№ბს-709(2კ-20) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 ივლისს ბ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 13 დეკემბრის №05/2740 მიმართვის თანდართული მიწის ნაკვეთთა სიის №117 ნაწილში ბათილად ცნობა, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოპასუხეებისათვის საზღვრების კორექტირებისა და ბ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ს. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილება კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) საზღვრების კორექტირების შესახებ, ბ. ხ-ის მიერ 2016 წლის 14 სექტემბრის №... განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1992 წლის 6 ოქტომბრის №17 „ხ“ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, რასაც არც მხარეები არ ხდიან სადავოდ, ...ის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...აში.
2016 წლის 10 აგვისტოს ბ. ხ-ის წარმომადგენელმა ვ. ო-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელი ...ი, ...ში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
2017 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელსაც გადაუგზავნა №... სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ბ. ხ-ის მიერ წარდგენილი, შ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 „ხ“ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია.
2018 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც გადაუგზავნა ბ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა, ვინაიდან, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ №....
2018 წლის 19 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) კორექტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული წერილის პასუხად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №... წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ბ. ხ-ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვინაიდან №... საკადასტრო ერთეულზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა მიჩნეული და დარეგისტრირდა გადაფარვის გარეშე, მისი საზღვრების კორექტირება სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის არსებითი გარემოებების არასათანადო გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე და მიუთითა უდავოდ დადასტურებულ იმ გარემოებებზე, რომ 1992 წლის 6 ოქტომბრის №17 „ხ“ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ...ის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...აში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილების შესაბამისად, ბ. ხ-ის მიერ წარდგენილი, შ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 „ხ“ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია. საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ. ხ-ის, გ. ხ-ის და ნ. მ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბ. ხ-ი 1992 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 851 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სოფელი ...ი, ...ი (ნაკვეთი ...). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ თავადვე სთხოვა საჯარო რეესტრს ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) კორექტირების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ბ. ხ-ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ამის მიუხედავად მაინც არ მიიჩნია მიზანშეწონილად საზღვრების კორექტირება, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უგულებელყო ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება და სადავო გადაწყვეტილების გამოცემით შეზღუდა მოსარჩელე ბ. ხ-ის საკუთრების უფლება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით და რისი აუცილებლობაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია მის მიერ გამოცემულ სადავო აქტში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ფუნქცია იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება ამავე ნორმით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო და არა ვალდებული მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების თაობაზე და მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული პირობების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრცაიულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ში არსებული 851 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებეული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.
კასატორების მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების კორექტირებისას, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს ქალაქთბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი:ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა.
კასატორები მიუთითებენ რომ მართალია სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება მხოლოდ აღნიშნული დებულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კორექტირება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.
კასატორების მითითებით, არსებული მტკიცებულებების თანახმად, გარდა იმისა, რომ ბ. ხ-ის მიერ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში არ იქნა წარდგენილი დებულებით იმპერატიულად განსაზღვრული დოკუმენტები მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია არ წარმოადგენს ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებას, კერძოდ, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებიდან დგინდება, მხარის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლი (დედნის ნაცვლად) და ასევე მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.
შესაბამისად, კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო მიწის მესაკუთრე გახდა კანონმდებლბის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოში დავის საგანს „კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერების და კორექტირების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 1992 წლის 06 ოქტომბრის №17 „ხ“ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ...ის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ შ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა 0,13 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში, 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...ში და 0,15 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ...აში.
2016 წლის 10 აგვისტოს ბ. ხ-ის წარმომადგენელმა ვ. ო-მა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელი ...ი, ...ში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.
2017 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომელსაც გადაუგზავნა №... სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 მარტის №... გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ბ. ხ-ის მიერ წარდგენილი, შ. ხ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის №17 „ხ“ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იდენტურია.
2018 წლის 12 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... წერილით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც გადაუგზავნა ბ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ: №....
2018 წლის 19 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ №... წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) კორექტირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ბ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აღნიშნული წერილის პასუხად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის №... წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ბ. ხ-ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №... გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საზღვრების კორექტირება სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ)ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება(ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო გამოსცემს შესაბამის გადაწყვეტილებას საზღვრების შეცვლის-კორექტირების შესახებ (ფართობის შემცირებით), თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. ამავე დროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს კანონით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული პირობების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნის (საზღვრების კორექტირების) დაკმაყოფილების შესახებ და აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ თავადვე სთხოვა საჯარო რეესტრს ეცნობებინა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №...) კორექტირების შემთხვევაში შეძლებდა თუ არა ბ. ხ-ი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ამის მიუხედავად მან მაინც არ მიიჩნია მიზანშეწონილად საზღვრების კორექტირება, რითაც უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეზღუდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს- წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.06.20წ. №01640 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარისოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს 17.06.20წ. №01640 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის - 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი