაში, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, იცავს რელიგიურ რიტუალებს.
მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია საატესტაციო კომისიის 2001 წლის 20 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გ. პ-შვილი დგას გამოსწორების გზაზე და ხასიათდება დადებითად. გ. პ-შვილი არის ზრდილობიანი, კეთილსინდისიერი ადამიანი, მონაწილეობას ღებულობს კოლონიის ყველა ღონისძიებაში, რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ არის და არცერთი საყვედური არა აქვს მიღებული.
მსჯავრდებულ გ. პ-შვილს ადმინისტრაციის მიერ სამჯერ გამოეცხადა მადლობა: 2000 წლის 15 ივნისს _ რელიგიურ დღესასწაულ ,,ამაღლებასთან” დაკავშირებით დაწესებულებაში მშენებარე ,,წმინდა გიორგის” ეკლესიის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის, 2000 წლის 6 ოქტომბერს _ სანიმუშო ყოფაქცევისათვის, 2000 წლის 29 დეკემბერს _ 21-ე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით.
ამასთან, გ. პ-შვილს ჰყავს უმუშევარი მეუღლე, პენსიონერი მოხუცი მშობლები, სამი მცირეწლოვანი შვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებული გ. პ-შვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე, 568-ე, 610-ე და 623-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 მაისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული გ. პ-შვილი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.