№ბს-746(კ-20) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ე-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 ივნისს ნ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 19 თებერვლის №06/07-09-02422-010/003 აქტისა და აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 8 მაისის №34916 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. ე-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2007 წლის 10 აპრილის №1/466 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 19 თებერვლის №06/07-09-02422-010/003 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 8 მაისის №34916 აქტი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნ. ე-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2007 წლის 10 აპრილის №1/466 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. ე-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 10 აპრილს. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს. სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არ იყო აღსრულებული.
2019 წლის 8 თებერვალს ნ. ე-მა მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა მის მიმართ წარმოებული სააღსრულებო საქმის შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების (განაჩენის) აღსრულების ხანდაზმულობაზე მითითებით, რაზეც მას უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის კოდექსით და არა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი დანაწესით, რომელიც სპეციალური ნორმაა და პირდაპირ და უშუალოდ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის წესს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით და არ გააჩნია მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ნ. ე-ისათვის მოპასუხის მიერ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ. ე-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 10 აპრილს. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს. სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არ იყო აღსრულებული.
2019 წლის 8 თებერვალს ნ. ე-მა მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა მის მიმართ წარმოებული სააღსრულებო საქმის შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების (განაჩენის) აღსრულების ხანდაზმულობაზე მითითებით, რაზეც მას უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1070(კ-20) განჩინებაზე (24.02.22წ.), სადაც განიმარტა შემდეგი - „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამნაშავე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79.2. მუხლით, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლა, გულისხმობს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის გამორიცხვას და ანიჭებს უფლებას უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის გათავისუფლება დაკისრებული სასჯელისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის (lex specialis) საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ხანდაზმულობის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამნაშავე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.“
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენის შესაბამისად, გარდა ძირითადი სასჯელისა, მსჯავრდებულ ნ. ე-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაზედაც გორის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 10 აპრილს გასცა სააღსრულებო ფურცელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებული სააღსრულებო ფურცელის აღსრულების მიზნით, 2007 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ბიუროში არ არის დასრულებული. სადავო არ არის, რომ ნ. ე-ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს.
ამასთან, ვინაიდან, ნ. ე-ი თავისუფლდება გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან ხანდაზმულობის გამო, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, 2007 წლის 10 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელზე აღსრულების შეწყვეტაზე (დამატებითი სასჯელის დაკისრების ნაწილში) უარი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03163 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №30077315.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.20წ. №03163 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი