№ბს-52(კ-22) 11 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 21 ოქტომბერს მ. ზ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.
სარჩელის თანახმად, მ. ზ-იმა 2019 წლის 12 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა კასპში, სოფელ ...ში მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ქონების (805 კვ.მ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ დადგინდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან, მას 2019 წლის 16 აგვისტოს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივიდან, რომლის თანახმად, მის სახელზე ირიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი. 2019 წლის 13 სექტემბერს მას კვლავ შეუჩერდა სარეგისტაციო წარმოება, რადგან ითხოვა დადგენილ ნორმაზე 1% მეტი ფართობის დარეგისტრირება, აგრეთვე დ. ზ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დ. ზ-იმა უკანონოდ დაირეგისტრირა უძრავი ქონება, რომელიც მის მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა. სააგენტომ არ გამოიკვლია სრულყოფილად გარემოებები და არ შეამოწმა მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლის იდენტურობა. ამის გამო მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ზ-ი.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გ. მ.-ის ძე ზ-იმა 1968 წლის 6 აპრილს შეისყიდა კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის პასპორტის მონაცემებით 1987 წლის აპრილის თვეში აღირიცხა მასზე და რომელიც შემდგომ 1991 წლის 20 დეკემბრის ანდერძის საფუძველზე, 1992 წლის 18 ივნისის №6-590 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით თანაბარწილად მემკვიდრეობით მიიღეს ა. გ.-ის ძე და მ. გ.-ის ასული ზ-იებმა. სწორედ აღნიშნული ქონება წარმოადგენს სისტემური აღრიცხვის დაუზუსტებელი და დაურეგისტრირებელი მონაცემებით №... საკადასტრო კოდით ა. ზ-ის სახელზე აღრიცხულ, ხოლო დღეის მდგომარეობით №... საკადასტრო კოდით ა. გ.-ის ძე ზ-ის მემკვიდრის - დ. ზ-ის სახელზე რეგისტრირებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს. თუმცა ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოება ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული და ეს მაშინ, როცა ერთი მხრივ, 1987 წლის აპრილის თვეში შედგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის პასპორტის მონაცემებით (მიწის ნაკვეთის გეგმა) დასტურდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, თავად მესამე პირმა არ უარყო და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მათი იდენტურობა. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს, განისაზღვროს იმ პირთა წრე, რომლებსაც გააჩნიათ საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე და არა ის, ფორმალური კუთხით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის №... (13.11.2017წ.) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები კანონიერად იქნა მიღებული თუ არა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
მოსარჩელე მოთხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... და 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 18 ოქტომბერს დ. ზ-ის წარმომადგენელმა ზ. ჯ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 841 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, ა. ზ-ის გარდაცვალების მოწმობა, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 170503521, თარიღი: 11.05.2017, ნოტარიუსი: მ. გ-ე), ამასთან, დამატებით მიუთითა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ დოკუმენტაციაზე (ს. ფ. 117-126; 127-140); ბ) 2017 წლის 24 ოქტომბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ იყო წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 ოქტომბრის №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, ა. ზ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 1986-2007 წლამდე მდგომარეობით. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების განახლება გადაიდო 2017 წლის 24 ოქტომბრის №... მიმართვაზე პასუხის მიღებამდე (ს. ფ. 141); გ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №39/174428 საარქივო ცნობაში (თარიღი: 07.11.2017) აღნიშნულია შემდეგი: „კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლების 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ა. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის). კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლებში არ ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ფართობი. ...ის თემის საკრებულოს გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ა. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერების წლები მითითებული არ არის). კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ...ის თემის საკრებულოს, სოფელ ...ის 1992-1994 წლებით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში, 1995-1996 წლებით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით, სოფელ ...ის სიაში, ...ის თემის საკრებულოს 1993 წლით დათარიღებულ მიწების პრივატიზაციის აღრიცხვის ჟურნალებსა და ...ის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიაში (სია დათარიღებული არ არის) ჩანაწერი ა. გ.-ის ძე ზ-ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა. ხოლო, სოფელ ...ის 2007 წლის დოკუმენტები არ შემოსულა დაცვაზე კასპის ადგილობრივ არქივში“ (ს.ფ. 143-148); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 841 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა დ. ზ-ის საკუთრების უფლება, ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №39/174428 (07.11.2017 წ.) საარქივო ცნობა და სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 170833629, რეგისტრაციის თარიღი: 24.07.2017 წ., ნოტარიუსი: რ. ზ-ი)). ასევე, მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (ს. ფ. 149-152); ე) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების მიხედვით აღრიცხულია ა. ზ-იზე (ს. ფ. 283); ვ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 2 სექტემბრის №39/98921 საარქივო ცნობაში აღნიშნულია შემდეგი: „კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლების 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება მ. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის).1986-1990 წლებში ინფორმაცია საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის შესახებ არ ფიქსირდება. ...ის თემის საკრებულოს გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება მ. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 15 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 0,15 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერების წლები მითითებული არ არის). ...ის თემის საკრებულოს 1993 წლით დათარიღებულ მიწების პრივატიზაციის აღრიცხვის ჟურნალით მ. ზ-ის პირად საკუთრებაში ერიცხება (ჩანაწერი ასეა დოკუმენტში) 0,25 ჰა მიწის ფართობი(დოკუმენტი ხემოწერილია ბეჭდის გარეშე). სოფელ ...ის 1992-1994 წლებით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში, 1995-1996 წლებით დათარიღებული მიწის ნაკევთების განაწილების სიით, სოფლების ...ის, ...ს, ...სა და ...ის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიაში (სია დათარიღებული არ არის) ჩანაწერი მ. გ.-ის ასული ზ-იის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო, სოფელ ...ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები და 2007 წლის დოკუმენტები არ შემოსულა დაცვაზე კასპის ადგილობრივ არქივში“ (ს. ფ. 92-97); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილის და 185–ე მუხლის შესაბამისად, მ. ზ-ის წარმომადგენელს - ზ. მ-ის უარი ეთქვა №425511/17 (16.09.2019) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომელიც შეეხებოდა რეგისტრაციის შესახებ №... (13.11.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (ს. ფ. 106-113); თ) გ. მ.-ის ძე ზ-იის 1991 წელს შედგენილი ანდერძის მიხედვით, კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ქონება თანაბარი წილის უფლებით ეანდერძა შვილებს, ა. გ.-ის ძე ზ-ის და მ. გ.-ის ასულ ზ-ის. 1992 წლის 18 ივნისს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიხედვით, გ. მ.-ის ძე ზ-იის ანდერძის თანახმად, მემკვიდრეებად ანდერძში ნაჩვენებ ქონებაზე ცნობილი არიან ა. გ.-ის ძე ზ-ი და მ. გ.-ის ასულ ზ-ი. სამკვიდრო ქონებად მითითებულია საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანი, საცხოვრებელი ფართი 20 კვ.მ საერთო ფართი 30 კვ.მ დამხმარე ფართი 10 კვ.მ. 1968 წლის 6 აპრილს შედგენილი მორიგების აქტით გ. მ.-ის ძე ზ-იმა შეისყიდა კასპის რაიონ სოფელ ...ში, საცხოვრებელის სახლი 2-ოთახი, თავისი ეზოთი. 1987 წელს საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მონაცემების მიხედვით აღრიცხულია გ. მ.-ის ძე ზ-იზე, კასპის რაიონ სოფელ ...ში (ს.ფ. 232-234, 235-238, 239, 269-271).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სადავო უძრავი ქონების დ. ზ-ის სახელზე აღრიცხვის საფუძველია (უფლების დამდგენი დოკუმენტები) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №39/174428 (07.11.2017 წ.) საარქივო ცნობა და სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 170833629, რეგისტრაციის თარიღი: 24.07.2017 წ., ნოტარიუსი: რ. ზ-ი)). სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, დ. ზ-ი წარმოადგენს ა. ზ-ის I რიგი კანონისმიერ მემკვიდრეს (შვილს), რომელმაც მამკვიდრებლის (მამის) ა. ზ-ის დანაშთი ქონება მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით (ს.ფ. 129-132). რაც შეეხება სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის 07.11.2017 წლის №39/174428 საარქივო ცნობას, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კასპის ადგილობრივ არქივში დაცული, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლების 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ა. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის). კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლებში არ ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ფართობი. ...ის თემის საკრებულოს გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ა. ზ-ი (მამის სახელი მითითებული არ არის). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 20 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ფართობი (ჩანაწერების წლები მითითებული არ არის). ამდენად, დ. ზ-იმა, როგორც ა. ზ-ის მემკვიდრემ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სწორედ ის უძრავი ქონება (ს/კ №...), რომელიც მამკვიდრებლის - ა. ზ-ის სახელზე ირიცხებოდა.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სისტემური აღრიცხვის გრაფიკულ მონაცემებზე, ამ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმასა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან არ არსებობდა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის მიმართვის აუცილებლობა, ვინაიდან ა. ზ-ის სახელზე კონკრეტული მიწის ნაკვეთის სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემები ემთხვეოდა საკომლო წიგნის ჩანაწერში მითითებულ ფართს და სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ მდებარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობა საბოლოოდ ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხსენებული დოკუმენტები მიეჩნია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებადამდგენ იმ დოკუმენტებად, რომლითაც შესაძლებელი იყო მოთხოვნილი უძრავი ქონების მდებარეობის განსაზღვრა და ამის შემდეგ დ. ზ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირება.
ამდენად, მიუხედავად მოსარჩელის მითითებისა, რომ მას სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას წარმოუშობს ანდერძი და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1986-1995 წლის საკომლო წიგნების ჩანაწერები (რომლის მიხედვითაც, მ. ზ-ის სახელზე ასევე რიცხულია უძრავი ქონება კასპის რ/ნი, სოფ. ...), პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები ვერ განაპირობებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რამეთუ კონკრეტულ უძრავ ნივთზე დ. ზ-ის უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე. რეგისტრაციის პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებები (ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა საჭირო ინფორმაცია) მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციული აქტი მიღებულ იქნა სრულყოფილი და ობიექტური ადმინისტრაციული წარმოების შედეგად.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს, რომ სასამართლოს კომპეტენციის არსებობა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, შეისწავლოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, თუმცა საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (რომელზედაც შეტანილ იქნა საჩივარი) კანონიერება და დაადგინა რა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზანს პირველადი რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა, მოცემული მომენტისთვის აღარ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე არც გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საჭიროება, რამეთუ ამ აქტის ბათილად ცნობა ვერ განაპირობებს მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის დადგომას და ფაქტობრივად ვერ გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 17.02.2022წ. №12635644502 საგადახდო დავალებით ზ. მ-იის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ზ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. მ. ზ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.02.2022წ. №12635644502 საგადახდო დავალებით ზ. მ-იის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე