საქმე №ბს-651(კს-21) 01 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.მ-ი, ი.ლ-ი
დავის საგანი - სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.მ-მა და ი.ლ-მა 14.06.2019წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით ლ.მ-ის სასარგებლოდ - 12700 აშშ დოლარის და ი.ლ-ის სასარგებლოდ - 8025 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. ი.ლ-ის ნაწილში მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოთხოვილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ი.ლ-ის სასარგებლოდ 7982,61 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის უკანონოდ განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის გამო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12700 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის), ხოლო ი.ლ-ის სასარგებლოდ 7982,61 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) ანაზღაურება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა აგრეთვე მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1068,88 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომელიც ამავე ხელშეკრულებით გასხვისდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია, იპოთეკის რეგისტრაცია არ მომხდარა. გასესხებული თანხა კრედიტორებს არ დაბრუნებიათ. აღნიშნული თანხის გადახდევინების მიზნით დაიწყო იძულებითი აღსრულება, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მოვალის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში, ამასთანავე, იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ი.ლ-ი არის გამსესხებელი, ხოლო ლ.მ-ი - გამსესხებლის ე.მ-ის უფლებამონაცვლე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონშეუსაბამო ქმედებით - იპოთეკის რეგისტრაციის განუხორციელებლობით, მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, რაც უნდა ანაზღაურდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2021წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 22.06.2021წ. შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის მოთხოვნით. სააგენტომ მიუთითა საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (1-ლი ნაწ.), წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მე-2 ნაწ.). სააგენტომ აღნიშნა, რომ მსგავს საქმეებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის პრაქტიკა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (საქმე Nბს-297(კ-20)) და ასევე მსგავსი პრაქტიკა აქვს გაზიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმე: N3/4611-20, 3/6173-20, 3/5734-19).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს იმ არახელსაყრელი შედეგისა და ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლოს მიერ პირისთვის სასკ-ის 16.2 მუხლით განზაღვრული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მესამე პირების ინსტიტუტი წარმოადგენს სპეციფიურ პროცესულურ საშუალებას და მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეებს ადმინისტრაციულ პროცესში, თუმცა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. პალატამ აღნიშნა, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირები სარგებლობენ მხარის ყველა საპროცესო უფლებითა და მოვალეობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ პროცესში აუცილებელი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებს უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი სარჩელი, დამოუკიდებლად გაასაჩივრონ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და სხვ.. საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა მხარეს შეეზღუდოს ხსენებული მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებები ან უსაფუძვლოდ მიენიჭოს იგი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყოველ კონრეტულ შემთხვევაში ჯეროვნად შეფასდეს იმ პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რომელთა მიმართ სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე შეუძლებელია ფინანსთა სამინისტრო ამ სამართალურთიერთობის მონაწილე იყოს, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად არ მოახდენს ზემოქმედებას მის კანონით დაცულ ინტერესებზე, მის მიმართ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირებს - ი.ლ-სა და ლ.მ-ს შორის არსებული სამართალურთიერთობის მონაწილე არ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანია ზიანის ანაზღაურება. სასამართლო აფასებს პირთა მოთხოვნის საფუძვლიანობას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და არ განსაზღვრავს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, აღსრულების ეტაპზე მოპასუხისათვის შექმნილი შესაძლო სავარაუდო დაბრკოლებების ბედს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სასამართლო პრაქტიკა არაერთგვაროვანია, რადგან ზოგ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმეში ჩაბმა ხორციელდება სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში - სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე. სააგენტოს შუამდგომლობის ფორმულირება სასამართლოს არ ათავისუფლებდა ვალდებულებისაგან, რომ ემსჯელა, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის შესახებ. საკასაციო პალატამ 20.09.2018წ. Nბს-585-585(კს-18) განჩინებაში განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. პალატამ განმარტა, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე და მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად („პინი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ“, „ჰორნბსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „რომანცზიკი საფრანგეთის წინააღმდეგ“, „სკორდინო იტალიის წინააღმდეგ“, „კირტატოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, „ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ“) აღსრულების საკითხი სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლების განუყოფელი ნაწილია, გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანი უნდა იყოს, რისი უგულებელყოფაც გაუტოლდება მართლმსაჯულების ფორმალურ განხორციელებას, გადაწყვეტილების აღსრულების უფლების დარღვევას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით, მოსარჩელეთა უფლებების ეფექტური დაცვისათვის მნიშვნელოვანია საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არასწორია სასამართლოს მიერ იმ დაბრკოლებათა უგულებელყოფა, რომელიც შესაძლოა შეექმნას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ. Nბს-1170(კს-18)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (მე-16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოწვევა სავალდებულოა, თუ მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე (სუსგ 03.06.2020წ. Nბს-992(კს-20)). ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა მისი სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე. უკეთუ ფინანსთა სამინისტროს განსახილველ დავაში აქვს დამოუკიდებელი, არსებითი სამართლებრივი ინტერესი, რაც შესაძლოა გამხადარიყო დავაში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 12.02.2015წ. Nბს-145-138(კ-13)).
კერძო საჩივრის ავტორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე არის ყურადღება გამახვილებული, არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა ადასტურებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს და ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 27.12.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“, §42), თუმცა ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა, მისი სავალდებულოობა, გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ მხარის დაცვის ღირსი ინტერესი არ ასაბუთებს საქმეში მესამე პირად ყველა იმ სუბიექტის ჩართვის საჭიროებას, რომელსაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღსრულების პროცესთან და მოქმედებდეს გადაწყვეტილების წარმატებით აღსრულების მიზნით. აღსრულება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ერთგვარი პროცედურული გაგრძელებაა, თუმცა ეროვნული სამართლის გაგებით დამოუკიდებელ წარმოებას ქმნის. სასამართლოს მიერ დავის არსებითად განხილვისას დგინდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების არსებობა, რის საფუძველზეც მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა აღსასრულებლად. საპროცესო კანონმდებლობა დავაში მესამე პირად ჩართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან პირის კავშირის გათვალისწინებით, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს ადგენს (1.1 მუხ.) და არა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სარჩელი ემსახურება მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების რეალიზაციაში მდგომარეობს (სუსგ 27.12.2019წ. №ბს-764-764(2კს-18)). შესაბამისად, როდესაც სასკ-ის 16.2 მუხლში მითითება ხდება სამართალურთიერთობის მონაწილე პირის საქმეში ჩართვის საჭიროებაზე, აღნიშნულ სამართალურთიერთობაში სწორედ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა იგულისხმება, რომლის შედეგიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება. სააღსრულებო წარმოება, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებული ქმედებები აღარ არის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ნაწილი. სააღსრულებო წარმოება არსობრივად საპროცესო წარმოებას ემსგავსება, იგი მართალია ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზებას, თუმცა არ არის ამ ურთიერთობის ნაწილი, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მონაწილეობის საფუძვლით სუბიექტის სასამართლო წარმოებაში ჩართვა სასკ-ის 16.2 მუხლზე მითითებით, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის იპოთეკის რეგისტრაციის უკანონოდ განუხორციელებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალური სამართალურთიერთობის განვითარების არც ერთ ეტაპზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეებთან, მოპასუხესთან, მათ ქმედებებთან თუ დამდგარ შედეგებთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია. ამდენად, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, დავაში მისი მესამე პირად ჩართვა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე გამოირიცხება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააგენტოს მოთხოვნის ფორმულირების მიუხედავად, სააპელაციო პალატას თავად უნდა ემსჯელა სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმეში ჩაბმის თაობაზე და რადგან აღნიშნული არ განუხორციელებია, ამიტომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა შეიცავდა მოთხოვნას საქმეში ფინანსთა სამინისტროს სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმის შესახებ. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ დასკვნას. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ პალატამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის ფარგლებში განჩინება მიიღო სწორედ სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინიტროს დავაში ჩართვასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშესაბამისობას, განჩინებით დამდგარი შედეგის სისწორეს. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობისა და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შეადგენს მხოლოდ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 16.1 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირი არ არის სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითება სუსგ 20.09.2018წ. Nბს-585-585(კს-18) განჩინებაზე არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას. საკასაციო პალატის მითითებულ განჩინებაში მართალია აღნიშნულია, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა იმ კონტექსტში, რომ საქმეში არასავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩართული პირი, რომელიც რეალურად სავალდებულო მოწვევის მესამე პირია, არ უნდა დარჩეს სათანადო დაცვის გარეშე, ასეთ დროს ზედა ინსტანციის სასამართლო ვალდებულია ისმჯელოს მესამე პირის სტატუსზე, რათა არსობრივად სავალდებულო მოწვევის მესამე პირს არ შეეზღუდოს თავისი საპროცესო უფლებები ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში მისი არასწორი საფუძვლით არასავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის გამო. ამდენად, მითითებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა არ არის განსახილველი დავისთვის რელევანტური, რადგან სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივი პრობლემატიკა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითება საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე აგრეთვე არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან როგორც აღინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის განსახილველი სამართალურთიერთობის მონაწილე. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენას საჭიროებს საჯარო რეესტრის მმართველობითი ღონისძიებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. არ იკვეთება აღნიშნულ მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით ფინანსთა სამინისტროს რაიმე ინტერესის არსებობა. ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწიოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურების განხორციელება, არ აფუძნებს დავის მიმართ მის დაცვის ღირს კანონიერ ინტერესს. სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძვლიანობა და განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები. რა მექანიზმის და საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოფს მოპასუხე გადაწყვეტილების აღსრულებას, არ არის განსახილველი დავისათვის რელევანტური. ამასთანავე, უკეთუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება, დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების განხორციელება, მას შეუძლია გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და იშუამდგომლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დადგენის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმეში მესამე პირის ჩართვას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დაცულ იქნეს მოსარჩელის ინტერესი და არ გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ როდესაც თავად მოსარჩელე აღნიშნული საფრთხის შესახებ არ უთითებს და არც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს. მოპასუხის საპროცესო უფლებამოსილების ფარგლებში არ შედის მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსასრულების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არაერთი საქმის განხილვისას (სუსგ 16.09.2021წ. Nბს-477(კ-21), 16.09.2021წ. Nბს-147(კ-21), 21.10.2021წ. Nბს-1017(კ-20), 30.11.2021წ. Nბს-1217(კ-20)), სადაც დავის საგანი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, საკასაციო პალატამ ცალსახად განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეს, რის გამო არ უნდა მომხდარიყო საქმეში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმა, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ფინანსთა სამინისტროს ჩაბმასთან დაკავშირებით. ამდენად, აღნიშნული მიმართულებით არსებობს საკასაციო პალატის ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძო საჩივრის ავტორის მითითება საკასაციო პალატის 21.10.2020წ. Nბს-297(კ-20) განჩინებაზე ასევე არ ასაბუთებს საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგან მითითებული განჩინებით საკასაციო პალატამ დაუშვებლად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს რაიმე მსჯელობას საქმეში ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით. განჩინების აღწერილობითი ნაწილიდან დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, თუმცა საქმეში ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩართვა უზრუნველყო თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამავე დროს ჩართვის საფუძველი იყო სასკ-ის 16.1 და არა 16.2 მუხლი. საკასაციო პალატის მიერ შემოწმდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, პალატა ვერ იმსჯელებდა საქმეში ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის შესახებ საქალაქო სასამართლოს განჩინების მართებულობის საკითხზე. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ახდენენ საქმეში მესამე პირის სტატუსით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ზოგადად არ არის გამორიცხული დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩართვის შესაძლებლობა, უკეთუ ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების არსებობა დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში ასეთი წინაპირობები არ არის სახეზე. ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებები და პრაქტიკა არ არის განმსაზღვრელი საკასაციო პალატისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმეების დავის საგნის გათვალისწინებით, უმრავლესობა მათგანზე მისაღებმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვაზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში ადმინისტრაციული დავების აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭირო გახდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა, რაც გამოიწვევს, როგორც სასამართლოს, ასევე სამინისტროს რესურსის გაუმართლებელ ხარჯვას, რაც არ შეადგენს საჯარო ინტერესს. მსგავს დავებში, სადაც ფინანსთა სამინისტროს რაიმე შემხებლობა არ აქვს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობასთან, სამინისტროს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქმეში ჩართვა მოკლებულია რაიმე დასაბუთებას. საქმეში სამინისტროს ჩართვის შემთხვევაშიც კი, არ იკვეთება მისი ინფორმირების გარდა სხვა რაიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რადგან სამინისტროს არ აქვს რაიმე პირადი ინტერესი სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, მისი მონაწილეობა დავის განხილვაში არ მოახდენს რაიმე გავლენას მის უფლებებზე, არ უზრუნველყოფს საქმის გარემოებების უკეთ გამორკვევას და სხვ., ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საქმეში ჩართვის წინაპირობების არსებობას. ფინანსთა სამინისტროს უფლება-მოვალეობანი საბიუჯეტო პროცესის მიმართ თავისათავად არ წარმოშობს უშუალოდ მის ვალდებულებას შესრულებაზე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას შესაძლოა დაეკისროს აღსრულების პროცესის გარკვეული ნაწილის განხორციელება, თუმცა მისი ეს ვალდებულება ეფუძნება ნორმატიულ მოწესრიგებას და არა რომელიმე სასამართლო დავის შედეგს. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით წყდება კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი უფლების ბედი, თუმცა მისი აღსრულების პროცედურა ნორმატიულად არის დადგენილი. სწორედ ეს ნორმატიული მოწესრიგება წარმოშობს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებას და არა სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისი ნორმებით დგინდება. ამდენად, სასამართლოში მიმდინარე დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის საჭიროება არ არის დასაბუთებული, მას არ აქვს რაიმე დამოუკიდებელი ინტერესი, რომლის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს დავაში სუბიექტის მესამე პირად ჩაბმა.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (1-ლი ნაწ.), სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს (მე-2 ნაწ.). ამასთანავე, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით (მე-3 ნაწ.), რომლის მიღება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ (საბიუჯეტო კოდექსის 39.8 მუხ.). ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, დავაში საჭირო გახდება აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ჩაბმაც, რადგან ბიუჯეტის ფორმირება, დამტკიცება, გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფა მათი მონაწილეობით ხდება. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს დავაში ჩასართველ პირთა წრის ხელოვნური გაფართოება, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების დაუსაბუთებელი გადატვირთვა და დავის განხილვაში სავალდებულო წესით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს არა დავის შედეგებთან თუ აღსრულების პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან სასამართლოში განსახილველი მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილეები და გააჩნიათ დავის მიმართ არა უბრალოდ ინტერესი, არამედ სახელდობრ სამართლებრივი ინტერესი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განისაზღვრა საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის ჩაბმის კონკრეტული წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი