Facebook Twitter

საქმე #ბს-1074(კს-21) 9 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მესამე პირები) – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოსარჩელე – ბმა „ზ...“

მესამე პირები – 1. შპს „ს...ი“; 2. შპს „...ე“

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 მარტს ბმა „ზ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის #2538331 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის #4325483 ბრძანებისა და ბმა „ზ...-ის“ თავმჯდომარის - თ. ფ-ის წარმომადგენლის - ზ. ვ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის #270 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის 13 მარტს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის #2538331 და 2018 წლის 31 დეკემბრის #4325483 ბრძანებების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ზ...“-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის #2538331 და 2018 წლის 31 დეკემბრის #4325483 ბრძანებების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...ი“ (ს/კ ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ე“ (ს/კ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბმა „ზ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ...-მა“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ მოთხოვნის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მიხედვით, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა - ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს, გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სასამართლოში მესამე პირების მარტივი მოწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მოწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მიწვევის მომენტში არსებობდეს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ან ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან იმყოფება ისეთ მიმართებაში, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა მესამე პირის „ჩვეულებრივი“ მოწვევის წინაპირობები, გადაწყვეტილებას საქმეში მათი ჩაბმის თაობაზე სასამართლო იღებს თავისი შეხედულებით. სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, საქმეში ჩააბას „ჩვეულებრივი“ მოწვევის მესამე პირები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც ბმა „...“ და ბმა „ვ...“ განსახილველ საქმეში წარმოადგენდნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ისინი ვერ ისარგებლებდნენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით. შესაბამისად, ბმა „...-ისა“ და ბმა „ვ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ბმა „...-ისა“ და ბმა „ვ...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც ისევე მდებარეობს სადავო მშენებლობის მიმდებარედ, როგორც ამ საქმეში მოსარჩელე - ბმა „ზ...-ის“ უძრავი ქონება. თუკი ბმა „...“ და ბმა „ვ...“ მიიჩნევდნენ, რომ ირღვეოდა მათი უფლება მოცემული მშენებლობის წარმოებით, მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის სარჩელით აღნიშნულის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ დისპოზიციურობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც განსახილველ საქმეში ბმა „...“ და ბმა „ვ...“ წარმოადგენენ მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებს და სარჩელის გარეშე ისინი ვერ იქნებიან ამგვარ დავაში სამართალურთიერთობის მონაწილეები, მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის არც ერთი მუხლი არ უკრძალავს მესამე პირს სააპელაციო საჩივრის წარდგენას.

კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ეს შესაძლებელია სასამართლოს სხდომის დამთავრებამდე (ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირები). სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი მოწვევის მიზანია, დაიცვას, პირველ რიგში, უშუალოდ ამ პირთა ინტერესები, რომელთაც შესაძლოა შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, მესამე პირთა მოწვევას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მოსარჩელის ან მოპასუხის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. ამასთან, ამ გზით შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული სამომავლო სასამართლო დავები.

კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მესამე პირების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მიწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. არ არის სავალდებულო, რომ მესამე პირის უფლებებს ნამდვილად შეეხოს გადაწყვეტილება. საკმარისია, მესამე პირის მოწვევის მომენტში არსებობდეს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამასთან, ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი გადაწყდებოდა კერძო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ მარტივი ფორმით საქმეში ჩაბმული მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მისი სტატუსის განსაზღვრის კანონიერება და გასაჩივრების გზით მოითხოვოს სტატუსის შეცვლა სავალდებულო (აუცილებელი) ფორმით ჩასაბმელ მესამე პირად. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირს თავად არ აქვს ბერკეტი, გაასაჩივროს განჩინება მისი მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, სწორედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, ასეთი მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ ასევე შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის მართლზომიერებაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიცაა, თავადვე განუსაზღვროს მას სავალდებულო ფორმით ჩასაბმელი მესამე პირის სტატუსი და, შესაბამისად, მიანიჭოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, მიუხედავად კერძო საჩივრის ავტორთა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად მოწვევისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეეძლო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბმა „...-ისა“ და ბმა „ვ...-ის“ საქმეში მარტივი ფორმის მესამე პირებად მოწვევა მართებული იყო, საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, მათ არ გააჩნდათ გასაჩივრების უფლებამოსილება, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის #2538331 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ას ...ი, III კვარტალი, კორპუსი #16-ის მიმდებარე ტერიტორია; ქალაქი თბილისი, ...ი ...ა, კვარტალი III, კორპუსი #16-ის მიმდებარე ტერიტორია; ქალაქი თბილისი, ...ი ...ა, კვარტალი III, კორპუსი #16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. ...; ს.კ. ...; ს.კ. ...) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის #4325483 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ას ...ი, III კვარტალი, კორპუსი #16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) გაცემულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბმა „ზ...-ის“ სარჩელით მოთხოვნილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბმა „...-ისა“ და ბმა „ვ...-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც ისევე მდებარეობს სადავო მშენებლობის მიმდებარედ, როგორც ამ საქმეში მოსარჩელე ბმა „ზ...-ის“ უძრავი ქონება. თუმცა განსხვავებით ბმა „ზ...-ისაგან“, რომელმაც სასარჩელო წარმოების წესით სადავო გახადა ზემოხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძო საჩივრის ავტორებს არ გამოუყენებიათ მათთვის საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული სასამართლოსათვის მიმართვის პროცესუალური უფლება და არ მოუთხოვიათ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ თუკი ბმა „...“ და ბმა „ვ...“ მიიჩნევენ, რომ ირღვევა მათი უფლება მოცემული მშენებლობის წარმოებით, მათ შეეძლოთ სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ გაეხადათ მშენებლობის უფლების დამდგენი აქტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპით განმტკიცებულია მხარეთა საპროცესო თავისუფლება, თავიანთი ნების შესაბამისად განკარგონ საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებები. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორები იმყოფებიან ბმა „ზ...-ის“ მსგავს ფაქტობრივ მდგომარეობაში, კერძოდ, ბმა „...-ისა“ და ბმა „ვ...-ის“ უძრავი ქონებაც ასევე იმყოფება სადავო მშენებლობის მიმდებარედ, თუმცა მათ არ უსარგებლიათ მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილებით და სასამართლოსათვის არ მიუმართავთ სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქმეში ჩაბმისათვის განმსაზღვრელია სამართალურთიერთობაში მონაწილეობა. სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტს, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ შპს „ს...ი“ წარმოადგენს, რამდენადაც გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატი სწორედ ხსენებული იურიდიული პირია, უფრო კონკრეტულად, სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოთა და შპს „ს...ის“ შორის არსებულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით არის გამოცემული.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კერძო საჩივრის ავტორები წარმოდგენილ კერძო საჩივარში აღნიშნავენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის არც ერთი მუხლი არ უკრძალავს მესამე პირს სააპელაციო საჩივრის წარდგენას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სავალდებულო მოწვევის) მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, ხოლო ამგვარ დათქმას მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებთან მიმართებით (სასკ-ის 16.1 მუხლი) საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეში ბმა „...“ და ბმა „ვ...“ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებს და სარჩელის გარეშე ისინი ვერ იქნებიან ამგვარ დავაში სამართალურთიერთობის მონაწილეები, მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და იგი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ კერძო საჩივარზე ზ. ვ-ს (პ/ნ ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-სა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ს“ უნდა დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე ზ. ვ-ის (პ/ნ ...) მიერ 01.04.2022წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ტერმინალის ნომერი: ...) ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-სა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ს“ დაუბრუნდეთ კერძო საჩივარზე ზ. ვ-ის (პ/ნ ...) მიერ 01.04.2022წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ტერმინალის ნომერი: ...) ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა